ტრამპი: აშშ-მა სამხედრო ძალა უნდა გამოიყენოს, თუ თალიბები ავღანეთში დარჩენილი მილიარდობით დოლარის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობის დაბრუნებაზე უარს იტყვიან

ტრამპი: აშშ-მა სამხედრო ძალა უნდა გამოიყენოს, თუ თალიბები ავღანეთში დარჩენილი მილიარდობით დოლარის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობის დაბრუნებაზე უარს იტყვიან

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა სამხედრო ძალა უნდა გამოიყენოს, თუ თალიბები ავღანეთში დარჩენილი მილიარდობით დოლარის ღირებულების ამერიკული სამხედრო აღჭურვილობის დაბრუნებაზე უარს იტყვიან.

„ისტორიაში არასდროს ყოფილა ჯარების გაყვანა ისეთი ცუდი ან არაკომპეტენტური, როგორც ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ავღანეთიდან გასვლის დროს. ყველა სამხედრო აღჭურვილობის დაუყოვნებლივ დაბრუნება უნდა მოვითხოვოთ. თუ უკან არ დააბრუნებენ, ჩვენ ან ერთმნიშვნელოვანი სამხედრო ძალით უნდა შევიდეთ და დავიბრუნოთ იგი, ან სულ მცირე, დავბომბოთ ეს აღჭურვილობა“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

28 აგვისტოს წარმომადგენელთა პალატის წევრმა, ჯიმ ბენქსმა განაცხადა, რომ ავღანეთში „თალიბანის“ ხელში 85 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკული საბრძოლო ტექნიკა აღმოჩნდა.

ჯიმ ბენქსის თქმით, ავღანეთში დატოვებულ შეიარაღებას შორისაა 200 თვითმფრინავი და ვერტმფრენი, 75 000 ავტომობილი და 600 000 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი. კონგრესმენის თქმით, ახლა „თალიბანს“ Black Hawk-ის ტიპის იმაზე მეტი ვერტმფრენი აქვს, ვიდრე მსოფლიოს ქვეყნების 85%-ს.

15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ქვეყნიდან გაიქცა. „თალიბანი“ ავღანეთს პრაქტიკულად სრულად აკონტროლებს. სამოქალაქო ავიამიმოსვლა „თალიბანთან“ შეწყვეტილია, ფრენებს მხოლოდ სამხედრო თვითმფრინავები ახორციელებენ, რომლებითაც მოსახლეობის ევაკუაცია ხორციელდება.