„თალიბანმა“ პანჯშირის ხეობაზე სრული კონტროლის დამყარება გამოაცხადა

„თალიბანმა“ პანჯშირის ხეობაზე სრული კონტროლის დამყარება გამოაცხადა

რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა პანჯშირის ხეობაზე სრული კონტროლის დამყარება გამოაცხადა.

„პანჯშირის პროვინცია მთლიანად გადავიდა ავღანეთის ისლამური საამიროს კონტროლის ქვეშ. ამ გამარჯვებითა და უახლესი ძალისხმევით ჩვენი ქვეყანა ომის მორევიდან გამოვიდა და ჩვენს ხალხს ბედნიერი და მშვიდობიანი ცხოვრება ექნება“, - აღნიშნა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა.

„თალიბანში“ აცხადებენ, რომ პანჯშირის მოსახლეობა, რომელიც ეთნიკურად განსხვავდება პუშტუნებით დომინირებული „თალიბანისგან“, დისკრიმინირებული არ იქნება.

„ისინი ჩვენი ძმები არიან და ერთად ვიმუშავებთ ქვეყნის კეთილდღეობისთვის“, - განაცხადა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა.

თავის მხრივ, ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობა თალიბების ინფორმაციას არ ადასტურებს და ამტკიცებს, რომ რამდენიმე რაიონზე „თალიბანმა“ კონტროლი დაკარგა.