კახა კუჭავა: გამოგიტყდებით, მე და ჩემმა მეუღლემ სიღნაღში ვიქორწინეთ, ეს ისტორიული ქალაქი ყოველთვის იყო და დარჩება სიყვარულის, მეგობრობისა და სიმშვიდის სიმბოლოდ

კახა კუჭავა: გამოგიტყდებით, მე და ჩემმა მეუღლემ სიღნაღში ვიქორწინეთ, ეს ისტორიული ქალაქი ყოველთვის იყო და დარჩება სიყვარულის, მეგობრობისა და სიმშვიდის სიმბოლოდ

მნიშვნელოვანია თქვენი აქტიურობა, რადგან მხოლოდ მერი არ არის საკმარისი. განმსაზღვრელია საკრებულოში გამარჯვება, რათა დასრულდეს და დაგვირგვინდეს ყველა ის პროექტი, რომელიც დაგეგმილია მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ „ქართული ოცნების“ სიღნაღის მერობის კანდიდატის, მალხაზ ბეგიაშვილის წარდგენისას განაცხადა.

მისი თმით, მუნიციპალიტეტს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს და ხელისუფლებამ ამისთვის კიდევ მეტი შესაძლებლობა უნდა შექმნას.

„მნიშვნელობა არ აქვს, პირველად ჩამოდიხარ ამ ულამაზეს ქალაქში, სიღნაღში თუ მას მეასედ სტუმრობ. გამორიცხულია, ერთი და იგივე შეგრძნება არ გაგიჩნდეს, როდესაც გადახედავ ამ სილამაზეს, მიღწევებს, რომელიც კუთხეს განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის.

გამოგიტყდებით, მე და ჩემმა მეუღლემ სიღნაღში ვიქორწინეთ. ეს ისტორიული ქალაქი ყოველთვის იყო და დარჩება სიყვარულის, მეგობრობისა და სიმშვიდის სიმბოლოდ.

აუცილებელია, აღვნიშნოთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მუნიციპალიტეტია ეკონომიკური სარგებლის კუთხით. აქ არის 1 200 ჰექტარზე გაშენებული თევზის ტბორები და ამის კიდევ უფრო განვითარებაა საჭირო, რაც შესაძლოა, იყოს ერთ-ერთი მთავარი მასტიმულირებელი ეკონომიკური სიძლიერის არა მხოლოდ ამ რეგიონის, არამედ მთლიანად საქართველოსთვის.

ჩვენ უნდა შევქმნათ საექსპორტო პროდუქცია, რომელიც პირველ რიგში, ორიენტირებული იქნება ხარისხზე. გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები როგორც ევროკავშირთან, ასევე, ბევრ სხვა ქვეყანასთან და აუცილებელია, ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ - შევქმნათ ისეთი ხარისხის პროდუქტი, რომლითაც დავიმკვიდრებთ ადგილს საერთაშორისო ბაზარზე.

ძალიან ბევრი შესაძლებლობაა და უნდა შევქმნათ ახალი შესაძლებლობები. ამისთვის საჭიროა მუნიციპალიტეტის საჭიროებებზე ორიენტირებული მერი და მისი გუნდი. წარმატებას ვუსურვებ კანდიდატს და მოვუწოდებ, რომ ყოველდღიურად იყოს ჩართული თითოეულ მოსახლესთან კომუნიკაციაში და რაც ყველაზე მთავარია, მეტი ახალგაზრდები ჩართოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ჩვენ ახალგაზრდებზე დიდ იმედებს ვამყარებთ. სწორედ მათი ახალი იდეებით, პროექტებით, ინოვაციური მიდგომებით კიდევ უფრო გავამდიდრებთ ყველა კუთხეს. მნიშვნელოვანია თქვენი აქტიურობა, რადგან მხოლოდ მერი არ არის საკმარისი. განმსაზღვრელია საკრებულოში გამარჯვება, რათა დასრულდეს და დაგვირგვინდეს ყველა ის პროექტი, რომელიც დაგეგმილია მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში“, - განაცხადა კუჭავამ.