აშშ-ისა და უკრაინის ერთობლივი განცხადება: აშშ უკრაინასთან ერთად მუშაობას გააგრძელებს იმისთვის, რომ რუსეთმა პასუხი აგოს თავისი აგრესიისთვის

აშშ-ისა და უკრაინის ერთობლივი განცხადება: აშშ უკრაინასთან ერთად მუშაობას გააგრძელებს იმისთვის, რომ რუსეთმა პასუხი აგოს თავისი აგრესიისთვის

აშშ და უკრაინა განაგრძობენ მუშაობას, რათა რუსეთს აგრესიისთვის პასუხი აგებინონ. ამის შესახებ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ აშშ-ისა და უკრაინის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

„21-ე საუკუნეში დაუშვებელია, რომ სახელმწიფოებმა საზღვრები ძალის გამოყენებით შეცვალონ. რუსეთმა დაარღვია ეს საბაზისო წესი უკრაინასთან დაკავშირებით. სუვერენულ სახელმწიფოებს უფლება აქვთ, საკუთარი გადაწყვეტილებები მიიღონ და საკუთარი კავშირები აირჩიონ. აშშ უკრაინასთან ერთად გააგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ რუსეთმა პასუხი აგოს თავისი აგრესიისთვის. აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ მხარს უჭერს უკრაინას უფლებას, გარე ჩარევის გარეშე საგარეო პოლიტიკის საკუთარი კურსი აირჩიოს, მათ შორის აშშ მხარს უჭერს უკრაინის ნატოში გაწევრიანებისკენ სწრაფვას.

თეთრ სახლში ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის დაწყების წინ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-სა და უკრაინას შორის პარტნიორობა სულ უფრო და უფრო ძლიერი ხდება.