მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კოალიციური მმართველობის აუცილებლობაზე ისაუბრა, ეს თემა მსჯელობის საგანი გახდა. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დღეს ამ თემის განხილვას აბსურდულად მიიჩნევენ, ვინაიდან მათი მოსაზრებით, საქართველოში კოალიციური მმართველობის არანაირი წინაპირობა არ არსებობს. ასეა თუ ისე, ამას მორიგი, თუ რიგგარეშე არჩევნების შედეგები გადაწყვეტს. „დარწმუნებული ვარ, ამ ქვეყანაში არავის უნდა, რომ ძველი ძალა დაბრუნდეს, გამოსავალია ვცადოთ ის, რაც ამ ქვეყანაში იქნება ახალი, უჩვეულო - კოალიციური მთავრობა, კოალიცია აუცილებელია და არ შეიძლება მუდმივად ქვეყანაში ერთი პარტია იყოს“, - განაცხადა პრეზიდენტმა "შაბათის ქრონიკასთან" ინტერვიუში და ხაზი გაუსვა იმას, რომ მას ამ საკითხზე უმრავლესობისგან დამოუკიდებელი პოზიცია აქვს და „დინების მიმართულებით არ მიცურავს“.
„ერთპარტიული მმართველობა ავნებს ყველაფერს და საქართველოში ის არასოდეს იქნება, - ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამაც, რომლის თქმითაც, თავისუფლად შესაძლებელია, რომ 2024 წლის შემდეგ კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება გახდეს საჭირო. - პარლამენტის თავმჯდომარე ვიქნები, თუ ჩვეულებრივი მოქალაქე, ასე გადავწყვიტო კოალიციური მთავრობა იქნება თუ არა, ნამდვილად არ არის მართალი, ფაქტი ერთია, ამას საქართველოს მოსახლეობა გადაწყვეტს“.
რაც შეეხება პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერს, გია ვოლსკი დღევანდელ კონფიგურაციაში კოალიციური მთავრობის პერსპექტივას ვერ ხედავს და ვერც იმის შანსს, რომ კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიებმა ან ზნე იცვალონ ან - ფერი.
“საქართველოში, პოლიტიკურ პარტიებში პოლიტიკური კულტურა საკმაოდ დაბალია. საზოგადოების იმედად უნდა დავრჩეთ, რომ ზუსტად ისეთ პარტიებს შეარჩევენ, რომელთა ინტელექტი, პათოსი, ენერგია სახელმწიფოს ინტერესებზე იქნება ორიენტირებული და გამომდინარე აქედან, ჩემი სკეპტიციზმი დამარცხდება. დღევანდელ კონფიგურაციაში კოალიციური მთავრობის პერსპექტივას ვერ ვხედავ. იმედი მაქვს, 2024 წელი გარდამტეხი წელი იქნება", - აღნიშნა გია ვოლსკიმ.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე იწონებს, პრეზიდენტი თანდათან დამოუკიდებელ და ნეიტრალურ მოთამაშედ რომ ყალიბდება, ხოლო მისი განცხადების საპასუხოდ ამბობს, რომ კარგია კოალიციური მთავრობა, მაგრამ ეს არჩევნების შედეგების მიხედვით გადაწყდება და არა იმის მიხედვით, ვის რა სურს. ხელოვნური კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება კი არასწორია და არც არაფრის მომტანი.
„ბოლო დროს მართლაც შეიცვალა პრეზიდენტის რიტორიკა, ის უფრო დამოუკიდებელი და ნეიტრალური ხდება. მისი განცხადებებიც, შესაბამისად, ერთი-ერთში არ იმეორებს ხელისუფლების განცხადებებს. ვფიქრობ, რომ ზურაბიშვილმა თავისით გადაწყვიტა, ან მიშელთან შეხვედრის შემდეგ მიახვედრეს და მის გამოსვლებში განსხვავებული ინფორმაციებიც გაჩნდა. ვიტყოდი, რომ საპარლამენტო მმართველობის დროს პრეზიდენტი სწორედაც რომ პოლიტიკურად ნეიტრალური უნდა იყოს და ერთი-ერთში არ უნდა იმეორებდეს არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის ნარატივს. პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი პოზიცია, პოლიტიკური სპექტრისადმი მიდგომა უნდა იყოს თანაბარი, ერთი სიტყვით, ნეიტრალურ პერსონად უნდა ჩამოყალიბდეს. შეიძლება ის ცოტა გვიან მიხვდა ამას, ან მიახვედრეს, მაგრამ სასიამოვნოა, რომ ეს პროცესი იწყება.
რაც შეეხება კოალიციურ მმართველობას, ამას არჩევნების შედეგები განსაზღვრავს. ხელოვნური კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება არასწორია და არც არაფრის მომტანი. შეგახსენებთ, რომ შევარდნაძიდან მოყოლებული, თითქმის ყველა ხელისუფლებაში (დღევანდელის ჩათვლით), აღმასრულებელი ხელისუფლება საწყის ეტაპზე თითქმის კოალიციური იყო. თუ გავითვალისწინებთ 1992-95 წლების პერიოდს, მაშინაც შევარდნაძის მინისტრთა კაბინეტი მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალით არ იყო დაკომპლექტებული. იქ იყვნენ ეროვნულ დემოკრატებიც, რესპუბლიკელებიც, სახალხო ფრონტიც... ანუ წარმომადგენლობა იყო დიდი, მაგრამ ეს არ იყო კოალიციური მთავრობა. კოალიციური მთავრობა ნიშნავს იმას, რომ შენ არჩევნების შედეგების გამო გეკუთვნის მანდატი. როდესაც მთავარი პოლიტიკური ძალა ვერ აგროვებს 50% +1, მაშინ ჩნდება კოალიციური მთავრობის არსებობის აუცილებლობა. ძლიერი პარტია ეცდება, რომ მინიმალური დანაკარგებით მიიღოს მთავრობა (მინისტრთა პორტფელებს ვგულისხმობ), ანუ 51%. ამიტომ არც მოწოდების დონეზე და არც ვინმეს ნება-სურვილზე ეს არ არის დამოკიდებული.
აქამდე ყველა მმართველ პარტიას ჰქონდა 51%-ს +1, ან უფრო მეტი და ამიტომაც არ ყალიბდება კოალიციური მთავრობები. მიუხედავად იმისა, პრეზიდენტმა რა განაცხადა, თუ რიგგარეშე არჩევნები არ იქნა, სხვა პარტიებიდან შეიძლება იყოს თითო მინისტრი, მაგრამ ეს არ იქნება კოალიციური მთავრობა. კოალიციური მთავრობის ეფექტურობა ის არის, რომ თუ კოალიციას ერთ-ერთი ტოვებს, ის 50%-იანი ბარიერი ვარდება და ჩნდება ახალი გარემოება, რომ ოპოზიციასთან ერთად შეიქმნას ახალი კოალიციური მთავრობა.
თუ მმართველი გუნდი, ან პარტია, რომელსაც ყველაზე მეტი მანდატი აქვს, ამ საფრთხეს არ გრძნობს, თუ მას ისედაც აქვს 50%, მისი კეთილი ნებაა, სხვა პარტიიდან მოიყვანოს ვინმე და რაღაცის მინისტრად დანიშნოს, არ მოეწონება და - გაუშვას. ამით ხელისუფლება არ შეიცვლება, კოალიციური მთავრობის დროს კი მუდმივად ექნება იმის ფიქრი, რომ ის თუ წავიდა, უმრავლესობა დაეშლება და ახალი მთავრობის ფორმირება დაიწყება. ეს არის მთელი ანატომია და კოალიციური მთავრობის მთავარი არსი.
სხვა შემთხვევაში, დღეს რომ „ქართულმა ოცნებამ“ ყველა ოპოზიციური პარტიიდან თითო-თითო მინისტრი დანიშნოს, ეს ფორმალურად იქნება კოალიციური მთავრობა, მაგრამ როცა მოუნდება, მაშინ გაყრის ყველას. ასეთი რამ გაკეთდა, სხვათა შორის, 2012-16 წლებში. მაშინაც კოალიციური მთავრობა იყო - რესპუბლიკელები, თავისუფალი დემოკრატები და ა.შ. როცა მოუნდათ, ისინი არა მარტო გაყარეს, მაგ. თავისუფალი დემოკრატები დაიჭირეს კიდეც, მაგრამ ამით კოალიციას არაფერი დაუკარგავს - „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობა შეინარჩუნა და დღესაც ინარჩუნებს.
კარგია კოალიციური მთავრობა, მაგრამ ეს არჩევნების შედეგების მიხედვით გადაწყდება და არა იმის მიხედვით, ვის რა სურს. სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოება, მიუხედავად ამ 30 წლიანი დამოუკიდებელი არსებობისა, მაინც ერთპარტიულობასა და ერთპიროვნულობას არის მიჩვეული. თუ იქნება არჩევნები და სხვაგვარი იქნება არჩევნების შედეგები, მაშინ არც ვოლსკის და არც არავის კითხავენ რამეს“.
ეხმიანება რა პრეზიდენტის განცხადებას, პოლიტოლოგ ნიკა მეტრეველს არასერიოზულად მიაჩნია კოალიციურ მმართველობაზე საუბარი, ვინაიდან კოალიციური მთავრობის ჩამოსაყალიბებლად საქართველოში არანაირი წინაპირობა არ არსებობს.
„კოალიციური მთავრობები იქმნება პოლიტიკური სუბიექტების ამომრჩეველთა ნების სრული გათვალისწინებით. მეორე - პოლიტიკური სუბიექტების იდეოლოგიური თავსებადობით, მესამე - დემოკრატიულ საზოგადოებებში პოლიტიკაში არსებობს მკაცრი მორალური და იურიდიული ნორმები. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში კოალიციური მთავრობის ჩამოსაყალიბებლად არც ერთი ეს ჩამოთვლილი წინაპირობა არ არსებობს.
პრეზიდენტი როდესაც მსგავს განცხადებას აკეთებს, ის როგორც პასუხისმგებელი პოლიტიკოსი, მკაფიოდ უნდა ასახელებდეს კოალიციური მთავრობის შესაძლო სუბიექტებს. და საერთოდ, ყოვლად არასერიოზულად მეჩვენება დღეს ამ საკითხზე მსჯელობა, გამარჯვებულ პოლიტიკურ პარტიას უპრობლემოდ აქვს დაკომპლექტებული ხელისუფლების ყველა შტო და ვერტიკალი იმიტომ, რომ ასე გადაწყვიტა მოსახლეობის უმრავლესობამ. მომავალშიც ზუსტად ასევე იქნება, თუ გადაწყვეტს ქართველი ხალხი „ქართული ოცნება“ მეოთხე ვადითაც შეიძლება იყოს გამარჯვებული და ამაში არადემოკრატიული არაფერი იქნება. ან რა უნდა ქნას ნებისმიერმა პოლიტიკურმა ძალამ, თუ ხალხი მას კანონიერად მეოთხედ, ან თუნდაც მეხუთედ აირჩევს? უარი თქვას ძალაუფლებაზე?! აქედან გამომდინარე, ყველამ კარგად უნდა გაიზროს, რომ პოლიტიკა დემოკრატიულ საზოგადოებაში ხალხის ნებით წარმოებს და არა პოლიტიკური თამაშებისთვის“.