პაატა ზაქარეიშვილი:  თეა ახვლედიანის ამ განცხადებას შესაძლოა აფხაზეთში დე ფაქტო ხელისუფლების გადაყენება მოჰყვეს

პაატა ზაქარეიშვილი: თეა ახვლედიანის ამ განცხადებას შესაძლოა აფხაზეთში დე ფაქტო ხელისუფლების გადაყენება მოჰყვეს

პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის მიერ პარლამენტში გაკეთებული განცხადება აფხაზეთში განხორციელებულ 100 პროექტზე შეცდომად მიიჩნევს. Მისი აზრით, ამ განცხადებას შესაძლოა აფხაზეთში მორიგი კრიზისი და დე ფაქტო ხელისუფლების გადაყენება მოჰყვეს, რაშიც დამნაშავე ქართული მხარე იქნება.

თეა ახვლედიანის განცხადებამ აფხაზეთში უკვე გამოიწვია სერიოზული ვნებათაღელვა. აფხაზეთის ომის ვეტერანთა საზოგადოებრივი ორგანიზაცი „აარუა" გადაჭრით ითხოვს დე ფაქტო ხელისუფლებისაგან იმ პროექტების სიის გამოქვეყნებას, რომელზეც საუბრობდა ქართველი მინისტრი.

„ოფიციალური პირები ჩადიან საქართველოში სამკურნალოდ, ხოლო საქართველოს სახელმწიფო მინისტრი აცხადებს, რომ ასამდე პროექტი ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით აფხაზეთში. ეს პროექტები უდავოდ მიზნად ისახავს აფხაზეთის განადგურებას. ჩვენ ვითხოვთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ვეტერანებს აცნობოს იმ პროექტების შესახებ, რაზეც საუბრობს ქართველი მინისტრი ", - განაცხადა ვეტერანთა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თემურ გულიამ სოხუმში „აარუას" ორგანიზებით გამართულ პრესკონფერენციაზე.

თეა ახვლედიანის ამ განცხადებას, რომელსაც სოხუმში ვნებათაღელვა მოჰყვა, გაუმართლებლად მიიჩნევს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი. „რეზონანსთან" საუბრისას ის აცხადებს, რომ ასეთი მოლაპარაკებები, მითუმეტეს, როდესაც ეს მოლაპარაკებები აფხაზეთის მხარესთან მიმდინარეობს, საჯაროდ არ უნდა იქნეს განხილული.

„მესმის, რომ მსგავსი განცხადება შესაძლოა გამოუცდელობით იყოს გამოწვეული, მაგრამ მინისტრს ხომ ჰყავს მრჩევლები, სწორედ მათ არ უნდა დაეშვათ მსგავს საკითხზე საჯარო საუბარი. მოლაპარაკებები ყოველთვის იყო და პროექტებიც მიმდინარეობდა, თუმცა ამ საკითხზე ხმამაღლა არავის უსაუბრია.

„ჯობს არ საუბრობდე და მიმდინარეობდეს პროცესები, ვიდრე ისაუბრო და პროექტების განხორციელება შეწყდეს.

„როგორც კი მოვისმინე განცხადება, მაშინვე მივხვდი, რომ ამ ფაქტს აიტაცებდა დე ფაქტო ხელისუფლების ოპოზიციური მხარე და გარკვეული შედეგები მოყვებოდა. ისინი ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტის ხაჯიმბას მომხრეები არიან. მეტიც, მათი წევრების დიდი ნაწილიც ღებულობს საქართველოდან პროექტებს, ამაში არ არსებობს ორი აზრი. მათთან იყო შეთანხმება, რომ ქართულ მხარეს არასდროს ესაუბრა რას აკეთებდა აფხაზებისთვის აფხაზეთში.

„ეს ფაქტი ხელზე დაიხვია აფხაზეთის ოპოზიციამ დღევანდელი დე ფაქტო ხელისუფლების წინააღმდეგ. ყველამ, ვინც წინააღმდეგია კარგად იცის, რომ მსგავსი მოლაპარაკებები და პროექტები ხდება. პროტესტის გამომხატველთა შორის გალის ხელმძღვანელობაცაა, რომელთაც კარგად იციან რაც კეთდება გალის რაიონში. ის, რაც თეა ახვლედიანმა თქვა, დაუშვებელი და ძალიან დიდი შეცდომა იყო ქართული მხრიდან. თავის მოწონების გამო არ უნდა გაესაჯაროვებინათ რა კეთდება აფხაზეთის მხარესთან მიმართებით, რადგან აფხაზეთს არ სურს რუსეთი გააღიზიანოს.

„როგორც კი ხმამაღლა საუბრობ იმაზე, რაც ყველამ იცის, შენ აკეთებ დემონსტრირებას, რომ ახორციელებ შენს პოლიტიკას. ეს არის უარყოფითი განცხადება, რომელსაც მაშინვე ჩაავლო ხელი აფხაზეთის ოპოზიციურმა ნაწილმა.

„ასეთი განცხადების გამო დაგეგმილია გამოსვლები ოკუპირებულ აფხაზეთში და ამას ხელისუფლების გადადგომა რომ მოყვეს, ეს იქნება ქართული მხარის ბრალი", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

რამდენიმე დღის წინ, საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანმა, პარლამენტში გამოსვლისას, განაცხადა, რომ აფხაზურ საზოგადოებასთან არაფორმალური კომუნიკაციის შედეგად, საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით, „დაგროვდა წარმატებული თანამშრომლობის მაგალითები".

„100 -მდე პროექტი განხორციელდა აფხაზეთში, რომელიც მიზნად ისახავს ნდობის აღდგენას", - განაცხადა ახვლედიანმა, პროექტების შესახებ კონკრეტული დეტალების გარეშე.

Katana . მდაა...
ისე, ბიოგრაფიაც ძალიან კარგი აქვს ქალბატონ მინისტრს და გარეგნობაც.
ოღონდ, მისი ამგვარი საქციელის შემდეგ გამიჩნდა კითხვა: მინისტრის კარგი ბიოგრაფია კარგი ჭკუის შედეგია თუ კარგი გარეგნობის?
3 წლის უკან