იაპონიის პრემიერ-მინისტრის, იოშიჰიდე სუგას განცხადებით, სექტემბრის არჩევნებზე პარტიის ლიდერის კანდიდატად არ წარდგება, - ამის შესახებ BBC წერს.
სუგას ამ გადაწყვეტილებას წინ მისი რეიტინგის რეკორდულად დაცემა უძღოდა. მოსახლეობა პრემიერს, პანდემიის პირობებში, ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის გამო აკრიტიკებდა.
„დღევანდელ სამთავრობო სხდომაზე, ბატონმა სუგამ თქვა, რომ მას სურს, ძალისხმევა კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებებისკენ მიმართოს და პარტიის ლიდერის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს“, - განაცხადა ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის გენერალურმა მდივანმა.
იოშიჰიდე სუგა იაპონიის პრემიერის თანამდებობას 2020 წლის სექტემბრიდან იკავებს. იქამდე, ის მსახურობდა იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალურ მდივნად (2012-2020 წლებში). ასევე, იკავებდა იაპონიის შინაგან საქმეთა და კომუნიკაციის მინისტრის თანამდებობას (2006-2007 წლებში).
იაპონია ჯერ კიდევ კორონავირუსით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის პირობებშია.