გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში თალიბებს ავღანეთში ადამიანის უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს.
„გაეროს გენერალური მდივანი შეშფოთებულია ავღანეთში შექმნილი პოლიტიკური კრიზისით. ის „თალიბანსა“ და კონფლიქტის სხვა მხარეებს მოუწოდებს, მაქსიმალური თავშეკავებულობა გამოიჩინონ“, - განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სტეფან დიუჟარიკმა.
გაეროს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ავღანეთის მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უზრუნველყოფა.
15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ტაჯიკეთში გაიქცა.
ავღანეთის 34 პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრებიდან 27 უკვე „თალიბების“ ხელშია. ქაბულამდე, დაჯგუფებამ ნანგარჰარის პროვინციის დედაქალაქი, ჯალალაბადი აიღო და როგორც მედია წერს, დაჯგუფებას ამ ქალაქზე კონტროლის დასამყარებლად, ბრძოლაც კი არ დასჭირვებია.
ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, ავღანეთში, დამატებით, 1 000 სამხედრო გაიგზავნება.
1-ელ მაისს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო. 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა.
ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანაში უსაფრთხოების მკვეთრად გაუარესებული მდგომარეობა აშშ-ის მიერ ჯარების გაყვანის მოულოდნელ გადაწყვეტილებას დაუკავშირა.