აშშ და დასავლეთის სხვა ქვეყნები შედეგებს მოიმკიან, თუ ავღანეთიდან თავიანთ ჯარებს 31 აგვისტოსთვის არ გაიყვანენ, - განაცხადა რადიკალური დაჯგუფება „თალიბანის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სუჰაილ შაჰინმა.
„ჯარების გაყვანის საკითხი წითელი ხაზია. პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ 31 აგვისტოს სამხედრო ძალებს გაიყვანს. თუ ისინი გაყვანის ვადებს გაახანგრძლივებენ, ეს ნიშნავს, რომ ისინი ოკუპაციას აგრძელებენ, რისი საჭიროებაც არ არსებობს“, - აღნიშნა „თალიბანის“ წარმომადგენელმა.
სუჰაილ შაჰინის თქმით, თალიბები მზად არ არიან, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს ევაკუაციისთვის დამატებითი დრო მისცენ.
„თუ აშშ ან დიდი ბრიტანეთი ევაკუაციის გასახანგრძლივებლად დამატებითი დროის მოპოვებას შეეცდებიან - ამაზე პასუხი უარყოფითია. ამას შედეგები მოჰყვება. ეს ჩვენ შორის უნდობლობას შექმნის. თუ ისინი ოკუპაციის გაგრძელებას აპირებენ, ეს რეაგირებას გამოიწვევს“, - განაცხადა მან.
15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ტაჯიკეთში გაიქცა. „თალიბანი“ ავღანეთს პრაქტიკულად სრულად აკონტროლებს. სამოქალაქო ავიამიმოსვლა „თალიბანთან“ შეწყვეტილია, ფრენებს მხოლოდ სამხედრო თვითმფრინავები ახორციელებენ, რომლებითაც მოსახლეობის ევაკუაცია ხორციელდება.
უფლებადამცველთა მონაცემებით, ქაბულის აეროპორტით ქვეყნის დატოვებას სულ მცირე 10 ათასი ადამიანი ცდილობს.