რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ მიერ ავღანეთზე კონტროლის დამყარების შემდეგ, მსოფლიო ბანკმა ავღანეთში პროექტების დაფინანსება შეაჩერა.
მსოფლიო ბანკში აცხადებენ, რომ ორგანიზაცია შეშფოთებულია ავღანეთში არსებული ვითარებით და ქვეყნის განვითარებაზე მისი გავლენით, განსაკუთრებით ქალებისთვის.
„ავღანეთში ოპერაციები შევაჩერეთ და ჩვენი შიდა პოლიტიკისა და პროცედურების შესაბამისად, სიტუაციას ყურადღებით ვაკვირდებით და ვაფასებთ. ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო კონსულტაციებს საერთაშორისო საზოგადოებასთან. ჩვენს პარტნიორებთან ერთად ჩვენ ვიკვლევთ გზებს, რომლითაც შევძლებთ ჩართულნი ვიყოთ, რათა შევინარჩუნოთ განვითარების მიღწევები და გავაგრძელოთ ავღანეთის ხალხის მხარდაჭერა“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა.
2002 წლიდან მსოფლიო ბანკმა ავღანეთში განვითარების პროექტების განხორციელებისთვის 5.3 მილიარდზე მეტი დოლარი გამოყო.