"სააკაშვილის მმართველობის ყველა მოსამართლეს სასჯელი რომ შეუკრიბო, მინიმუმ 200-300 წელი უნდა ისხდნენ ციხეში"

ინტერვიუ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილთან.

- ბატონო ზაზა, 2013 წელი თქვენი ამ თანამდებობაზე ყოფნის ბოლო წელია, რა გეგმები გაქვთ ამ წელს და სად აპირებთ მუშაობის გაგრძელებას?

- წელს, ვიდრე ადვოკატთა ასოციაციის ახალი არჩევნები მოახლოვდება, პირველ რიგში, უნდა გავაკეთო სამი რამ, ეს არის, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანა, რომელიც მუდმივად იყო ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბრძოლის საგანი, რადგან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ადვოკატთა დამოუკიდებლობა და პროფესიონალიზმი მეორეხარისხოვანია და წინა პლანზე იწევს მთლიანად საპროკურორო სახელმწიფოს შექმნის პროცესი. ამასთან, დიდია პოლიტიკური წნეხი სასამართლო სისტემაზე და ვიდრე კუბლაშვილი და სხვა პატარა "ფეოდალები" სასამართლოში განაგრძობენ თავიანთ საქმიანობას, ვითარება არ შეიცვლება. შესაბამისად მიმაჩნია, რომ კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომელიც ადვოკატისა და პროკურორის როლს ფაქტობრივად თანასწორს გახდის, იქნება ჩემი მომავალი საქმიანობის უმნიშვნელოვანესი მომენტი.

მეორე, აუცილებელია ადვოკატთა ასოციაციამ, პრობაციის, სასჯელაღსრულების და იურიდიული დახმარების სამინისტროდან წამოვიღოთ ე.წ. სახაზინო ინსტიტუტი, რაც უნდა მოხდეს რაც შეიძლება მალე, რადგან დაუშვებელია კანონით მინისტრის პრეროგატივა იყოს საადვოკატო საქმიანობაში ჩარევა და გადაწყვეტილებების მიღება. სამწუხაროდ, სწორედ ასეთი უფლებები ჰქონდა და აქვს მინისტრს, ის ადვოკატები კი, ვინც სახაზინო ინსტიტუტის შემადგენლობაში არიან და უფასო იურიდიულ მომსახურებას უწევენ სოციალურად დაუცველი ფენის წარმომადგენლებს, ფაქტობრივად, სამინისტროს თანამშრომლები ხდებიან, რაც მიუღებელია. ადვოკატი არის თავისუფალი პროფესია და არ შეიძლება იყოს სამინისტროზე დამოკიდებული.

საქართველოში იყო და სამწუხაროდ, დღესაც გრძელდება მანკიერი პრაქტიკა, პროკურორები აიძულებენ დაკავებულებს ან მათ ახლობლებს აიყვანონ ის ადვოკატი, რომელიც სახელმწიფო ადვოკატურის წარმომადგენელია. მარტის ბოლოს, ზუგდიდელ ადვოკატებთან მქონდა შეხვედრა, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ზუგდიდში არაფერი შეცვლილა და ყველა საქმეზე გამოდის სახაზინო ადვოკატი მიუხედავად იმისა, პიროვნება არის თუ არა სოციალურად დაუცველი. ვფიქრობ, ეს გამოწვეულია ძველი პროკურორების თანამდებობებზე დატოვებით და ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურორად ვალერი იოსავას დანიშვნით, რომელიც გამოირჩეოდა ადვოკატების დევნით. ვალერი იოსავამ, როდესაც იგი სააკაშვილის რეჟიმის მოსამართლე იყო, განიხილა ადვოკატ მამუკა ნოზაძის საქმე და ადვოკატს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. ეს იყო ადვოკატის უპრეცედენტო დევნა. მე პირადად ვიცავდი მამუკა ნოზაძის ინტერესებს და შემიძლია ვთქვა, რომ საქმე გამოიძია არაუფლებამოსილმა პირმა, ხოლო სასამართლომ საერთოდ არ შეაფასა მტკიცებულებები. სტარსბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო მალე გამოიტანს გადაწყვეტილებას აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით და ადვოკატთა კორპუსი მივაღწევთ ვალერი იოსავას მსგავსი პროკურორების გასამართლებას.

და ბოლოს, ძალიან მნიშვნელოვანია ადვოკატთა დევნაზე მიღებული დასკვნების სისრულეში მოყვანა, რაც უნდა განხორციელდეს რამდენიმე კუთხით - ადვოკატების წამებასა და შეურაცხყოფაში ბრალდებული პირები უნდა დასხდნენ საბრალდებო სკამზე. სააკაშვილის რეჟიმმა 147 ადვოკატი გაასამართლა და ამ ფაქტს უნდა მიეცეს სამართლებრივი შეფასება.

რაც შეეხება ჩემს სამომავლო გეგმებს, თუ ადვოკატთა კორპუსის წინაშე მდგარი ყველა პრობლემა მოგვარდა, შეიძლება კენჭი არც ვიყარო, მაგრამ ამ გადმოსახედიდან, მე ვფიქრობ, რომ კენჭს ვიყრი, რადგან, აღნიშნული და სხვა პრობლემების მოგვარება გრძელვადიანი პროცესია.

- ბოლო დროს, ადვოკატთა ასოციაცია სტრასბურგის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით მართავს პრესკონფერენციებს. თქვენ ხშირად საუბრობთ ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევის ფაქტების შესახებ და სპეციალური სემინარებიც კი ჩაუტარეთ ადვოკატებს ამ საკითხებზე, რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ადამიანის უფლებათა კონვენციის ცოდნა ადვოკატისთვის და ცვლის თუ არა სამართლებრივ გარემოს ქვეყანაში? ქართველი ადვოკატებისთვის საამაყო ფაქტია, როდესაც 2012 წელს თქვენ ხდებით ერთადერთი ადვოკატი ევროპაში, რომელიც ორი თვის მანძილზე იგებს ორ სასამართლო პროცესს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სახელმწიფოს წინააღმდეგ ევროპული კონვენციის 3-ე მუხლის დარღვევის გამო (წამება არაადამიანური, არაჰუმანური მოპყრობა).

- საქართველოში ხელისუფლებას აქვს არასწორი დამოკიდებულება ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებთან მიმართებაში. ხელისუფლება ევროსასამართლოს მოთხოვნებს ასრულებდა იმ მხრივ, რომ ადამიანს ფულს დროულად უხდიდა, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილება ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოში ითხოვს კანონის შეცვლას და იმ კონდიციებში მოყვანას, როგორც გადაწყვეტილებაშია მოცემული და ახდენს ამა თუ იმ დანაშაულის პრევენციას.

2012 წლის 9 ოქტომბერს და 18 დეკემბერს, გიორგი მიქიაშვილისა და რევაზ დვალიშვილის საქმეებზე, ევროსასამართლომ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ გამოიტანა გადაწყვეტილება. სადაც სასამართლომ სახელმწიფო დაადანაშაულა ევროპის კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევაში, რაც გულისხმობს წამებას, არაადამიანურ და არაჰუმანურ მოპყრობას. ორივე საქმეზე როგორც თქვენ აღნიშნეთ, მე ვიყავი ადვოკატი, სადაც მოვიგე არა მხოლოდ მე-3 მუხლის დარღვევა გიორგი მიქიაშვილის და რევაზ დვალიშვილის წამების გამო, არამედ ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოს მხრიდან ასევე დაადასტურა მე-3 მუხლის დარღვევა არაეფექტური გამოძიების ჩატარების გამო. შესაბამისად, მე გადავედი შემდეგ ეტაპზე - ყველა მოძალადე თუ ამ ძალადობის ხელშემწყობი მოსამართლე, გამომძიებელი და პოლიციელი უნდა დაჯდეს საბრალდებო სკამზე, რათა ჩამოყალიბდეს სამართლებრივი აზროვნება და სამოქალაქო საზოგადოებას ჰქონდეს სწორი აქცენტები. მას შემდეგ, რაც ადვოკატი ვარ, ვიბრძვი იმისთვის, რომ საქართველოში იყოს ისეთი სასამართლო, რომელიც დაექვემდებარება ევროკონვენციის მე-6 მუხლის, ანუ სამართლიანი სასამართლოს პრინციპებს. თუმცა, ამას ხელი სააკაშვილის დიქტატორულმა რეჟიმმა შეუშალა.

- ბოლო პერიოდში საკმაოდ ხშირად საუბრობენ პოლიტიკურ ამნისტიაზე, რამდენად საჭიროდ მიგაჩნიათ ეს ამნისტია და ვის უნდა შეეხოს იგი?

- ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ დაუშვა შეცდომა, როდესაც სასამართლო სისტემიდან არ დაიწყო იმ ნაკლოვანებების აღმოფხვრა, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა მოუტანა საქართველოს. ხელისუფლებას პრინციპული ნაბიჯები უნდა გადაედგა ამ კუთხით, თუ სააკაშვილის მმართველობა შეფასდებოდა როგორც დიქტატორული რეჟიმი, მაშინ საზოგადოებაში კითხვები მოიხსნებოდა და ახალ მთავრობას არ მოუწევდა გამუდმებით თავის მართლება, რომ მათ სურდათ დემოკრატიული პრონციპების დაცვით მიდგომოდნენ ძველ ხელისუფლებას. ახალ მმართველ ძალას, როგორც სამართლებრივი ისე ადამიანური რესურსების კუთხით, უნდა ეჩვენებინა მსოფლიოსთვის, თუ როგორი იყო სინამდვილეში სააკაშვილის რეჟიმი. დღევანდელმა ხელისუფლებამ დაუშვა დიდი შეცდომა, როდესაც განაცხადა, რომ არჩევნები ჩატარდა დემოკრატიულად, მაშინ ისინი იყვნენ ეიფორიაში და ვერ გათვალეს თუ რა შედეგები მოჰყვებოდა მათ განცხადებას. დღეს, მთელი მსოფლიო გაიძახის სააკაშვილმა დემოკრატიული არჩევნები ჩაატარაო. ამიტომ, ჩნდება კითხვა, ხელისუფლება რომელიც ატარებს დემოკრატიულ არჩევნებს, როგორ გავასამართლოთ როგორც რეჟიმი? დღეს, ივანიშვილის ხელისუფლება იმკის ამ შეცდომის შედეგს. მე ვფიქრობ, სანამ საქართველოში არ ჩატარდება ნიურნბერგის მსგავსი სასამართლო და ყველა ის მოძალადე პროკურორი და მოსამართლე არ გასამართლდება, საქართველო დარჩება სამართლებრივად განუვითარებელი სახელმწიფო და მოსახლეობა ვერასდროს გაიგებს რას ნიშნავს სამართლიანი სასამართლო.

- ჩანს თუ არა მართლმსაჯულების ხარისხის ამაღლების ნიშნები ხელისუფლების ცვლილების შემდეგ და როგორ აფასებთ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების დაკავების ფაქტებს?

- სააკაშვილის მმართველობის ყველა მოსამართლეს სასჯელი რომ შეუკრიბო, გამოვა, რომ მინიმუმ 200-300 წელი უნდა ისხდნენ ციხეში. ვინაიდან ამ მოსამართლეთა დანაშაულებების გამოძიება არ მოხდა, ახალი ხელისუფლება გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა. დღეს, ფაქტობრივად, სააკაშვილის რეჟიმი მართავს ბევრ პროცესს და ვხედავთ, რომ ადამიანი ვის მიმართაც იყო ძალიან ბევრი კითხვა, ისევ თანამდებობაზეა.

ამასთან, მინდა, აღვნიშნო, რომ ადვოკატთა ასოციაციაში შევქმენით ჯგუფი, რომელიც შეისწავლიდა მოსამართლეების მიერ აშკარა დანაშაულის ჩადენის ფაქტებს. ისინი წარვუდგინეთ ახალ ხელისუფლებას. სასამართლოში მოსამართლეები ახდენდენ კოპირების მეთოდით პროკურორის მიერ შემოტანილი საბრალდებო დასკვნის გადაწერას განაჩენში. განსაკუთრებით ხშირი იყო აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შესახებ პროკურორის მიერ სასამართლოში წარდგნელი შუამდგომლობის მთლიანად Copy-Paste გადაბეჭვდის შემთხვეები. მე სახელმწიფოსგან მოვითხოვე ექსპერტიზის ჩატარება აღნიშნულ საკითხზე, მაშინ ვთქვი, მე დამიჭირეთ თუ არ დაემთხვა პროკურორის შუამდგომლობა და მოსამართლის მიერ გამოტანილი განჩინებები მეთქი. იმდენად უტვინოდ მოქმედებდა სასამართლო ხელისუფლება, რომ როდესაც პროკურორი უშვებდა შეცდომას და ერთი ბრალდებულის მაგივრად წერდა სხვა ბრალდებულის გვარს თავის შუამდგომლობაში, სასამართლოც უშვებდა იგივე შეცდომას. მაგალითად, ადვოკატი მადონა მილდიანი დააპატიმრეს და მადონა მილდიანის საქმეში პროკურორმა მიუთითა, რომ რევაზ ოქროპირიძემ შეიძლება, თავი აარიდოსო გამოძიებას და ამიტომ უნდა შეეფარდოს პატიმრობაო, სასამართლომ გადაწერა პროკურორის შუამდგომლობა სიტყვა-სიტყვით თავის განჩინებაში. მე ვფიქრობ, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, სხვა მეტი რა დარღვევა უნდა ჩაიდინოს სასამართლომ?! ახალმა ხელისუფლებამ მე არ მომისმინა, ექსპერტიზა არ ჩაატარა. შედეგები რაც მიიღეს, ყველა ვხედავთ. სააკაშვილის რეჟიმმა დრო იხელთა და ვენეციის კომისიას მიაღებინა მითითებები თუ როგორ უნდა ჩატარდეს რეფორმა. სახელმწიფოში არავის ეყო უნარი დაესვა ერთი კითხვა ვენეციის კომისიისთვის, როდესაც კონსტიტუცია იცვლებოდა კონსტანტინე კუბლაშვილის ფაქტორის გათვალისწინებით და კონსტანტინე კუბლაშვილის კანონმდებლობის თანახმად აქციეს დიდ ფეოდალად, კერძოდ, იგი დღეს არის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარე, (რომელიც იხილავს მოსამართლეთა დისციპლინარული დევნის საკითხებს) მოსამართლეთა კონფერენციის თავმჯდომარე (რომელიც ახდენს მოსამართლეთა ნომინირებას) და იუსტიციის უმაღლესი სკოლის ხელმძღვანელი, (რომელიც ამზადებს მოსამართლეებს) ეს არის ევროპული ღირებულებები და ეს იყო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია? მე ვფიქრობ, კუბლაშვილის სასამართლოს ყველაზე პატიოსან მოსამართლეს, უფრო მეტი დანაშაული აქვს ჩადენილი, ვიდრე საქართველოს საპატიმრო დაწესებულებაში მყოფ ნებისმიერ დამნაშავეს. დღეის მდგომარეობით, კონსტანტინე კუბლაშვილმა და მოსამართლეებმა მიიღეს ხელშეუხებლობის გარანტია, ამიტომ მთელი სამოქალაქო საზოგადოება დარჩა მოტყუებული და სამართლიანობის პრინციპმა ვერ იზეიმა.

- პრემიერ-მინისტრმა დანიშვნიდან ძალიან მალე გამოთქვა სურვილი და მზაობა ადვოკატის პროფესიის გაძლიერებასთან დაკავშირებით, 100 დღის მმართველობის შემდეგ რამდენად განხორციელებადი აღმოჩნდა დაპირება და რა მდგომარეობაა ამ კუთხით?

- ადვოკატთა კორპუსის მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ, ჯერ კიდევ სააკაშვილის მმართველობის დროს, უამრავი რეკომენდაცია არსებობდა, თუმცა იმჟამინდელმა მთავრობამ მათი განხილვაც კი არ მოინდომა. ეტყობა ბიძინა ივანიშვილმა ნახა ეს რეკომენდაციები და გაეცნო ადვოკატების უუფლებო ვითარებას, მოიქცა ისე, როგორც უნდა მოქცეულიყო ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის ლიდერი - მან განაცხადა, რომ არსებული მდგომარეობა აუცილებლად უნდა გაუმჯობესებულიყო და ადვოკატთა კორპუსი უნდა გაძლიერებულიყო, რასაც პოზიტიური ნაბიჯები მოჰყვა - იუსტიციის სამინისტრო შედის წინადადებით პარლამენტში, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შევიდეს ცვლილებები და ადვოკატის როლი და უფლებები გაუთანაბრდეს პროკურორის უფლებებს. ჩემთვის საამაყოა, რომ ეს ყველა ცვლილება მომზადებულია ადვოკატთა ასოციაციაში. მე ვფიქრობ, პარლამენტმა დროულად უნდა მიიღოს აღნიშნული ცვლილებები, რათა სასამართლოში დამკვიდრეს მხარეთა შეჯიბრებითობის რეალური პრინციპი. მე ვიცი, რომ პროკურატურაში არიან ძალები, რომლებსაც არ სურთ, ამ ცვლილებების გატარება და ეწინააღმდეგებიან პროგრესულ ცვლილებებს, სწორედ ამიტომ ამ ცვლილებების მიღება გაჭიანურდა. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე: ორი წელი ვიბრძოდი, რომ მოწმე არ დაკითხულიყო არც პოლიციაში და არც პროკურატურაში და დაკითხულიყო პირდაპირ სასამართლოში ადვოკატის სავალდებულო მონაწილეობით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სისხლის სამართლის პროცესში შევიდა აღნიშნული ცვლილება და სექტემბრიდან მოწმე დაიკითხება მხოლოდ სასამართლოში, ადვოკატის სავალდებულო მონაწილეობით, რაც ბოლოსდაბოლოს დაამთავრებს პოლიციასა და პროკურატურაში მოქალაქეთა წამების და ზეწოლის ფაქტებს, მე ვფიქრობ, საქართველოს ჰყავს ძალიან კარგი იუსტიციის მინისტრი და ადვოკატთა ასოციაციას თეა წულუკიანის დიდი იმედი აქვს.

- ჩართულია თუ არა ადვოკატთა ასოციაცია მართლმსაჯულების რეფორმის განხორციელების პროცესში, კანონზემოქმედებით საქმიანობაში?

- რა თქმა უნდა, ჩართულია. ჩვენ ბევრი ვიბრძოლეთ და საბოლოოდ მსოფლიოს ადვოკატთა ასოციაციამ ყურადღება მოგვაქცია. ის 2012 წლის ზაფხულში თბილისში ჩამოვიდა და შეისწავლა ადვოკატების დევნის ფაქტები, მათი უუფლებო მდგომარეობა, დადო ანგარიში, შეიმუშავა რეკომენდაციები, რომელსაც ესწრებოდა იუსტიციის მინისტრის მოადგილე სანდრო ბარამიძე. სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, რომ კანონმდებლობაში ეს ცვლილებები განხორციელდება და მთავრობა პარლამენტს წარუდგენს ადვოკატთა ასოციაციაში შემუშავებულ კანონპროექტს სისხლის სამართლის პროცესში ცვლილების თაობაზე, რაც დიდი გამარჯვებაა.

გარდა ამისა, ასოციაცია ჩაერთო უწყებათაშორის საბჭოში, რომელიც შექმნილია იუსტიციის საბჭოში და კურირებს საკანონმდებლო ინიციატივებს ყველა სფეროში. შესაბამისად, შვიდივე რეფორმის ჯგუფში მონაწილეობს ადვოკატი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და რაც მეტყველებს იმაზე, რომ იუსტიციის სამინისტრო და ადვოკატთა ასოციაცია გააგრძელებენ თანამშრომლობას, რაც ჩვენი პროფესიის დამოუკიდებლობას ხელს შეუწყობს.

- ბატონო ზაზა, გვესაუბრეთ ადვოკატთა ასოციაციის მიღწევებსა და ადვოკატთა უფლებების კომისიის საქმიანობაზე.

- როდესაც გავხდი თავმჯდომარე, 111 ადვოკატი დამხვდა ციხეში, ამიტომ მივმართე აღმასრულებელ საბჭოს ინიციატივით და შევქმენით ადვოკატთა უფლებათა დაცვის კომისია, რომელმაც დაიწყო ადვოკატთა დევნის ფაქტების გამოძიება-შესწავლა, რითაც მივაღწიეთ იმას, რომ ადვოკატები ვაღიარეთ პლიტიკურ დევნილებად. მაგალითისთვის კმარა ადვოკატი ლალი ჯიმშერაშვილი, რომელიც სახელმწიფო დევნის შედეგად ბრიუსელში გაიქცა. ლალი ჯიმშერაშვილის განცხადებით, იგი დაიბარეს ქ.თბილისის პოლიციის სამმართველოში და აძალებდნენ ჩვენების მიცემას ადვოკატების წინააღმდეგ, მაგრამ თუ ლალი ჯიმშერაშვილი მოიძიებდა ფაქტებს და მისცემდა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის წინააღმდეგ ჩვენებას, მას ფულად ჯილდოს შეჰპირდნენ. როდესაც ეს ისტორია გახდა ჩემთვის ცნობილი, ჩემი პირადი ხარჯებით გავემგზავერე ბრიუსელში, მოვძებნე ლალი ჯიმშერაშვილი და ბრიუსელში ევროპარლამენტის პრეს-კლუბში გავმართე პრესკონფერენცია, ადვოკატ ლალი ჯიმშრაშვილთან ერთად. პრესკონფერენცია დავიწყე და მივმართე ევროპულ მედიას, რომ მივესალმებოდი მათ 21-ე საუკუნის ჰიტლერის სახელმწიფოდან, რომელსაც სამწუხაროდ, ზოგიერთი თქვენგანი იცნობთ, როგორც "დამოკრატიის შუქურას". სწორედ ადვოკატთა ასოციაციამ დავაწერინეთ პირველად ევროპულ მედიაში სააკაშვილის რეჟიმის ნამდვილი სახის შესახებ. პრესკონფერენციაზე ჟურნალისტები, როდესაც უსმენდნენ ადვოკატ ლალი ჯიმშერაშვილს, ცხარე ცრემლით ტიროდნენ და ყველა გაკვირვებული იყო, თუ რატომ ხდებოდა "დემოკრატიის შუქურას" სახელმწიფოში ამგვარი ანომალიური მოვლენები.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ იმდენი ვიბრძოლე, რომ 2012 წლის 30 ნოემბერს ადვოაკატი ლალი ჯიმშერაშვილი ოფიციალურმა ბრიუსელმა ცნო პოლიტიკურ დევნილად და მას მიანიჭა უვადო პოლიტიკური თავშესაფარი, რაც არის უპრეცედენტო მოვლენა.

ასევე ადვოკატთა უფლებათა დაცვის კომისიის დასკვნების საფუძველზე საქართველოს პარლამენტმა პოლიტიკურ პატიმრებად აღიარა ტარიელ მურმანიშვილი და გივი ექვთიმიშვილი, რაც არის დიდი გამარჯვება.

ადვოკატთა ასოციაციას ასევე დაგვეხმარა ევროპის ადვოკატთა ასოციაციის და სამართლის საბჭო. აღმასრულებელი კომიტეტის ყველა სხდომაზე უმეტეს შემთხვევებში საკუთარი ხარჯით ჩავდიოდი და ყველა სხდომზე პირველ საკითხად გადიოდა ქართველ ადვოკატთა დევნის საკითხი, მინდა, სიამაყით აღვნიშნო, რომ ორსაათიან შეხვედრაზე, დაახლოებით საათნახევარი ყოველთვის საქართველოს ადვოკატების უუფლებო მდგომარეობის განხილვას ეთმობოდა. ყოველ სხდომაზე ვაყენებდი საკითხს, რომ ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური მხარდაჭერა, მთელს მსოფლიოს გავაცანი 22 წლის ადვოკატის მარიანა ივალაშვილის უკიდურესი შემთხვევა, როდესაც ახალგაზრდა ქალი ციხეში ჩასვეს კლიენტის ცუდად დაცვის განაჩენით, რამაც გამოიწვია ნამდვილი შოკი ევროპის ქვეყნების ადვოკატებს შორის. მარიანა ივალაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, პარიზის ადვოკატთა ასოციაციის დახმარებით შევაგროვეთ 1800 ევროპელი ცნობილი ადვოკატების ხელმოწერა და მივმართეთ დიდი რვიანის ქვეყნების პრეზიდენტებს, რამაც შესაძლებელი გახადა ადვოკატ მარიანა იველაშვილის გათავისუფლება. მსოფლიოს ადვოკატთა ასოციაციამ ადვოკატ მარიანა ივალაშვილის პატიმრობა თავის დასკვნაში შეაფასა, როგორც სამარცხვინო შემთხვევა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან.

ადვოკატების დევნის გამო მე, მოვითხოვდი, ევროპის ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა თბილისში გამართულიყო, რასაც მივაღწიეთ.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია არის ევროპაში ერთადერთი ასოციაცია, რომელმაც შესძლო და გაუკეთა ორგანიზება არაევროკავშირის წევრ ქვეყანაში ევროპის ადვოკატთა ასოციაციის და სამართლის საბჭოს აღმოსავლეთ ევროპის, აღმასრულებელი (პეკო) კომიტეტის სხდომას, ადვოკატთა ასოციაციის შენობაში, ქ.თბილისში, რაც იყო იმის დასტური და დასაწყისი, რომ ჩვენს ქვეყანაში ადვოკატის პროფესია იქნებოდა დაცული, საქართველოში ჩამოვიდა 14 ცნობილი ევროპელი ადვოკატი, მაგრამ ამ უმნიშვნელოვანესი მოვლენის გაშუქება საქართველოში ვერცერთმა ტელევიზიამ ვერ გაბედა.

გარდა ამისა, 2012 წლის 26 თებერვალს უკრაინაში ჩატარდა იურიდიული ფორუმი პოსტსაბჭოური და აღმოსავლეთ ევროპის ადვოკატთა წარმომადგნლებს შორის, სადაც ამდენ ასოციაციებს შორის, შეხვედრის გასახსნელად, მაინც და მაინც საქართველოს ასოციაციის თავმჯდომარე მიმიწვიეს, როგორც ყველაზე მებრძოლი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, რაც იყო იმ დიდი შრომის შედეგი, რომელსაც ჩვენი ასოციაცია ეწეოდა ადვოკატთა უფლებების დაცვის კუთხით. მიღწეულია შეთანხმება პარიზის ადვოკატთა ასოციაციაში, რომ ფრანგული მხარე აიღებს ვალდებულებას და საკუთარი ხარჯებით შეგვეძლება 5 ქართველი ადვოკატის გადამზადება, რაც ძალიან დიდი მიღწევაა.

რაც შეეხება, ადვოკატთა უფლებების დაცვის კომისიას, მინდა, აღვნიშნო, რომ ყველაფერს, რასაც მივაღწიე, მივაღწიე მათი დამსახურებით. ისინი არიან გმირი ადამიანები, რომლებმაც ადვოკატთა კორპუსს მოუტანეს დიდება. კომისია არის ღირსეული ნაწილი ასოციაციისა.

და ბოლოს, ყველაზე დიდი დახმარება გაგვიწია ევროპის ადვოკატთა საერთაშორისო ობსერვატორიამ, რომელმაც 2 წლის განმავლობაში გამოაქვეყნა სამი დასკვნა საქართველოს ადვოკატთა კორპუსზე და საქართველოში საადვოკატო საქმიანობა შეაფასა რისკის სფეროდ. იგივე დაწერა თავის დასკვნაში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარმა თომას ჰამერბერგმა, რაც გახდა საფუძველი ჩვენი დაკავებული კოლეგების გათავისუფლების. და ბოლოს, გავხდი პირველი თავმჯდომარე, რომელმაც ჩავატარე აქცია, ქ.ბრიუსელში ევროპის პარლამენტის წინ ქართველი ადვოკატების უფლებების დასაცავად.

ძალიან დიდია ეთიკის კომისიის როლი ადვოკატთა კორპუსის განვითარების საქმეში. საქართველოს უახლეს ისტორიაში შეიქმნა პირველი პრეცედენტი იმისა, რომ გადაწყვეტილებები გამოსულიყო მხოლოდ ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის პრეცედენტებზე დაყრდნობით და ეს გააკეთა ჩვენმა ეთიკის კომისიამ, რომელმაც დაიწყო პროფესიის სტანდარტების სრულყოფა, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს კორპუსს.

პირველად საქართველოს უახლოეს ისტორიაში დაინერგა სავალდებულო განგრძობადი იურიდიული განათლება, რომელმაც ადვოკატებს შესთავაზა მათი მოთხოვნის გათვალისწინებით შედგენილი საგანმანათლებლო სერვისი უფასოდ. მომავალში კიდევ უფრო საინტერესო გახდება სავალდებულო სემინარები და ადვოკატები ვიქნებით ყველაზე მომზადებული სეგმენტი პროფესიული საქმიანობისათვის ჩვენს ქვეყანაში. ვფიქრობ, საადვოაკტო საქმიანობა საქართველოში გახდება ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და დაცული პროფესია.