ნანა შონიას კოჰაბიტაციის არ სჯერა

ნანა შონიას კოჰაბიტაციის არ სჯერა

მსახიობი ნანა შონია “ნაციონალებს” მოურიდებლად აკრიტიკებდა. ამიტომაც, 9 წლის განმავლობაში ე.წ. ნაციონალური არხების კარი მისთვის დაკეტილი იყო. პირველი ოქტომბრის შემდეგ, სიტუაცია შეიცვალა და მსახიობს, როგორც თვითონ ამბობს, საზეიმო განწყობა აქვს. ამასთან, ნანა შონია “ქართულ სიტყვასთან” საუბრისას ამბობს, რომ ახალი ხელისუფლების მუშაობის შეფასება ჯერ ნაადრევია:

_ იმისთვის, რომ ქვეყანაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდეს და ახალი ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ვიმსჯელოთ, ძალიან ცოტა დროა გასული. ისინი, ვინც პრეტენზიულად აცხადებენ, არაფერი იცვლება და ისევ ძველებურად ვცხოვრობთო, მართლები არ არიან. 9 წლის განმავლობაში ბევრი უსამართლობის მოწმე გავხდით და, მართლაც, გაუსაძლის პირობებში ვცხოვრობდით. ბევრს დღესაც უჭირს და გასაგებია, რომ დალხენილი ცხოვრება უცებ არ გვექნება, მაგრამ ეს გარდამავალი პროცესი აუცილებლად დადებითად დამთავრდება. ამიტომ მოთმინებით ცოტა კიდევ უნდა აღვიჭურვოთ და სასიკეთო ცვლილებებს დაველოდოთ.


_ ქალბატონო ნანა, ამ გაუგებარი კოჰაბიტაციის ფონზე, მაინც იმედიანად ხართ?
_ კოჰაბიტაციის არ მჯერა, მაგრამ იმედის საფუძველს ის ადამიანები მაძლევენ, რომლებიც პოლიტიკურ პროცესებში არიან ჩართულნი. მე ბიძინა ივანიშვილის მჯერა _ ის ციდან არ ჩამოფრენილა და ვიცით, ქვეყნისთვის რამდენი სიკეთე აქვს გაკეთებული. ივანიშვილს ქვეყნის ბედი რომ აწუხებდა და დიდი პატრიოტი იყო, პოლიტიკაში Aმიტომ მოვიდა, თორემ თავის ატკიებას ვერავინ აიძულებდა.

_ 9 წლის განმავლობაში კანონის უზენაესობა უცხო ხილივით იყო. თქვენი აზრით, სამართლიანობის აღდგენა დაწყებულია?
_ ქვეყანაში, რომელსაც დემოკრატიულობის პრეტენზია აქვს, პირველ რიგში, კანონი უნდა კანონობდეს. ბოლო დროს ყოფილი მაღალჩინოსნების დაპატიმრების მომსწრენი ხშირად ვართ, მათ დანაშაული ჩადენილი მართლა აქვთ, თორემ საპროცესო გარიგებით არ გამოუშვებდნენ. მე თუ მკითხავთ, ყველას “საპროცესო” არ უნდა შეეფარდოს, მაგრამ ესეც, ალბათ, დემოკრატიულობის ნიშანია და ცივილიზებულ ქვეყნებში ასე ხდება. სასამართლო ხელისუფლებაში ისევ “ნაციონალები” არიან გაბატონებულნი და ამჟამად მათთან ჭიდაობის პროცესში ვართ. ისე, მათიც მესმის _ მიხვდნენ, საქმე ცუდად აქვთ და ხავსს ეჭიდებიან.

_ ამას წინათ, ბიძინა ივანიშვილი კოტე კუბლაშვილს შეხვდა და განაცხადა, ეს კაცი წინა ხელისუფლების მსხვერპლიაო. თქვენც ასე ფიქრობთ?
_ არ მგონია, მსხვერპლი იყოს, ისიც იმ სისტემის ნაწილია, რომელშიც ვცხოვრობდით.
ის, რაც “ნაციონალებმა” “ერისიონის” მოსკოვში წასვლასთან დაკავშირებით მოაწყვეს, საქმე იყო? _ ძალიან აღვშფოთდი, რადგან არ შეიძლება, ჯემალ ჭკუასელს ასეთი შეურაცხყოფა მიაყენო და მოღალატე უწოდო. ხომ შეიძლება, კაცმა ვერ აიტანოს, ინერვიულოს და გული გაუსკდეს? ხელოვანია, ქართული ცეკვის პოპულარიზაციას ეწევა და თავისი გადასაწყვეტია, სად წავა და რას იზამს.

_ ჩვენთვის რომ ვთქვათ, კრემლში ცეკვა ცოტა უხერხულია...
_ “ერისიონმა” პუტინს არ უცეკვა! უბრალოდ, ის დარბაზი კრემლის ტერიტორიაზე იყო. რუსეთი, რა თქმა უნდა, ოკუპანტია და ცეკვით მისი პოლიტიკის ვექტორი არ შეიცვლება, მაგრამ იმ ხალხთან კულტურული ურთიერთობები ხომ არსებობს? რუსეთი მარტო პუტინი არაა!.. როცა სააკაშვილი ნიკიტა მიხალკოვის შვილის ქორწილში მირბოდა, ეს თვალში ცუდად არავის მოხვდა? _ ამის მერე “ნაციონალებს” “ერისიონის” რუსეთში ცეკვა უკვირთ?
ჩემი აზრით, კულტურა უფრო მაღლა დგას, ვიდრე _ პოლიტიკა. ქართული კულტურა _ კინო, თეატრი თუ მხატვრობა წინ დროშასავით მიგვიძღოდა, ესაა ჩვენი სახე.
საქართველოში შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური სიტუაცია სასტიკად არ მომწონდა. ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ, მის სატკივარს ვიზიარებ და ვფიქრობ, გაჩუმების უფლება არ მქონდა. სამწუხაროდ, პოლიტიკამ ცხოვრების ყველა სფეროში შეაბიჯა. მსახიობი ვარ და შემეძლო, ჩემი პროფესიიით დავკმაყოფილებულიყავი, მაგრამ შინ ვერ დავჯდებოდი, რადგან უკეთეს ქვეყანაში ცხოვრება მინდოდა _ გარკვეული მოვლენების მიმართ ჩემი პოზიცია საჯაროდ დავაფიქსირე და უბენლიედ პოლიტიკაში გარეული აღმოვჩნდი.

_ ქალბატონო ნანა, მოდით კულტურაზეც ვისაუბროთ. კულტურის ახალმა მინისტრმა რაღაც მრგვალი მაგიდები შექმნა...
_ ამ პროცესში არ ვერთვები. საერთოდ, მგონია, რომ უკეთესი იქნება, მსახიობმა, რეჟისორმა თუ მომღერალმა თავი საკუთარ პროფესიაში ამოწუროს...

_ რუსთაველის თეატრში რომ ბრუნდებოდა, რობერტ სტურუამ განაცხადა, თეატრში დიქტატურა უნდა დავამყაროო...
_ რუსთაველის თეატრში არ ვარ და არ ვიცი, იქ რა ხდება, თუმცა ამის შესახებ მეც ვკითხე რობიკოს და მიპასუხა, ისე ვთქვი, თორემ დიქტატურის დამყარებას არ ვეცდებიო. ეს სიტყვები სრული სერიოზულობით არ უთქვამს. უდავოა, რომ სტურუა ქართულ თეატრსა და საზოგადოებას სჭირდება. ის მსოფლიო კლასის რეჟისორია და უნდა დაბრუნებულიყო. რუსთაველის თეატრი რობიკოს გარეშე ვერ წარმომიდგენია.

_ მას შემდეგ, რაც პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო, სააკაშვილმა განაცხადა, “ნაცმოძრაობა” ახლა დაიბადა და არ გაიყიდაო. თქვენი აზრით, “ნაციონალებს” ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი ოდესმე მიეცემათ?
_ ეს არასერიოზული განცხადებაა, რაღა დროს მათი დაბადებაა? „ნაცმოძრაობა” აუცილებლად უნდა გასამართლდეს  და იმაზე, რაც ქვეყნისა და ერის წინაშე ჩაიდინა, პასუხი მოეთხოვოს!