"ერის კულტურა და განათლება საზოგადოების საშუალო დონით განისაზღვრება, რომელიც ძალიან დაბალია"
"განათლების და კულტურის დეფიციტი იმ ნეგატიური პროცესების სათავეა, რაც ჩვენი ყოველდღიურობა გახდა", - ამბობს დირიჟორი გოგი ჭიჭინაძე. "კვირის პალიტრა" მას მიმდინარე მოვლენებზე ესაუბრა.
- ახლა რაც ქვეყანაში ხდება, ორი მიზეზი აქვს: პირველი - საშუალოზე დაბალი კულტურის დონე. ეს ჩანს ყველგან, ვაქცინაციის პროცენტულობაზე, პირბადის ტარებაზე, რეგულაციების დაცვაზე, საზოგადოდ, ყოველდღიურ ცხოვრებაში: ქუჩაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ურთიერთდამოკიდებულებაში. ის, რომ გვყავს ისეთი სასიქადულო ადამიანები,
აკადემიკოსები, პროფესორები, არ ნიშნავს, რომ კულტურული ქვეყანა ვართ, კულტურა სხვა რამეა - ერის კულტურა და განათლება საზოგადოების საშუალო დონით განისაზღვრება, რომელიც ძალიან დაბალია. კულტურა განათლებიდან მოდის, განათლებას კი მხოლოდ ნაკითხობა არ შველის. ამის დასტურია თუნდაც წინა მთავრობის მაგალითი. შეიძლება ადამიანი ნაკითხი იყოს, მაგრამ შინაგანი უკულტურობის გამო არ შესწევდეს დაგროვილი ინფორმაციის გულში გატარების უნარი. ჩემი აზრით, გულში გატარებული და სწორად გამოყენებული ინფორმაციაა სწორედ განათლება.
მეორე მიზეზი დღევანდელი მთავრობის უსუსურობაა. მას არა აქვს ორიენტირები, სახელმწიფოს პრიორიტეტები არ გააჩნია, ფუნდამენტურ ცვლილებებზე კი არა, პროექტულ სისტემაზეა გადასული. ყველაფერი პროექტია - კონცერტიც და შეხვედრებიც, თან თითქმის ყველაფერი, რაღაც გამონაკლისების გარდა, მდაბიურად კეთდება. კი ვამბობთ, რომ ასეც არ ბნელაო, მაგრამ სინამდვილეში ბნელა. ეს გვეტყობა მსჯელობის, კამათის უნარის უქონლობაზე. როდესაც ადამიანს კამათი არგუმენტებით არ შეუძლია, ის აგრესიასა და ძალმომრეობაზე გადადის. ეს მისი ბუნებრივი მდგომარეობაა. ეს გვჭირს ჩვენ...
მუდმივად გაედინება ქვეყნიდან ინტელექტი. არაერთხელ მითქვამს, ჩემთვის ტრაგედიაა, როდესაც პოლონეთიდან საქართველოში ჩამოვდივარ, დიდ დროს ვკარგავ და თავს ვაკლავ ჩემს სტუდენტებს, რომ განათლება მივცე, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ მათ შორის საუკეთესოებს საქართველოს კი არა, უცხო ქვეყანას ვუზრდი...
მხოლოდ ერთეულები რჩებიან სიგიჟემდე მისული ენთუზიაზმის გამო ქვეყანაში. ვერ გავამტყუნებ წასულებს, რადგან ყველა ცდილობს ცოდნის რეალიზებას. საქართველოში ნიჭიერსა და პროფესიონალ ადამიანს არა აქვს განცდა, რომ თავის ქვეყანაში საჭიროა. ამიტომაც მიდიან იქ, სადაც საჭირო არიან.
- როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ შეძლო ვერც ერთმა ხელისუფლებამ ამის შეჩერება?
- ისევ და ისევ იმიტომ, რომ სახელმწიფო არ არის დაინტერესებული ერის განათლებითა და კულტურით.
კოვიდპანდემიის დროს ხელოვანებს ურეკავდნენ და სთხოვდნენ, არაფერი გააკეთოთ, ნუ უკრავთ, ნუ მღერით, ხელფასს ხომ გიხდით, გაჩერდითო! სახელმწიფო ვერ ხვდება, რომ კულტურული ცხოვრებისა და განათლების შეჩერება ძალიან ცუდია.
პოლონეთში, სადაც მე ვმუშაობ, კულტურა ძალიან განვითარებულია და სხვათა შორის, საქართველოსა და ბევრი სხვა ქვეყნისგან პოლონეთს ისიც განასხვავებს, რომ კულტურული და მეცნიერული ცხოვრება მხოლოდ დედაქალაქში კი არა, სხვა ქალაქებშიც განვითარებულია. კრაკოვში, გდანსკსა და პოზნანშიც კულტურული ცხოვრება დუღს. პანდემიის დროს ხელისუფლების წარმომადგენლები ყველა ქალაქის ფილარმონიაში რეკავდნენ და მოითხოვდნენ, რომ არ შეჩერებულიყო შემოქმედებითი პროცესი, ოღონდ რეგულაციების დაცვით. ყოველ პარასკევს გაუშვით ლაივსტრიმები, რომ ხალხმა უფასოდ ნახოს, ყველანაირ მხარდაჭერას ჩვენ უზრუნველვყოფთო.
- პოლონეთს ისეთი მძიმე სოციალური, ეკონომიკური და სხვა სახის პრობლემები არა აქვს, როგორიც საქართველოს...
- მერე რატომ? ვინ დაგვიშალა, რომ ასეთივე სახელმწიფო აგვეშენებინა? თუცა შორი გზა გვაქვს იქამდე, თუნდაც იმიტომ, რომ ეს მხოლოდ ხელისუფლების ბრალი არ არის, საზოგადოებაც სიძულვილითა და აგრესიით არის გამსჭვალული...
ეს შავებში ჩაცმული ადამიანები, მხოლოდ იმ სასულიერო პირებს კი არ ვგულისხმობ, ვინც ძალადობისკენ მოუწოდებდა ხალხს, მათაც, ვინც მზად არიან ხვალ-ზეგ იგივე გააკეთონ, რაც 5 ივლისს ჩაიდინეს, თავისუფლად გრძნობენ თავს. მათი მხოლოდ ნაწილია დასჯილი, მაგრამ არც მათი დასჯა გვაძლევს რამეს. საკითხავია, რატომ მიიყვანა სახელმწიფომ საქმე იქამდე, რომ ეს მომხდარიყო? ეს ხომ მთავრობის უპრინციპობითა და უნიათობით მოხდა... მეცხრე წელია ხელისუფლებაში არიან და იმის უნარიც არ შესწევთ, დამნაშავეებს, მკვლელებსა და სადისტებს ადგილი მიუჩინონ და როდესაც გვეუბნებიან, ამის გაკეთებას ამერიკა გვიკრძალავსო, სირცხვილია. ის ხალხი, ვინც წლების წინ ხელისუფლების სათავეში იყო და დანაშაულს კანონის სახელით სჩადიოდა, ახლა უფრო კომფორტულად გრძნობს თავს. მე არავის დასჯის მომხრე არა ვარ, პირიქით, ზედმეტად ჰუმანურიც კი ვარ, მაგრამ თუ გვსურს ოდესმე სახელმწიფოდ შევდგეთ, პრეცედენტი უნდა შეიქმნას, რომ კანონის დარღვევა არც ერთ დონეზე, ქუჩაში იქნება, კაბინეტში თუ რესტორანში, არავის შერჩება. თორემ სულ იქნება თითის გაშვერა და სპეკულაცია, ამაზე ნაკლებს ჩადიოდით ხელისუფლებაში ყოფნისას კანონის სახელითო? ეს ყველა ხელისუფლებას ეხება.
როგორმე იმის გაცნობიერება უნდა შევძლოთ, რომ დაუშვებელია ადამიანზე ძალადობა მხოლოდ იმიტომ, რომ ის ვიღაც მას არ ჰგავს. მე რწმენისა და ლოცვის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ზოგჯერ რაღაც საკითხებს რწმენით კი არა, განათლებით უნდა ვუშველოთ. განვითარებულ საზოგადოებებშიც ასე მოიხსნა ეს პრობლემა...
რამდენი წელია, მეცნიერებათა აკადემიიდან რაიმე სახის ინფორმაციაც კი არ გაგვიგია, კარგი ან ცუდი. ჩამკვდარია და იმიტომ.
- ხშირად გვესმის, რომ მთელი ყურადღება მხოლოდ პოლიტიკაზეა გადატანილი. ფიქრობთ, რომ ესეც არის მიზეზი?
- დიახ, მოსახლეობის დიდი ნაწილი პოლიტიკით ცხოვრობს. სხვა ყველაფერი თითქოს არც არსებობს. როდესაც სახელმწიფო ამა თუ იმ სფეროს ყურადღებას არ აქცევს, მაგალითად, მედიცინას, ეკონომიკას ან განათლებას, ის ვერც განვითარდება... ვერც მედიასა და მის როლს ავუვლით გვერდს - ჟურნალისტის პროფესია ძალიან სახიფათო და საპასუხისმგებლოა. სახიფათოა იმიტომ, რომ ბევრად იოლია, ვიდრე სხვა პროფესიები. ამა თუ იმ ადამიანს შეუძლია თავისი საქმე ცუდად აკეთოს და თან სულ ჩანდეს. მეტიც, რაც უფრო უნამუსოა ადამიანი, უფრო ჩანს, ეკრანზე იქნება თუ სხვაგან. ამ პროფესიაში უამრავი პროფესიონალი, სინდისიერი და პირნათელი ადამიანი ვიცით, მაგრამ ისინი არ ჩანან. სამაგიეროდ მუდმივად ჩანს მდაბიო, ყოველგვარ მორალს, ობიექტურობის შეგრძნებას მოწყვეტილი ვიღაც, რომელსაც ინტელექტი კი არა, მეტყველების კულტურაც არა აქვს და ასეთი იმით გახდა, რომ რომელიღაც ინტერნეტგამოცემაში ამაზრზენი, ბინძური რამ დაწერა და ცნობილი სახე გახდა.
ჩვენს რეალობაში ხომ ასეა - ვინც მეტს ყვირის, სიბინძურეს ამბობს, ის პოპულარული, თურმე ე.წ. უკომპლექსო ადამიანია... ჟურნალისტიკა თავისი არსით მოითხოვს ღირსეული, ობიექტური ადამიანების მსახურობას, რადგან სიმართლის სამსახურშია; ჟურნალისტს უნდა ჰქონდეს შინაგანი ცენზურა, რისთვის ეყოფა კვალიფიკაცია და რისთვის არა.
- პოპულარობას საზოგადოების ინტერესი განაპირობებს, ასე არ არის?
- იმიტომ, რომ არჩევანი არ არის. ისევ ძველ თემას დავუბრუნდები - სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი არ არის საზოგადოების განათლება... შესაძლოა ვიღაცას გაეცინოს, რა დროს ეს არისო, მაგრამ სულაც არ არის სასაცილო რასაც ახლა გეტყვით - წლებია კონსერვატორიაში საოპერო, სიმფონიურის სადირიჟირო ფაკულტეტი არ არის. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ამ სფეროში სპეციალისტს ვერ ვამზადებთ. ასეთ შემთხვევაში, იმისთვისაც მზად უნდა ვიყოთ, რომ ვიღაც უვიცი და თავხედი ამ ნიშას აუცილებლად დაიკავებს და ასეც ხდება.
როდესაც არ არსებობს მუსიკალური კრიტიკა, აუცილებლად გამოჩნდება ვიღაც, ვისაც ეყოფა სითავხედე, რომ რაღაც სისულელე დაწეროს და მუსიკალურ ნაწარმოებად გაასაღოს. ყველა სფეროში ასე ხდება.
როდესაც კვალიფიციური კადრი არ არის, მის ადგილს თავხედი, უკულტურო, უნიჭო, მაგრამ ამბიციური ადამიანი იკავებს.
- ქვეყნის ხვალინდელ დღეს როგორ ხედავთ?
- ძალიან კეთილგანწყობილი ადამიანი ვარ, ყოველთვის მჯერა, რომ რაღაც კარგი მოხდება. ამის რომ მჯერა, იმიტომაც ვცდილობ ბოლომდე დავიხარჯო, როგორც საქართველოში, ასევე პოლონეთში. მუდმივად ვცდილობ იქ ქართველი არტისტები ჩავიყვანო, მაგრამ ახლა მართლაც მხრებჩამოყრილი ვარ. ხელის კანკალით ვრთავ ტელევიზორს და მთელი დღის განმავლობაში ერთი დადებითი სიახლე არ ისმის... არ ვიცი, ამ ვითარებაში როგორ უნდა მქონდეს უკეთესი მომავლის იმედი. ჩემი თავი ჯანდაბას, ახალგაზრდას რატომ არ უნდა ჰქონდეს ხვალინდელი ნათელი დღის იმედი. იცით, რა მდგომარეობაშია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია და ინსტრუმენტები? ვის სცალია ამისთვის? ან საერთოდ, რისთვის გვცალია? ისეთი ინსტრუმენტები დგას, აღარც იწყობა და როგორ უნდა გააკრიტიკო ორკესტრი, რომელიც უსუფთაოდ უკრავს და წყობა არ უვარგა?
კულტურის ახალი მინისტრი გყავთ... არ დაინტერესდა პრობლემებით?
- დარწმუნებული ვარ, ახლანდელ მთავრობის წევრებსაც განსხვავებული ხედვები აქვთ, რაც უნდა მიზანდასახული, ნიჭიერი და ჭკვიანი ადამიანი იყოს ამა თუ იმ უწყების მინისტრი, ესა თუ ის საკითხი მთლიანი გუნდის, სახელმწიფოს ნება თუ არ იქნება, ცალ-ცალკე ვერაფერს შეცვლიან. ყველაფერი მორყეულია. გავიგეთ, რომ წინა ხელისუფლება სადისტები იყვნენ, მაგრამ უკვე დროა, დაგვიანებულიც კი არის, რომ რაღაც ახალი, სახელმწიფოსგან უფრო ნათელი, პრიორიტეტული ხედვა დავინახოთ... არ ვიცი, მე მოვესწრები თუ არა, მაგრამ იმედია, ჩემი სტუდენტების თაობა მაინც მოესწრება ქვეყანაში ხელისუფლება-ოპოზიციის ძიძგილაობის დასრულებას და ძლიერი, ჯანსაღი, განათლებული, ზომიერი და გაწონასწორებული ძალის მოსვლას, რომელიც ხალხზე იზრუნებს და ქვეყანას მოუვლის.