ყოველდღიურად ვგრძნობ თბილისელების მხარდაჭერას, რასაც ძალიან ვაფასებ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში კიდევ უფრო მაგარი პროექტები განვახორციელოთ, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებთან დაკავშირებით.
„ჩემთვის ყველაზე მთავარი არის ჩვეულებრივი, რიგითი თბილისელების, ამ ქალაქის მცხოვრები ადამიანების მხარდაჭერა, რასაც მე ვგრძნობ ყოველდღიურ რეჟიმში. ისევ და ისევ, ეს გამოწვეული არის ჩვენი გაკეთებული საქმეებით, თბილისში განხორციელებული პროექტებით, რასაც ძალიან ვაფასებ. მადლობელი ვარ ამ მხარდაჭერისთვის და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში კიდევ უფრო მაგარი პროექტები გავაკეთოთ, კიდევ უფრო საინტერესო და კომფორტული გავხადოთ ჩვენი ქალაქი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
„ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, კახა კალაძე თბილისის მერის არჩევნებს პირველივე ტურში იგებს, პარტიების შორის ხმების გადანაწილება კი აჩვენებს, რომ „ქართულ ოცნებას“ 46%-ზე მეტი აქვს. ამავე კვლევის თანახმად, დედაქალაქის საკრებულოს უმრავლესობას მმართველი პარტიის კანდიდატები დააკომპლექტებენ.