3 გარცდაცვლილი და 2 დაჭრილი - ასეთია წინანდლის ტყეში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების შედეგი. „რეზონანსისთვის“ წინანდალში, მუხიანის ტყეში მომხდარი სისხლიანი გარჩევის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმისა და მისი მეგობრის მკვლელობის შესახებ ადგილობრივები ორ ვერსიას ყვებიან. ერთი ვერსიით, დაპირისპირება ვალის დაბრუნებას უკავშირდება, რაც ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა და ორივე მხარემ იარაღი გამოიყენა. მეორე ვერსიით კი, დავა ბიზნესის გამო მოხდა, რომელიც სამშენებლო კომპანიას და კონკრეტულ ობიექტს ეხება.
„რეზონანსს“ ადგილობრივები უყვებიან, რომ დაპირისპირება უშუალოდ დასახლებულ ადგილას, სამშენებლო ობიექტთან მოხდა, სადაც ძმები ზვიადაურების ღვინის ქარხანა მდებარეობს. მათი ინფომაციით, წინანდალში ზვიადაურები დაბადების დღეზე იყვნენ და მუხიანის ტყეში ქეიფობდნენ. როგორც ჩანს, ამ დროს მათ ბავშვობის მეგობარმა ვასილ ცოცხალაშვილმა დაურეკა და დახმარება სთხოვა, რადგანაც მას ნიკა კენჭოშვილთან ბიზნეს დავა ჰქონდა.
ძმები სამშენებლო ობიექტთან, საავარაუდოდ, ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე მეგობართან ერთად მივიდნენ, რათა სიტუაცია გაერკვიათ. ნიკა კენჭოშვილიც მათთან შესახვედრად რამდენიმე თანმხლებ პირთან ერთად მივიდა, რომლებიც ასევე დაჭრილები არიან და თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობენ.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ჯერ კენჭოშვილმა ისროლა, მოკლა ზვიადაურის ძმა და მეგობარი, შემდეგ კი, სავარაუდოდ, მას ოლიმპიურმა ჩემპიონმა ზურაბ ზვიადაურმა ესროლა. ამის შემდეგ კი ზვიადაურმა ადგილობრივებს დახმარება სთხოვა, რომ დაჭრილები საავადმყოფოში გადაეყვანა. ადგილობრივთა გადმოცემით, დანარჩენი პირები, სავარაუდოდ, სროლის შემდეგ გაიქცნენ.
მათივე თქმით, ზვიადაურების ბავშვობის მეგობარი ცოცხალაშვილი საქართველოში 2 თვის წინ ჩამოვიდა და მას აღნიშნულ პირთან დავა ადრეც ჰქონდა. ეს დაპირისპირება კი მისი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ისევ გამწვავდა და მან დახმარება სიტუაციის გასარკვევად ძმებ ზვიადაურებს სთხოვა.
„მუხრანის ტყეში ქეიფობდნენ. მუშას ჰქონია დაბადების დღე. არ ვიცი ზუსტად მათი მეგობარი ცოცხალაშვილიც იქ იყო თუ არა. ძმები ქარხანასთან წინანდალში ჩამოვიდნენ და დაპირისპირებაც ამ დროს დაიწყო. სავარაუდოდ, სასაუბროდ კენჭოშვილი 4 მეგობართან ერთად აქ დაიბარეს. ჯერ ჩხუბი და გინება ყოფილა, მერე კი ადგილობრივებმა სასწაული სროლის და ყვირილის ხმა გავიგეთ. ჩვენი მეზობელი გოგო მოდიოდა და ამ ფაქტს შეესწრო. ის გოგო ყვიროდა - არ მომკლათ, მიშველეთო. ეტყობა ესენი გამწარებულები იარაღებით რომ მისდევდნენ ერთმანეთს, ეს ბავშვი შეეჩეხათ.
„რამდენიმე წუთის განმავლობაში ისროდნენ. თავი ფილმში მეგონა. მეზობლები გამოვცვივდით და საზარელი სურათი დაგვხვდა. ის კენჭოშვილი მანქანას იყო მიყუდებული და სისხლი გასდიოდა. ეს ზვიადაურის ძმა და მეგობარი მანქანაში იყვნენ ჩაცხრილულები. ამბობენ, ზურაბ ზვიადაურმა რომ დაინახა რომ ძმა მოუკლა კენჭოშვილს, ამის შემდეგ ესროლა. აბა, გამწარებული კაცი რას იზამდა. ძმა თვალწინ მოუკლეს და ისიც ჭკუიდან გადავიდა.
„მეზობლები მივცვივდით და დახმარებას გვთხოვდა. გვითხრა, დაჭრილები ავტომობილით წამაყვანინეთო. საავადმყოფოში თავადვე გადაიყვანა“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“.
მეორე ადგილობრივი კი იხსენებს, რომ სროლის დროს ის სახლში იმყოფებოდა და ტელევიზორს უყურებდა. ეგონა დაბადების დღეს აღნიშნავდნენ და ამიტომ არაფერი გაკვირვებია. მისი თქმით, მუხიანის ტყეში ქეიფი და სროლა ადგილობრივებისთვის უცხო არ არის, რადგანაც იქ მუდმივად ასეთი ამბავია. თუმცა, ქალების ყვირილის ხმამ დააეჭვა და გარეთ გაიქცა, სადაც საზარელი სურათი დახვდა.
„ცოცხალაშვილი ზვიადაურების ბავშვობის მეგობარია. 2 თვეა რაც საზღვარგარეთიდან საქართველოში დაბრუნდა. ზვიადაურებს წინანდალში ქარხანა და ვენახები აქვთ, მათ მეგობარს - სამშენებლო კომპანია. სავარაუდოდ, დაპირისპირების მიზეზიც სამშენებლო კომპანია გახდა. კენჭოშვილსაც იგივე ბიზნეს აქვს და ამის გამო დავა წარსულშიც ჰქონდათ. არ ვიცი მიწებს ვერ იყოფდნენ, თუ რა ხდებოდა.
„ახლაც, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ დაპირისპირება ისევ განახლდა. ცოცხალაშვილმა ძმებ ზვიადაურებს დახმარება სთხოვა და საქმის გასარჩევად წინანდალში მათ ქარხანასთან მოვიდნენ. რა მოხდა, რატომ დაუპირისპირდნენ ასე, არ ვიცით. ადგილობრივები მხოლოდ სროლის ხმაზე გამოვცვივდით.
„თავიდან მეგონა, რომ დაბადების დღის აღსანიშნავად ისროდნენ. დაახლოებით 12 ჯერ გაისროლეს. მუხიანის ტყეში სულ ასე არის. აქ სროლა და ქეიფი არავის უკვირს. თუმცა ქალების ყვირილზე მივხვდი, რომ ცუდი რაღაცა ხდებოდა. გამოვედი და ეს დაჭრილები დამხვდნენ. ერთი ავტომობილთან სისხლში ცურავდა და ორი ავტომობილში უკვე უგონოდ იწვნენ. ზვიადაური დახმარებას ითხოვდა. ყველანი ნასვამები ყოფილან“, -უყვება „რეზონანსს“ ერთ-ერთი ადგილობრივი.
მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულია ოლიმპიური ჩემპიონი. ზურაბ ზვიადაურის გარდა, ორმხრივი სროლის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთი პირი დააკავა. გამოძიება ოლიმპიურ ჩემპიონს განზრახ მკვლელობას, მეორე დაკავებულს კი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვას ედავება, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია. ადგილობრივებისა და თვითმხილველები გამოკითხვა პოლიციაში ამ დრომდე მიმდინარეობს.
დაპირისპირებაში 7 ადამიანი მონაწილეობდა. ერთ-ერთი მოკლული ნიკა კენჭოშვილია, რომლის მკვლელობასაც ოლიმპიურ ჩემპიონს, ზურაბ ზვიადაურს ედავებიან. ნიკა კენჭოშვილი დასავლეთ საქართველოდანაა და ის საკუთარ სახლში ჯერ არ გადაუსვენებიათ.
დაკავებულები კახეთის სამხარეო პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.