დიდი ბრიტანეთის მთავრობამ შეიმუშავა პროგრამა, რომელიც სამეფოში 20 ათასი ავღანელი მიგრანტის მიღებას ითვალისწინებს. ამის შესახებ Daily Telegraph-ში გამოქვეყნებულ საავტორო სტატიაში ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი პრიტი პატელი წერს.
მისივე თქმით, პირველი 5000 ავღანელი დიდ ბრიტანეთში წლის ბოლომდე ჩავა.
„მხოლოდ ჩვენი ძალისხმევა საკმარისი არაა, ამიტომ მოვუწოდებთ სხვა ქვეყნებს, შემოგვიერთდნენ. გვინდა, სხვებს ვაჩვენოთ მაგალითი, მაგრამ ამას მარტონი ვერ გავაკეთებთ. ბორის ჯონსონი ესაუბრა ჩვენს პარტნიორებს, მათ შორის გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, ნატოს გენმდივან იენს სტოლტენბერგსა და გაეროს გენმდივანს ანტონიუ გუტერიშს“, - აცხადებს პრიტი პატელი.
15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ტაჯიკეთში გაიქცა.
1-ელ მაისს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო. 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა.
ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანაში უსაფრთხოების მკვეთრად გაუარესებული მდგომარეობა აშშ-ის მიერ ჯარების გაყვანის მოულოდნელ გადაწყვეტილებას დაუკავშირა.