დეცენტრალიზაცია უსაგნოდ და უპიროდ ანუ  ტრაგედია უგმიროდ (წერილი მესამე)

დეცენტრალიზაცია უსაგნოდ და უპიროდ ანუ ტრაგედია უგმიროდ (წერილი მესამე)

აჭარასა და მხარეებს ცოტა ხნით თავი დავანებოთ და ისევ  ბედკრულ მუნიციპალიტეტებს დავუბრუნდეთ, რომელთაც დაშლას უპირებენ. რატომ? იოლად დარწმუნდებით, რომ სტრატეგების ვერც ერთი  არგუმენტი კრიტიკას ვერ უძლებს.

მათი მთავარი არგუმენტი ისაა, რომ თურმე დღევანდელი მუნიციპალიტეტი დიდია და მოქალაქეს ძალზე დაშორდა ადგილობრივი ხელისუფლება. ვის, თუ არა სტრატეგებს, უნდა მოეხსენებოდეთ, რომ „დიდი“ და „პატარა“, ისევე როგორც „სიშორე“ და „სიახლოვე“  არსებითად ფარდობითი ცნებებია. რასთან შედარებითაა „დიდი“ მუნიციპალიტეტი? ამ კითხვას რომ პასუხი გასცენ, თავს იმტვრევენ და სურთ მუნიციპალიტეტების გასაზომად ერთგვარი „საშუალო ევროპული სტანდარტი“ აღმოაჩინონ. ცხადია, ასეთი უნივერსალური სტანდარტი არ არსებობს, რადგან ყოველ ქვეყანას თავისი ტრადიცია და განვითარების გზა აქვს. სხვადასხვა ქვეყნებში თვითმმართველი ერთეულების მოსახლეობა ევროპაში ათას კაცზე ნაკლებიდან ასეულ ათასზე მეტის ფარგლებში მერყეობს. ასევეა თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაც - რამდენიმე კვადრატული კილომეტრიდან ასეულობით კვადრატულ კილომეტრამდეც კი ადის. ევროპული თვითმმართველობა არა ფიზიკური საზომით, ერთ თარგზე მოჭრილი არშინით კი არა, სწორედაც დეცენტრალიზაციის ხარისხით იზომება.

მუნიციპალიტეტების დაშლა: სრული სვლით პრეინდუსტრიალიზმისაკენ?

მიუხედავად ამისა, ჩვენმა სტრატეგებმა მაინც გამოიგონეს ეს გასაშუალებული სტანდარტი და 2004 წლიდან აუჩემებიათ - „კარგი“ თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობა 25 000 სულს, ხოლო ტერიტორია „სიგანეში“ 15 კმ-ს არ უნდა აღემატებოდესო! რატომაო? რომ ჰკითხავ, გიპასუხებენ - იმიტომ რომ მოქალაქესთან „ახლოს“ იყოს ადგილობრივი ხელისუფალიო.

სწორედ ამ „ახლოს“ სტანდარტით დათვალეს მათ და 2005 წელს საქართველოს ახალი რუქაც წარმოადგინეს, რომელზედაც 298 თვითმმართველი ერთეული „ეხატა“. უფრო სწორედ, წარმოადგინეს თვითმმართველი ერთეულებისა და მათში შემავალი დასახლებების ტექსტური ნუსხა, რომელიც მაშინდელი ვიცე-სპიკერის - მიხეილ მაჭავარიანის დავალებით პარლამენტის აპარატის თანამშრომლებმა რუქაზე გადაიტანეს. მერე ის რუქა მაჭავარიანმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში პროექტორით აჩვენა და ყველა თვალნათლივ დარწმუნდა, რომ რუქაზე უხვად იყო დარჩენილი „თეთრი ლაქები“ - უამრავი რეალურად არსებული დასახლება ამ 298-იდან ვერც ერთ თვითმმართველ ერთეულში ვერ მოხვდა! არა, კი არ გამოტოვეს, უბრალოდ გამორჩათ, რადგან შეუძლებელია ხუთიოდე კაცი, რომელიც ამ ნუსხას ადგენდა, ამ ზღვა სამუშაოს გამკლავებოდა.

ბუნებრივია, ეს „298-ის პროექტი“ ჩავარდა, როგორც ყოვლად დაუსაბუთებელი. მართლაც, რა დასაბუთება შეიძლება ჰქონოდა სოფლების ერთ ახალ ერთეულად ხელოვნურ გაერთიანებას? მოსახლეობასთან ფიზიკური სიახლოვე აქ არგუმენტად არ გამოდგება, რადგან მეზობელი სოფელი, შესაძლოა უფრო ახლოს კი იყოს, მაგრამ სრულიად უცხო და უჩვეულო, თავსმოხვეული და ამიტომაც სრულიად არალეგიტიმური, როგორც ახალი ადმინისტრაციული ცენტრი. იქ სიარულს მოქალაქეს ისევ ის ურჩევნია, ცოტა მეტი იაროს და მისთვის  ჩვეულ, ტრადიციულ და  მშობლიურ ქალაქში ჩავიდეს, რომელიც ადმინისტრაციულ ცენტრად მისთვის ბუნებრივად და ლეგიტიმურად აღიქმება. ახალი ადმინისტრაციული ცენტრის ხელოვნურად გაჩენას და მასთან მოქალაქის მიბმას, მოქალაქის მიერ ახალი ცენტრის ლეგიტიმურობის აღიარებას, მასთან თვითიდენტიფიკაციას, შესაძლოა, წლებიც არ ეყოს.

მანძილი მხოლოდ ფიზიკური განზომილება არ არის და კომუნიკაციისას ფსიქოლოგიურ დაშორებას, დელეგიტიმაციასთან დაკავშირებული ხელოვნური  ბარიერების შექმნას, შესაძლოა, ფიზიკურ მანძილზე გაცილებით უფრო დიდი და არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს!

რა გამოვა? ის, რომ ფიზიკურად ახლოს გადმოტანილი ცენტრი და იქ მოკალათებული ხელისუფლება რეალური კომუნიკაციის თვალსაზრისით, იმის გამო, რომ ფსიქოლოგიურად მიუღებელია და ლეგიტიმურად ვერ აღიქმება, უფრო მეტად დაშორდება მოსახლეობას.

სტრატეგებს არ სურთ იმის გაგება, რომ დღევანდელი მუნიციპალიტეტი (ყოფილი რაიონი) უკვე შემდგარი, წევრების მიერ ლეგიტიმურად აღიარებული თანასაზოგადოებაა, ხოლო მისი მთავრობის ხელით დაშლა და ახალ თანასაზოგადოებათა ხელოვნურად, გარეშე ჩარევით შეკოწიწება კი  – აშკარა  ძალადობა საზოგადოებაზე!

მუნიციპალიტეტი, როგორც თანასაზოგადოება, მასში შემავალ დასახლებათა საზოგადოებების თვითდადგენილი გაერთიანებაა, რომელიც თითქმის საუკუნის განმავლობაში ბუნებრივ, ლეგიტიმურ ერთობად ჩამოყალიბდა.

განა ძალადობა არ იქნება მისი ერთი ხელის აქნევით დაშლა? როგორ წარმოგიდგენიათ სრულიად ხელოვნურად, სოფლების ახალ ერთეულებად, „ჭკვიანი სტრატეგების ბრძნული გეგმის“ მიხედით, გაერთიანება?  ეს ხომ ძალზე მტკინვნეული იქნება მთლიანად ქართველებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებშიც; ხოლო ეთნიკურად არაერთგვაროვანი თანასაზოგადოების დაშლა უთოოდ მონო ეთნიკური ერთეულების შექმნით, შესაბამისად – ეთნიკურ უმცირესობათა სავალალო სეგრეგაციით დასრულდება!

როგორ უბრუნდებათ ენა, რომ მაგალითად, მარნეულს და განსაკუთრებით ბოლნისს, რომელიც ძირითადად ქართველებით დასახლებული ქალაქია, მუნიციპალური თანასაზოგადოებიდან გამოყვანას უპირებენ, რითიც, ფაქტიურად. უმცირესობებით დასახლებულ მონოეთნიკურ თვითმმართველ ერთეულებს შექმიან?! აღარაფერს ვიტყვი შედარებით უკეთ ინტეგრირებულ ისეთ სოფლებზე, როგორებიცაა, მაგ. კახეთში – ყარაჯალა ან კაბალი, რომელთაც, თუ ეს ვაი–სტრატეგია გატარდა, ასევე არსებული მუნიციპალური თანასაზოგადოებიდან გარიყვა და დეზინტეგრაცია დაემუქრებათ!

არგუმენტი, რომ ყოფილი რაიონი, რომლის ტერიტორიაზეც დღევანდელი მუნიციპალიტეტია შექმნილი, კომუნისტური გადმონაშთია, ცხადია, სრულიად უსუსურია და ყურით მოთრეული.

დიახ, რაიონები თავის დროზე კომუნისტებმა შექმნეს, მაგრამ ტერიტორია თავისთავად არ შეიძლება „კომუნისტური“ ან „დემოკრატიული“ იყოს. კომუნისტურია პროლეტარიატის ბოლშევიკური დიქტატურა, უვარგისი, ცენტრალიზებული, პარტიულ–ნომენკალტორული მმართველობა და არა ტერიტორია! ტერიტორიის დემონიზება და მისი კომუნისტურ გადმონაშთად მიჩნევა ღრმად არა სერიოზულია და არაფერს ასაბუთებს. ერთი და იგივე ტერიტორიაზე დემოკრატიული ხელისუფლებაც შეიძლება მოეწყოს და ავტორიტარულიც – ეს ხომ ცხადზე ცხადია და კამათად არცა ღირს!

კიდევ ერთი არგუმენტი, რითიც მუნიციპალიტეტის დაშლის დასაბუთებას აპირებენ, თურმე საქალაქო თვითმმართველობების აღდგენაა. განა მუნიციპალური ქალაქი არაა ღირსი, თავისი თვითმმართველობა ჰქონდესო, კითხულობენ ჩვენი სტრატეგები. დიახაც, რომ ღირსია, მაგრამ მაშ მუნიციპალური თვითმმართველობა რაღა არის? ის ხომ მთლიანად მუნიციპალიტეტის და მასასადამე, მისი ცენტრის  თვითმმართველობასაც  წარმოადგენს?

რას მოიგებს ქალაქი, თუკი იგი მუნიციპალიტეტს გამოეყოფა? რეალურად არც არაფერს. დაკარგვით კი ბევრს დაკარგავს. მისი საკუთარი შემოსავლები შემცირდება, ტერიტორია ჩაიკეტება, განვითარების პერსპექტივა შეიზღუდება. როცა ქალაქის ადგილობრივი საზოგადოება მუნიციპალურ თანსაზოგადოებაშია გაერთიანებული, ეს სოფლებისთვისაც და მისთვისაც ხელსაყრელია. თუ თანასაზოგადოება დაიშლება და ქალაქი ცალკე გამოვა, იგი, პირველ ყოვლისა, დასთმობს თავის უმთავრეს ფუნქციას, რომ მუნიციპალიტეტის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცენტრის როლი შეასრულოს. დაკარგავს თავისი აგლომერაციის ზონას, თავის გავლენასა და ხელშესახებ კონკურენტულ უპირატესობებს განვითარებისათვის. თანაც, ეგეც არ იყოს, რა ქნან ქალაქის გარეშე დარჩენილმა სოფლელებმა? ისინიც ცალკე გავიდნენ, უქალაქო, სოფლურ ყოფას დასჯერდნენ, თუ ახალი ქალაქი ააშენონ ლაზიკასავით? თუ ძალზე იწვალეს, ალბათ ააშენებენ, მაგრამ არა სჯობს, თანასაზოგადოების წევრებს ერთად ეზრუნათ მუნიციპალიტეტის არსებული ცენტრის უკეთეს ქალაქად გადასაქცევად?

პასუხგაუცემელი კითხვების კიდევ ერთი ახალი რიგი, რაც სტრატეგებს და მათ უბადრუკ სტარტეგიას საბოლოოდ დაასამარებს, სწორედ ესაა: დალოცვილებო, ვთქვათ და მართლაც დაშალეთ ეს მუნიციპალიტეტები. ერთის ნაცვლად შექმენით სამი, ოთხი ან ხუთი, როგორც ეს გწადიათ.

მერე? ეს ახალი ადგილობრივი არჩევნები რომ ჩატარდება, ის ხომ მაინც უნდა იცოდეთ, სად შეიკრიბება იმ ახალი მუნიციპალიტეტის „თაზა“ საკრებულო? მინდორში თუ საკრებულოს თავმჯდომარის ორსართულიანი სახლის მარანში?! თუ გაისად ბიძინაჩვენი ააშენებს ქვეყნის მასშტაბით ახალ, გაწკრიალებულ ორასამდე ადმინისტრაციულ შენობას?

ანდაც, როგორ წარმოგიდგენიათ ისედაც მწირი მუნიციპალური ქონების კიდევ რამდენიმე სუბიექტისათვის დანაწევრება?

ან ეს ახალი გამგეობები რა ხალხით უნდა დააკომპლექტოთ და რა დროში?

ან, სულ ცოტა, ოთხჯერ გაზრდილი ადმინისტრაციული ხარჯი საიდან, ვისი ჯიბიდან, უნდა მოიტანოთ? ბიძინაჩვენის მილიარდების იმედი გაქვთ  თუ ისედაც ბოლომდე ჯიბეგაფხეკილი ჩვენი მოქალაქეებისა?

ამ კითხვებზე პასუხს ხომ უმალვე თქვენ მოგთხოვენ ეს ახლად არჩეული საკრებულოებიცა და გაწბილებული ხალხიც? არ გერიდებათ და არ გეშინიათ?

სად დაიმალებით მერე, ბოდიში და, მართლა  თქვე ჩემის ორას-ოთხმოცდა-თვრამეტიანებო?!

+++++

... თუ ხელისუფლებასთან მოსახლეობის დაახლოების იდეის თანმიმდევრული გატარება სურთ, სტრატეგოსებმა უარი უნდა თქვან მუნიციპალურ თანასაზოგადოებაზე და თვითმმართველობის ე.წ. ატომისტურ კონცეფციას უნდა დაუბრუნდნენ. ყველანი თავისთვის, დავშალოთ მუნიციპალიტეტი და ყოველმა ადგილობრივმა საზოგადოებამ, მაშასადამე, ყოველმა დასახლებამ, თავისი ადგილობრივი ხელისუფლება შექმნას და დამოუკიდებლად თავს მიხედოს. აი, ამას  ნიშნავს მოსახლეობასთან ხელისუფლების ბოლომდე დაახლოების ატომისტური კონცეფცია.

ცხადია, თუ ამ კონცეფციას გავიზიარებთ, უარი უნდა ვთქვათ თვითკმარ თვითმმართველობაზე, რადგან დასახლებების აბსოლუტურ უმრავლესობას დამოუკიდებლად არამც თუ განვითარება, არამედ თუნდაც მხოლოდ კვალიფიციური ბუღალტრისათვის ხელფასის გადახდაც კი გაუჭირდება! მადლობა უფალს, ჩვენი სტრატეგები ამ ნათელ გარემოებას მაინც ხედავენ და ამიტომაც მუნიციპალიტეტზე, როგორც სხვადასხვა კატეგორიის დასახლებათა გაერთიანებაზე, როგორც ადგილობრივ საზოგადოებათა - კომუნათა თანასაზოგადოებაზე, უარი, ჯერჯერობით მაინც, არ უთქვამთ.

მათ სურთ მუნიციპალიტეტი, მაგრამ უფრო მცირე მასშტაბით. მაგრამ კონკრეტულად როგორია ეს მათი „იდეალური“ მასშტაბი? სტრატეგიაში კი დაწერეს, რომ ახალი თვითმმართველი ერთეულების  დემოგრაფიული, გეოგრაფიული, ეკონომიკური და ა.შ. კრიტერიუმები უნდა შევიმუშავოთ და კანონით დავამტკიცოთო, მაგრამ, ხომ ვიცი, რომ 2004 წელს მათ მიერვე გამოგონილ საზომ კრიტერიუმებს, ე.ი. – 25 000-სულსა და 15 კმ-ს, ვერაფრით გასცდება მათი ფანტაზია. უსაზღვრო ფანტაზიაც რომ ქონდეთ, სხვა უნივერსალურ კრიტერიუმებს, რაც მთლიანად ქვეყნისათვის უნდა გამოიყენონ, მაინც ვერ შეიმუშავებენ. ისეთ მრავალფეროვან ქვეყანაში, როგორიც ეს დალოცვილი საქართველოა, ვეჭვობ, რომ ასეთი უნივერსალური კრიტერიუმები საერთოდ გამოინახოს!

25000 სული და 15 კმ თავისთავად ცუდი არ არის, მაგრამ ეს მე-19 საუკუნის, როცა ინდუსტრიალიზმი ფეხს იკიდებდა, სტანდარტია. 15 კმ ის მანძილია, რომელსაც ერთი დღის განმავლობაში ცხენით დიდი ჯაფის გარეშე დაფარავ, ხოლო 25 000 კი მოსახლეობის ის საერთო რაოდენობა, როცა ერთ საშუალო მოხელეს დღეში საშუალოდ ათიოდე მთხოვნელის მიღება და გასტუმრება შეუძლია. 

ამ პრეინდუსტრიული საკომუნიკაციო სტანდარტებით მუნიციპალიტეტების აწყობა თანამედროვე კოსმოსურ ეპოქაში ორთქმავლის გამოგონებს წააგავს. თუ ბევრს იწვალებ, შეიძლება დღეს ორთქმავალი გამოიგონო და იქნებ, ააწყო კიდეც, მაგრამ ვისთვის და რისთვის? ორთქმავლით ხომ დღეს არავინ დადის და მხოლოდ მუზეუმში თუ გამოდგება ეგზოტიკურ ექსპონატად.

თანამედროვე საინფორმაციო, პოსტინდუსტრიულ სამყაროში თვითმმართველობის ზომის პრეინდუსტრიული სტანდარტი, ცოტა არ იყოს, მოძველებულად გამოიყურება. დღეს, როცა საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემები არნახულად განვითარდა, განა მანძილი და დრო კომუნიკაციისათვის რაიმე ბარიერს წარმოადგენს? ცხადია, არა!

25 000 სული და 15 კმ  მე-19 საუკუნის პრეინდუსტრიული სტანდარტია, როცა საზოგადოებრივი მომსახურეობის მისაღებად მოქალაქე უნდა მისულიყო საჯარო დაწესებულებაში. ახლა მოძრაობის მიმართულება მთლიანად შემოტრიალდა. თუ გვსურს თანამედროვე ცხოვრებას ფეხი აუწყოთ, ახალი სტანდარტი უნდა დავნერგოთ: მოქალაქე კი არ უნდა მიდიოდეს სადმე მომსახურეობის საძებნად, არამედ მომსახურეობამ უნდა მონახოს თითოეული მოქალაქე. სწორედ ეს არის თანამედროვე მომსახურეობის სტანდარტი: მომსახურეობა რეალური დროის რეჟიმში და ნებისმიერი მანძილის მიუხედავად უნდა მიდიოდეს თითოეულ მოქალაქესთან!

საინფორმაციო საუკუნეში ასევე შეცვლილია დემოკრატიის სტანდარტიც: მაჟორიტარული დემოკრატია, როცა უმრავლესობის ნება განუკითხავად ბატონობს, დასრულდა! დღეს, მყარი და სტაბილური უმრავლესობა აღარც არსებობს. თითოეულ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით ეს უმრავლესობა ცვალებადი და უაღრესად მობილურია. ამიტომ, დღევანდელი დემოკრატიული მმართველობა იმას ნიშნავს, რომ ყოველი მოქალაქის და არა მხოლოდ ამ ცვალებადი, მობილური უმრავლესობის, ხმა იქნება ხელისუფლების მიერ გაგონილი და შესმენილი! თითოეული მოქალაქე უნდა გახდეს საჯარო გადაწყვეტილებათა თანამონაწილე! ხოლო ამის უზრუნველყოფა თანამედროვე საინფორმაციო–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით სრულიად შესაძლებელია!

ვერ შევძლებთ? რა დროს ეს არის ამ გაჭირებაში? სწორედაც რომ დროა, მეტიც: თუ გაჭირება სწრაფად გვსურს დავძლიოთ, ვაგვიანებთ კიდეც ამ ახალ სტანდარტებზე გადასვლას.

+++++

ხაზგასმით მსურს აღვიშნო, რომ სწორედ ამ ახალი სტანდარტების დასანერგადაა მოწოდებული დღეს სახელმწიფო სერვისების განვითარების (ყოფილი სამოქალაქო რეეტსრის) სააგენტო. ეს სააგენტო ამჟამად სწორედაც პრეინდუსტრიულის  მაგივრად თანამედროვე სტანდარტების დანერგვას ცდილობს და ადგილობრივი ხელისუფლებისათვის ელექტრონული მმართველობის საპილოტე პროექტსაც ახორციელებს.

ამ საპილოტე პროექტით რამდენიმე მუნიციპალიტეტში მთლიანად ელექტრონიზებული, თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემებზე დამყარებული მართვის ავტომატიზებული სისტემა იქმნება. ასეთი სისტემისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ნამდვილად არა აქვს 25 000 მომხმარებელი ეყოლება, თუ ათასჯერ მეტი. არც იმასა აქვს დიდი მნიშვნელობა, 15 კმ-შია მოქალაქე სერვერიდან თუ 1500 კმ-ში. ნებისმიერი ადგილიდან, სადაც ინტერნეტი და კომპიუტერია, მოქალაქეს მომსახურეობის მიღებაც შეეძლება და ისიც, რომ თავის თვითმმართველობას ხმა გაგონოს და რაც მთავარია შეასმინოს, ე.ი. ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ინტერაქტიური კომუნიკაციის მეშვეობით ჩაერთოს!

კომპიუტერი და ინტერნეტი ხომ ჩვენი სოფლელი მოქალაქეებისათვის მიუწვდომელიაო, იკითხავთ ალბათ. საქმეც ეს არის, რომ სააგენტო „სოფლის საზოგადოებრივი ცენტრების“ პროექტსაც ახორციელებს. ესაა ულტრატანამედროვე ოფისი სოფელში, სადაც ინტერნეტი და კომპიუტერი საჯაროდაა ხელმისაწვდომი, სადაც შესაძლებელი იქნება ნებისმიერი საჯარო, გნებავთ სახელმწიო და გნებავთ მუნიციპალური მომსახურეობის ადგილზე სწრაფად და ხარისხიანად მიღება. გარდა ამისა, საზოგადოებრივი ცენტრი კერძო მომსახურეობებსაც შესთავაზებს მოქალაქეებს - ვთქვათ საბანკო ან სადაზღვეო მომსახურეობას, მოწეული მოსავლის გაყიდვას, დისტანციურ ჯანდაცვასა და განათლებას. ეს საზოგადოებრივი ცენტრი ადგილობრივი საზოგადოების - კომუნის თვითორგანიზებისათვისაც ზედგამოჭრილია. ასევე იმავდროულად შეიძლება სოფლის კლუბად ან ელექტრონულ ბიბლიოთეკადაც მისი გამოყენებაც. თუნდაც ყოველდღე სულ ცინცხალ ფილმებს ან კონცერტებს უყურონ დიდ ეკრანზე, რა პრობლემაა!

იქნებ შეისმინოს მთავრობამ და სოფლის დახმარების სახელმწიფო პროგრამებისათვის გამოყოფილი თანხა, რაც დაახლოებით 80 მილიონმდე ჯდება წელიწადში, და სრულიად ფუჭად იხარჯება, ამ პროექტის განვითარებას მოახმაროს!  საუბარია ფულზე, რომელიც მოსახლეობის პროპორციულად 3500–მდე სოფელს უნაწილდება. შედეგად, საშუალო სტატისტიკურ სოფელს წელიწადში დაახლოებით 25 000 ლარი ერგება, რაც, ცხადია, რაიმე სერიზული, ხელშესახები სიკეთის შესაქმნელად სასაცილოდ ცოტაა. უმეტესწილად ეს ფული იფანტება და ისეთ „საზოგადოებრივ სიკეთეს“ ხმარდება (განსაკუთრებით, მცირე სოფლებში, სადაც პროპორციის შესაბამისად გამოყოფილი ფული 2–3 ათას ლარს არ აღემატება), როგორიცაა, მაგალითად, სარიტუალო მოწყობილობისა და ჭურჭელის ყიდვა...

დღეს სოფლის საზოგადოებრივი ცენტრების შესაქმნელად ეს უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი უცხოური გრანტებით, ევროკავშირის მიერ ფინანსდება. ნუთუ საშური არ არის, რომ იგი, ისევე როგორც ქვეყნის განვითარებისაკენ მიმართული ძირითადი აქტივობები, არა უცხოეთმა, არამედ ქვეყანამ თავად დააფინანსოს?

ათასამდე ასეთი საზოგადოებრივი ცენტრის აშენება, აღჭურვა და პერსონალის მომზადება ქვეყანას დაახლოებით 300 მილიონი დაუჯდება. თუ ამას წყალში გადაყრილ 80 მილიონზე გავყოფთ, რაც ყოველ წლიურად სოფლის მოსახლეობის მიერ საქელეხო ჭურჭელის შეძენაში და მსგავს სისულელეებში იფანტება, სულ რაღაც 3-4 წელიწადში თანამედროვე კომუნიკაციის და საჯარო მომსახურეობათა სწრფად მიღების, თანამედროვე საზოგადოებრივი ოფისის პრობლემა სოფელში ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება!

+++++

ცხადია, დემოკრატიის განვითარებისათვის ისიც აუცილებელია, რომ ადგილობრივი სასოფლო საზოგადოება სუბიექტი, იურიდიული პირი გახდეს, მის სათემო მფლობელობაში გადაცემული მუნიციპალური ქონება - ვთქვათ, სოფლის საძოვარი, ტყე, წყალი და სხვა ბუნებრივი რესურსი თავადვე მართოს, საზოგადოებრივი თვითმმართველობის სახით მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების განხორციელებაში. იქნებ სოფლად კოოპერაციის განვითარებასაც შეუწყოს ხელი.

ერთდერთი, რაც ამ ე.წ. სტრატეგიაში მისასალმებელი და მხარდასაჭერია, სწორედ ეს არის - სოფლის  საზოგადოებრივი თვითმმართველობა. სამწუხაროდ, სხვა იქ არაფერი ვარგა.

არ ვარგა და საშიშია უპირველესად ის, რომ სტრატეგთა მიერ არსებული თვითმმართველი თანასაზოგადოებები – მუნიციპალიტეტები იგნორირებულია და გაურკვეველი, პრეინდუსტრიული სტანდარტებით რაღაცის ხელოვნურად, ნაძალადევად  გამოძერწვაა განზრახული.

ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ახალი თვითმმართველი ტერიტორიული ერთეულის შექმნას მოქმედი კანონი ისედაც არეგულირებს. თუ სადმე მართლაც ახალი ერთეულის შექმნის აუცილებლობა არსებობს, ამისათვის საჭიროა მთავრობამ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დაასაბუთოს თითოეული ასეთი ერთეულის შექმნის მიზანშეწონილობა და გადაწყვეტილების მისაღებად პარლამენტს მიმართოს. რისთვის იტკივებენ აუტკივარ თავს რაღაც პრეინდუსტრიული, უნივერსალური  კრიტერიუმების გამოსაგონად, რომლის მეთოდოლოგია მსოფლიოში არავის მოუფიქრებია? თუ სადმე კონკრეტული ტერიტორიული პრობლემაა, კონკრეტული შეისწავლონ, დასკვნა გამოიტანონ და კი ბატონო, თუ სხვა გზა არ არის, მერე კანონით დადგენილი წესით მიიღონ დაშლის დასაბუთებული გადაწყვეტილება!

არა, ასე არ უნდათ, რადგან ეტყობა ჰგონით, რომ კანონი და კონსტიტუცია მათთვის არ არის დაწერილი!

საკვირველია – მაინცადამაინც წერას ატანილებივით უნდა მოიქცნენ და ქვეყის დაშლა–დანაწევრების „სტრატეგიები“ წერონ?!

კარგად უნდა ახსოვდეთ: სწორედ უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა უფლებამოსილი და სხვა არც არავინ, შექმნას ან გააუქმოს თვითმმართველი ერთეული. ასეთივეა დემოკრატიული სამყაროს პრაქტიკაც ამ სფეროში.

ხალხის ნების გარეშე, რომელსაც უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო – პარლამენტი გამოხატავს, ახალი ტერიტორიული ერთეული არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში, არსად არ შეიქმნება. რაღა საქართველო უნდა გახდეს გამონაკლისი და რატომ უნდა მიეცეს მთავრობას უფლება არამც თუ ერთი ახალი თვითმმართველობა შექმნას, არამედ საერთოდაც ქვეყნის ახალი ადმინისტრაციულ–ტერიტორიული დაყოფა ხალხის ნების გარეშე, პარლამენტის დაუკითხავად თავს მოგვახვიოს?!

+++++

დასკვნის სახით იმითი დავამთავრებ, რითაც დავიწყე.

უსაგნო და უპირო დეცენტრალიზაცია, რომელიც დღეს, როგორც პოლიტიკის განაცხადი, ერთობ კომიკურ ახირებად გამოიყურება, ხვალ შეიძლება ტრაგედიად მოგვიტრიალდეს, თუკი ქვეყნის მხარეებად დაყოფა და მუნიციპალიტეტების დაშლა მართლაც სავალაო პოლიტიკად იქცა...

ამ ტარგედიას გმირი არ ეყოლება, სწორედ ისე, როგორც გენიალური ნიკო ლორთქიფანიძის ნოველაშია, შეიძლება ამ შემთხვევაშიც  „ტრაგედია უგმიროდ“  გათამაშდეს.

დეცენტრალიზაცია ძალზე წააგავს იმ მჭადს, რომლის გამოცხობასაც პირდაფჩენილი ელოდებიან ობოლი, დამშეული  თვითმმართველობები და ხელებში შეჰყურებენ მამა–მარჩენალ სტრატეგებს,  ნაბოძვარი ფქვილით ამ მჭადის გამოცხობას რომ ლამობენ... უდიდესია მოლოდინია ქვეყანაში, ახალ მთავრობას ყველა იმედის თვალით შესცქერის და თავის გასამხნევებლად იმეორებს: „ობლის მჭადი ცხვა, ცხვა და ბოლოს მაინც გამოცხვაო!“

ნუ გაგვაწბილებთ ბატონებო, ნუ გაგვაწბილებთ! მონატრებულ „მჭადს“ ამ თქვენი ე,წ, სტრატეგიის მსგავსად, მხოლოდ თქვენთვის ნუ გამოაცხობთ, მას მთელი ქვეყანა ელოდება!...

... ისე არ მოხდეს, რომ მჭადი გამოცხობამდე შემოგვეჭამოს  და მერე, დამშეულთა ცოდვით შეძრწუნებულთ, საბელი გაგვიხდეს  საძებარი თავის ჩამოსახრჩობად...

ღმერთმა ნუ ქნას, ჩემო კეთილებო!

გამოცხობამდე შემოჭმული მჭადი –  უსაგნო და უპირო დეცენტრალიზაცია, ღმერთმა ნუ ქნას!