გასული საუკუნის 60-იანი წლების მეორე ნახევარში, როდესაც ხმის ჩამწერი ტექნოლოგიის ლამის ყოველთვიურ განვითარებასთან ერთად, მუსიკოსების საშემსრულებლო ოსტატობაზე მოთხოვნა მატულობდა, სულ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა როკ ჯგუფში უმთავრესი სოლო ინსტრუმენტის - გიტარის ფუნქციას. ამიტომ სწორედ ამ პერიოდის გიტარისტებისაგან შეიტყვეს მსმენელებმა პირველად ფენდერის, გიბსონის, რიკენბეკერისა თუ სხვა მარკის გიტარების შესახებ, ანიჭებდნენ რა უპირატესობას რომელიმე მათგანს უმთავრესად ამა თუ იმ გიტარისტის დაკვრის ხელწერის მიხედვით, თუმც ბგერას დიდწილად „ფირმა“ განაპირობებდა ხოლმე.
იმ პერიოდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გიტარისტი ელვინ ლი გახლდათ. მან 1968 წელს, ყოველგვარი ცერემონიის გარეშე, საკუთარ თავს ინგლისის უძლიერესი გიტარისტი უწოდა. ვისაც მოსმენილი აქვს საკონცერტო ალბომი Undead და პარალელს გაავლებს იქაურ და ჯეფ ბეკის, ერიკ კლაპტონისა თუ ჯიმი პეიჯის დაკვრას შორის, ამ ნათქვამის სისწორეში ეჭვს ვერ შეიტანს. ყოველ შემთხვევაში ვერ იტყვის, რომ ელვინ ლი, რომელიმე მათგანს ჩამოუვარდებოდა, რადგან დაკვრის ხელწერის განსხვავებულობით ლამის ჰენდრიქსს რომ უახლოვდებოდა, ესეც ფაქტი იყო.
ელვინ ლიმ Ten Years After 1967 წელს დააარსა და ნებისმიერი ინგლისური ჯგუფისგან განსხვავებით, მეორე ალბომი უკვე საკონცერტო ჩაწერა, თანაც ცნობილი ჯაზური კომპოზიციებით გაჯერებული. დისკის ჩაწერაში მას გვერდს უმშვენებდნენ ბასისტი ლიო ლაიონსი, ორღანისტი ჩიკ ჩერჩილი და დრამერი რიკ ლი.
საოცრებაა, მაგრამ ალბომში შესული ხუთი კომპოზიციიდან, სტუდიური ვერსია ერთადერთ I'm Going Home-ს ეღირსა; ისიც 2004 წელს, ელვინ ლის ერთ-ერთ უკანასკნელ ალბომში, რომელშიც მას პარტნიორობა ელვის პრესლის გიტარისტმა სკოტი მურმა გაუწია. კონცეპტუალური თვალსაზრისით, Undead ერთ-ერთი გამორჩეულია ბრიტანულ საკონცერტო ალბომებს შორის, რადგან 1968 წლის როკ საკონცერტო ალბომში, თითოეულ ინსტრუმენტზე მსგავსი დონის ვირტუოზული და მოწესრიგებული შესრულება, მართლაც რომ გაკვირვებას იწვევს.
მაგრამ Ten Years After ამ ალბომში, ალბათ უფრო მეტად ბლიუზსა და როკ’ნ’როლზე მორგებულ კლასიკურ ჯაზს უკრავს I May Be Wrong, But I Won't Be Wrong Always-სა თუ ვუდი ჰერმანისა და ჯო ბიშოპის Woodchopper's Ball-ში. Spider in My Web-ში კი ელვინ ლის სოლო აბსოლუტური სიახლეა როგორც გიტარის ბგერის, ასევე ბლიუზური დაკვრის ტექნიკის თვალსაზრისით და მას მომავალში ანალოგი ვოკალის მხრივაც კი, თვით Ten Years After-ში არ ჰქონია. დიდებულია Summertime-ის იმპროვიზაცია, რომელსაც გრანდიოზული დრამ სოლო Shantung Cabbage მოსდევს. ალბომს კი ზემოთხსენებული I'm Going Home აბოლოვებს, Ten Years After-თვის მომავალში იგივე ფუნქციას რომ შეასრულებდა, რასაც Whole Lotta Love Led Zeppelin–თვის და Highway Star Deep Purple-თვის.
გაუთავებლად საუბრობენ ხოლმე Cream-ისა თუ Jimi Hendrix Experience-ის საკონცერტო ალბომების შესახებ, მაგრამ სამწუხაროდ ავიწყდებათ Undead, რომელმაც ბრიტანული პოპ მუსიკის ისტორიაში ყველაზე მეტად დააახლოვა ჯაზი როკთან ჯაზ-როკის გარეშე!
1967-1974 წლებში კვარტეტმა უცვლელი შემადგენლობით 11 ალბომი ჩაწერა, რომელთაგან ორი საკონცერტო იყო. 1967 წლის სადებიუტო Ten Years After აღსანიშნავი იყო ორი ბლიუზური კომპოზიციით I Can't Keep from Crying Sometimes და Help Me. მიუხედავად იმისა, რომ შემდგომში ისინი მუდმივ საკონცერტო ნომრებად იქცნენ, Undead-ში არ შესრულებულან.
სადებიუტო ალბომის მკვეთრ ბლუზურობას, რაც ასევე დამახასიათებელი იყო ჯონ მეიალის Bluesbreakers-თვის, Fleetwood Mac-ისა თუ Cream-თვის, უკვე მომდევნო სტუდიურ ალბომებში სიახლეებისადმი ლტოლვა დაემატა, რასაც ვერ ვიტყვით, რომ ელვინ ლი სტანდარტული პროგრესივ სვლებით ანხორციელებდა, დიდწილად საერთო რომ იყო იმ დროინდელი ელიტური პროგრესივ-არტ ჯგუფებისათვის. ამიტომ ალბომების Ssssh, Stonedhenge თუ Cricklewood Green-ის ხვედრი გაცილებით დაუფასებელი აღმოჩნდა როკ მუსიკის საგანძურში, ვიდრე ეს შესანიშნავი ალბომები იმსახურებდა.
როკ მუსიკალური კრიტიკა საღად ვერ ღებულობდა R &B ბენდის ექსპერიმენტებს, რომელიც ყოველთვის ახერხებდა I Woke Up This Morning -ის ტიპის ბლიუზური შედევრების ჩაწერას. ელვინ ლი პრაქტიკულად ყოველ ალბომში სულ მცირე თითო „თაზა“ როკ’ნ’როლსაც სთავაზობდა მსმენელს და Ten Years After-იც უპირველეს ყოვლისა ბლუზ როკ ბენდად იყო ასოცირებული როკ მუსიკის მოყვარულისთვის, ვისთვისაც მიუღებელი იყო შუა ბლუზში სხვადასხვაგვარი „საუნდ გაფრენების“ ჩართვა, ელვინ ლის აგრერიგად უჩვეულოდ რომ გამოსდიოდა ხოლმე. ასეა „დამახინჯებული“ ალმომ Watt-ის შესანიშნავი ლირიკული სიმღერის My Baby Left Me ფინალი და სიცოცხლით აღსავსე I Say Yeah შუა ნაწილი. ამავე ალბომის გამხსნელი I'm Coming On კი უნიკალური ფსიქოდელიური გიტარ სოლოთი აღინიშნა, რომლის მსგავსი თავად მის ავტორსაც კი აღარსად დაუკრავს მომავალში.
იქამდე კი, ვუდსტოკის ფესტივალზე Ten Years After-მა I'm Going Home შეასრულა და სანტანასთან და ჰენდრიქსთან ერთად, ფესტივალის გამორჩეულ გიტარისტად წარსდგა მასობრივი აუდიტორიის წინაშე.
Cricklewood Green ელვინ ლის ჯგუფის იმ მოყვარულთა ფავორიტი ალბომია, ვინც მაქსიმალურად დადებითად შეაფასა Ten Years After-ის ბლიუზს გარდა რეპერტუარი და ფსიქოდელიურადაც დააგემოვნა იგი. ამ მხრივ ალბომი ორი შედევრით - 50,000 Miles Beneath My Brain და Love Like a Man აღინიშნა.
ელვინ ლის სოლოები სიმღერების საკმაო ფართო სპექტრის მიუხედავად კი ყოველთვის ბლუზურ ყაიდაზე იყვნენ მომსხდარნი და ზოგჯერ ჩიკ ჩერჩილის გემოვნებიან პასუხებსაც ელოდნენ ხოლმე, თუმც ალბომ Undead-თან შედარებით, ნაკლები სიხშირით.
უცნაურია, მაგრამ Ten Years After-ის ვერც ერთ ალბომს ჩავარდნილს ვერ ვუწოდებთ, მიუხედავად იმისა, რომ მათი ელიტური როკ ჯგუფების დონეზე აყვანას რატომღაც ერიდებიან. ეს საკვირველია, რადგან განუმეორებელია Cricklewood Green-ის, Watt-სა თუ A Space in Time-ის მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი სუნთქვა, მუხტი თუ ინტიმი. Ten Years After-მა დაშლამდე ერთი წლით ადრე - 1973 წელს ორდისკიანი საკონცერტო Recorded Live გამოსცა. ალბომმა განვლილი წლების დიდებულ რეპერტუარს მოუყარა თავი და საბოლოოდ წარმოაჩინა ჯგუფის აგრერიგად დაუფასებელი მრავალფეროვნება, რისი ნათელი დასტურიც თუნდაც ელვინ ლის ორ როკ’ნ’როლს I'm Going Home-სა და Choo Choo Mama-ს შორის განსხვავებაა. უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა კლასიკოსი ბლიუზმენების შესრულებული სიმღერების გარდა, Ten Years After-ის რეპერტუარის ავტორი, ელვინ ლი გახდათ და ამ მხრივ იგი შეიძლება Jethro Tull-ის იან ანდერსონს შევადაროთ.
ძალზედ საინტერესო გამოდგა ელვინ ლის შემოქმედების მომდევნო ეტაპი, როდესაც მასთან ერთად ჯგუფში მიკ ტეილორი და პიტერ ფრემპტონი უკრავდნენ. 1987 წელს კი მომღერალმა და გიტარისტმა ქართველი მსმნელისათვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი ალბომი Detroit Diesel ჩაწერა. გარდა იმისა, რომ დისკის ჩაწერაში მონაწილეობას ჯონ ლორდი და ჯორჯ ჰარისონი ღებულობდნენ, თვით სიმღერა Detroit Diesel-ს, ეფექტურად ასრულებდა სცენაზე ბაჩი ქიტიაშვილის "ბერმუხა".
არც ისე დიდი ხანია გასული Detroit Diesel-ის გამოსვლიდან, მაგრამ ამ მუსიკოსებიდან ცოცხალი აღარავინაა. ჯონ ლორდთან და ჰარისონთან ერთად ხომ სულ ცოტა ხნის წინ მუსიკოსთა ზეციურ დასს ელვინ ლიც მიუერთდა.
მისი შედარებით ბოლო პერიოდის სოლო შემოქმედებიდან განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი Nineteen Ninety Four გამოვიდა. ალბომი თანაბარი სიძლიერის მელოდიური სიმღერებითაა დაკომპლექტებული, რომელთა ღერძიც სამ სიმღერაზე - გამხსნელ როკ’ნ’როლ Keep on Rockin'-ზე, ლენონ-მაკარტნის I Want You (She's So Heavy)-სა და შუალედურ The Bluest Blues-ზე გადის. ეს უკანასკნელი დიზი გილესპის თემის ელვინ ლისეულ არაჩვეულებრივ ინტერპრეტაციას წარმოადგენს. ლირიკული ბლიუზი ოქროს ასოებით ჩაეწერა როკ მუსიკის ისტორიაში და სწორედ ამ ტიპის სიმღერების დამსახურებაა, რომ ელვინ ლი თავს არამარტო ათი, არამედ კიდევ მრავალი წლის განმავლობაში შეგვახსენებს...