ერიკ კლაპტონი მუსიკოსთა იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომელთაც ხშირად აუბრალოვებენ. ამბობენ, რომ Cream–ში ამოწურა საკუთარი თავი, რომ უკვე ყველას მობეზრდა მისი მოსმენა და რომ დროა დაასრულოს “ერთფეროვანი და უფერული მუსიკალური მოღვაწეობა...”
ამავე დროს, ხდება უცნაური რამ. ერიკ კლაპტონი მუშაობს პროდუქტიულად და რაც მთავარია მსმენელს ისეთ სიურპრიზებს უმზადებს, რასაც ადრე იგი ვერც წარმოიდგენდა. სახელოვანმა მუსიკოსმა სულ ცოტა ხნის წინათ ახალი სტუდიური ალბომითაც გაგვახარა, რომლის სიმღერათა ნუსხაში, გარი მურის Still Got Of The Blues-ის საკმაოდ ორიგინალურ ვერსიასაც შეხვდებით...
მაგრამ ყველაზე საინტერესო, მაინც კლაპტონის საკონცერტო შემოქმედებაა. ჯერ კიდევ 1964 წელს, Yardbirds-თან ერთად მიიღო მან მონაწილეობა ამ დიდი ჯგუფის სადებიუტო საკონცერტო ალბომში Five Live Yardbirds. ბრიტანული ბლუზ როკის კლასიკური ნამუშევარი, რომელშიც ადრეული Led Zeppelin-ის მუხტიც კი შეინიშნება, დღემდე აქტუალურია და აქედან გამომდინარე, თავისი დროის ერთ-ერთ საკვანძო ალბომს წარმოადგენს.
ლაივ ალბომის გარეშე, ახალი სიმღერებითა და არანჟირების მეთოდებით აღჭურვილი კლაპტონის Cream-სა და Derek And The Dominos-ში გატარებული პერიოდებიც არ დარჩენილა.
1973 წელს პიტ ტაუნშენდის ორგანიზებით ჩაწერილი ცნობილი Rainbow Concert-ის შემდეგ, კლაპტონმა მომდევნო საკონცერტო ალბომში E.C. Was Here, დიდი ყურადღება დაუთმო Blind Faith-ის თემატიკას, ამღერა რა Presence Of The Lord-სა და Can’t Find My Way Home-ში როკ ოპერა Jesus Christ Superstar-ში მარიამ მაგდალინელის პარტიის შემსრულებელი ივონა ელიმანი.
გამორჩეული იყო 1980 წლის ოდისკიანი Just One Night, სადაც კლაპტონის შემოქმედების მრავალი მოყვარულის აზრით, რამდენიმე კლასიკური ბლუზ როკ ნაწარმოების საუკეთესო ვერსიები შევიდა. ალბომში მნიშვნელოვანი იყო ინგლისელი ქანთრი გიტარისტის - ალბერტ ლის მონაწილეობა, რომელმაც გიტარისტობის გარდა, შესანიშნავ მომღერლადაც წარმოადგინა თავი მარკ ნოფლერის Setting Me Up-სა და კლაპტონის აწ უკვე მივიწყებულ All Our Past Times-ში...
სიმღერათა უფრო ფართო სპექტრი მომდევნო - უკვე ორ კომპაქტ დისკიანმა ალბომმა 24 Nights-მა მოიცვა, მაგრამ Just One Night-ის სითანაბრით, ეს ნამუშევარი ვერ დაიკვეხნიდა.
როკ მუსიკის მოყვარულებს მშვენივრად ახსოვთ უნიკალური პროექტი Blind Faith, რომელიც 1969 წელს, Cream–ის დაშლის შემდეგ მოევლინა როკ სამყაროს, ჩაწერა ერთადერთი ალბომი, რომელმაც როგორც ინგლისის, ასევე ამერიკის ჩარტები დაიპყრო და მალევე დაიშალა. კლაპტონთან და უინვუდთან ერთად იქ Cream–ის დრამერი ჯინჯერ ბეკერი და ბასისტი რიკ გრეიჩი უკრავდნენ.
თქვენის ნებართვით, ამჯერად ყურადღებას სწორედ ამ ჯგუფის რეპერტუარით გაჯერებულ საკონცერტო ნამუშევარზე გავამახვილებთ, რადგან 21-ე საუკუნეში კლაპტონის მიერ მოწყობილ Crossroad Festival-ებთან და Cream-ის 2005 წლის გამაერთიანებელ-გამოსამშვიდობებელ კონცერტთან ერთად, 2008 წლის თებერვალში ნიუ იორკის მედისონ სქუერ გარდენში ჩატარებული კონცერტების სერია, ერიკ კლაპტონისთვის უმნიშვნელოვანესი გამოდგა და მუსიკალურმა სამყარომ იგი როგორც ორდისკიანი CD–ის, ასევე DVD–ის სახით იხილა.
Live from Madison Square Garden იქცა სიმბოლოდ იმ როკ მუსიკალური პერიოდისა, რომელსაც მსმენელი არასოდეს მოაკლდება და რომლის რეპერტუარის გადამამღერებელნიც, ყოველთვის გამოჩნდებიან.
ალბომმა გააერთიანა ბლუზური ქავერები, Blind Faith –ის, Traffic–ის, ჯი ჯი ქეილის, ჯიმი ჰენდრიქსის, ბადი მაილსის კომპოზიციები. ამ უკანასკნელთან დაკავშირებას ეცადნენ მუსიკოსები Them Change–ის სცენაზე გამოტანაზე ნებართვის ასაღებად, მაგრამ ჯიმი ჰენდრიქსის Band Of Gypsys–ის დრამერი, ორიოდ კვირის გარდაცვლილი იყო... როგორც ხედავთ, მსგავსი ისტორია განმეორდა, როდესაც 1970 წლის 17 სექტემბერს, კლაპტონმა ჯიმი ჰენდრიქსისთვის საჩუქრად მარცხენა ხელზე მორგებული ფენდერ სტრატოკასტერი იყიდა, მაგრამ მომდევნო დღეს ჯიმი გარდაიცვალა. Little Wing -ის ქავერი მაშინ ერთი კვირის ჩაწერილი ჰქონდა კლაპტონს თავის მაშინდელ ჯგუფ Derek & The Dominos–თან ერთად, ფრიად უცნაური არანჟირებითა და მეტად თეთრ–ბლუზური შთაგონებით.
Little Wing კლაპტონმა Live from Madison Square Garden–ში ძველებურ ვარიანტში წარმოადგინა, მაგრამ როგორ მოუხდა მას თანამედროვე ჟღერადობა! აი, თურმე კიდევ რატომაა კლაპტონი პროგრესული მუსიკოსი. მის რეპერტუარს ტექნიკა ბოლომდე ვერ აკმაყოფილებდა წარსულში, მიუხედავად იმისა, რომ კლაპტონი ბლუზმენია!
სტივ უინვუდის Traffic –ის ხაზი აქ Pearly Queen, No Face No Name No Number და Dear Mr. Fantasy სახითაა წარმოდგენილი. უინვუდის ვოკალი ლამაზად ოდნავ დეპრესიული, მელანქოლიური და რაც მთავარია კვლავაც Blind Faith –ურია, რაშიც ვრწმუნდებით მისივე შექმნილი შედევრების – Had to Cry Today და Can't Find My Way Home მოსმენისას. ისევე, როგორც იქამდე 40 წლით ადრე, Blind Faith –ის ალბომი, კლაპტონ–უინვუდის Live from Madison Square Garden–იც Had to Cry Today –ით იხსნება, ჰფენს რა გასული საუკუნის ფსიქოდელიურ ენერგეტიკას დღევანდელ –გაუფასურებულ პოპ მუსიკალურ სამყაროს, რომელშიც მუსიკა ძირითადად ცივი გონებით კეთდება.
ერიკ კლაპტონის ვოკალიც შესანიშნავად ჟღერს კონცერტზე და ბლუზებში ვინ იცის უფრო მგრძნობიარედ და გიტარასთან შესისხლხორცებულად, ვიდრე ეს ძველად ხდებოდა ხოლმე... ამის მაგალითია ოტის რეშის Double Trouble. აქ უინვუდისეული კლავიშური გაფორმება ახლებურ ხიბლს სძენს უკვდავ ბლუზს, რომლის „ამომწურავი“ ვერსიაც თითქოს 1980 წლის Just One Night–ში ცოცხლობს.
ალბომის მეორე დისკი, ჯი ჯი ქეილის შექმნილი და კლაპტონის მიერ „აღზრდილი“ შედევრებით – After Midnight იწყება და Cocaine მთავრდება. Cocaine–ში დამაბოლოვებელი სოლოთი კლაპტონის ათწლეულების განმავლობაში პარტნიორი და შესანიშნავი პიანისტი კრის სტეინტონი შემოფრინდება და კონცერტიც საზეიმო განწყობით სრულდება! მაგრამ მოდით აქ ნუ გავჩერდებით და კიდევ ერთი სიმღერა – Tell The Truth, თავიდან მოვისმინოთ.
ამ სიმღერას განსაკუთრებული ადგილი აქვს საკონცერტო ალბომში, რადგან Little Wing–თან ერთად, მსმენელს საბოლოოდ წარსულს ჩაბარებულ Derek & The Dominos–ს ახსენებს. ერიკ კლაპტონის აზრით, მის კარიერაში საუკეთესო ბენდის „რეიუნიონი“ კი Cream –ისა და Blind Faith –ის არ იყოს, ვერასოდეს შედგება, რადგან იქაურ მუსიკოსთაგან ბევრი აღარცაა ცოცხალი, ხოლო დრამერი კი შიზოფრენიის დიაგნოზით, საზოგადოებისაგან მოშორებულ ადგილას ბინადრობს...
Tell The Truth სიმღერაა, რომელმაც კლაპტონის „ერთფეროვნებით დაღლილი“ ყველა ოპონენტი უნდა გააჩუმოს. კარგი იქნება, თუ თავდაპირველად ისინი ამ სიმღერის ბოლო 20 წამს მოისმენენ (კომპაქტ დისკზე ან კომპიუტერში ამის გაკეთება ადვილია) და მას შემდეგ რაც დარწმუნდებიან, რომ Tell The Truth–ის ამგვარი ფინალი ნებისმიერ მეტალ ბენდს დაამშვენებდა, „ერთფეროვნებისათვის“ უფრო იშვიათად გააკრიტიკონ ხოლმე ერიკ კლაპტონი, რომელიც უკვე 50 წელიწადია, რაც ერთგულად ემსახურება ბლუზსა და როკ’ნ’როლს...