აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ-ის 1 500-მდე მოქალაქე ჯერ კიდევ ავღანეთში იმყოფება.
ენტონი ბლინკენის თქმით, აგვისტოს შუა რიცხვების შემდეგ, აშშ-ის ხელისუფლებამ ავღანეთიდან აშშ-ის 4 500 მოქალაქე გამოიყვანა. როდესაც ევაკუაციის პროცესი დაიწყო, ავღანეთში აშშ-ის 6000-მდე მოქალაქე იმყოფებოდა.
„როგორც პრეზიდენტმა გუშინ განაცხადა, ჩვენი მისიის დასრულებას 31 აგვისტომდე ვაპირებთ იმ პირობით, რომ თალიბები თანამშრომლობას გააგრძელებენ და ამ ძალისხმევის შეფერხება არ მოხდება“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ რომ არ არსებობს საბოლოო ვადა იმ ადამიანების დასახმარებლად, რომელთაც ავღანეთის დატოვება სურთ.
24 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ ავღანეთიდან ევაკუაციის მისიის დასრულებას 31 აგვისტოსთვის აპირებს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ევაკუაციის მისიის დროულად დასრულება თალიბების ქმედებებზეა დამოკიდებული.
15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ქვეყნიდან გაიქცა. „თალიბანი“ ავღანეთს პრაქტიკულად სრულად აკონტროლებს. სამოქალაქო ავიამიმოსვლა „თალიბანთან“ შეწყვეტილია, ფრენებს მხოლოდ სამხედრო თვითმფრინავები ახორციელებენ, რომლებითაც მოსახლეობის ევაკუაცია ხორციელდება.