რადიკალებისგან განსხვავებით ნიკო ნიკოლაძე მოვლენებისა და პროცესების, ყოველი ხალხის თანდათანობითი განვითარების მომხრე იყო (მე ყოველთვის ვიყავი და დღემდეც ვრჩები, უბრალო “მეთანთანობითედ”, ძველი ყაიდის ლიბერალად, ინგლისური დინასტიკური გაგებით”). იგი დასაშვებად თვლიდა, რომ ზოგიერთმა ხალხმა განვითარების გზა შედარებით სწრაფი ნაბიჯებით გაიაროს, ზოგიერთმა – ტაატით (ამასვე ამტკიცებდა ზბიგნევ ბჟეზინსკი 1993 წელს თავის ნაშრომში “დიდი ცვლილებები”, რომ პოსტსოციალისტური ქვეყნები ჩეხეთი, პოლონეთი, უნგრეთი, გარდამავალ ეტაპს სოციალიზმიდან კაპიტალიზმზე უფრო სწრაფად გაივლიანო, ვიდრე პოსტსაბჭოთა ქვეყნები – (17,169-1870, მაგრამ განვითარების თანდათანობითობა არ უნდა დაირღვესო: “ნაბიჯ-ნაბიჯ იდგამს ფეხს კაცობრიობა და წინ მიდის... მართალია, ზოგი ხალხი ადვილად ან უცფათ გაირბენს ამ ნაბიჯებს, ზოგი კი ლოკოკინასავით ფორთხვით გადაჩოჩდება ამ გზაზე. ზოგი კი ორ-სამ საუკუნეებსაც მიალევს ამ გავლას (ჟან-ჟაკ რუსოც ხომ ამბობდა, რომ ზოგი ხალხი დისციპლინისათვის დაბადებიდანვეა მომწიფებული, ზოგს კი ამისთვის საუკუნეები სჭირდებაო – ვ.შ.)... მაგრამ ეს კია ყოველთვის, რომ აღნიშნული გზა და ნაბიჯები აუცილებლად გასავლელი აქვს ყოველ ხალხს, რომელიც გონებითს ცხოვრებას ეჩვევა ან საზოგადოებრივ ჩვეულებას ითვისებს” .
შესაბამისად თავისი მრწამსიდან გამომდინარე, ნიკო ნიკოლაძე ვერ იტანდა კლასობრივი ბრძოლის პროპაგანდისტებს და რადიკალებს, რომელთაც ყოველდღე რევოლუცია ელანდებოდათ. იგი დაბეჯითებით უხსნიდა მათ, რომ “ამბოხება, რევოლუცია ქვეყნიერების არსებობაში ისეთივე იშვიათი, “ერთიწუთი” მოვლენაა, როგორც ელვა, მეხი. შესაძლოა განა, ადამიანი სულ იმას ნატრობდეს, რომ ჭექა-ქუხილი და მეხის ტეხა განუწყვეტელი იყოსო, რომ სხვა ძალა ქვეყანაზე არ მოქმედებდესო და მუდამ მეხის მზადებაში ლევდეს თავის ღონეს? განა მეხი, ფურთვნა, მიწის-ძვრა კაცის ხელით მზადდება? უეჭველია, ღვინო ვერ დადგება, თუ შფოთიანი დუღილი არ გამოიარა... ნუთუ აქედგან ის აზრი გამოდის, რომ ღვინო ნიადაგ უნდა დუღდეს? კაი შვილიც დადგება. ბალღს ღვინის კეთებაში, რასაკვირველია, მარტო ქაფის ფარფაში, ბუშტების ტკაცა-ტკუცი, მოძრაობა, ხმაურობა ახალისებს და ამახსოვრდება, თორემ რა გაეგება იმ ნელის, ჩუმის, შეუმჩნეველი ხანგრძლივი პროცესისა, რომელიც ყურძნის სიტკბოს სპირტად აქცევს. ბავშვს ეს არც კი მოეთხოვება, მაგრამ რით აიხსნება ესრეთივე შეცდომა მოზრდილისა?“.
ქართველი ხალხის განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს შემფერხებელ მიზეზად ნიკოლაძე თვლიდა მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის თითქმის არქონას, მეცნიერებისა და განათლების ჩამორჩენას ევროპული ანალოგისგან და მიღწევებისგან.
მისი აზრით თუ ადრინდელ ხანაში ქართველი კაცი სიმამაცისა და თავგანწირულების ხარჯზე იცავდა ქვეყანას დიდი რაოდენობის მომძლავრებული მტრისაგან, შემდეგ ქვეყნის ისტორიაში ახალი ძალები გაჩნდა. ზოგიერთი ხალხი მეცნიერებამ ერთობ დააწინაურა და ვინც ამ მეცნიერებას არ მიეკარა, ის უწინდელივით სუსტი დარჩა. შემოღებული იქნა ახალი საბრძოლო იარაღები, ისეთი ზარბაზნები, რომელსაც წინ ვეღარ დაუდგა ვერც-ერთი ჩვენი ციხე-დარბაზი. ჩვენ არც-კი ვიცოდით, თუ ამნაირი მანქანა სადმე არსებობდა... “და რაც მტრის რიცხვს ჩვენთვის ოცი საუკუნის განმავლობაში ვერ დაეკლო, ის ოცი წლის წლის განმავლობაშუ მტრის დაწინაურებამ წაგვართვა: მაშინ უცხოეთის წინ დაიჩოქა ჩვენმა გონებამ, რაკი სცნო, რომ უცხოეთი ჩვენზე უფრო ოსტატი, უფრო მეცნიერი, უფრო გონიერი ყოფილა (ეს პროცესი დღესაც გრძელდება XXI საუკუნეში –ვ.შ.). რაკი ჩვენ რწმუნება დავკარგეთ ჩვენს თავზე და გონებაზე, რაკი ჩვენს საკუთარ გულში ბრმად და ხეპრედ ვიცანით თავი, რაკი ის მორალური ძალა ხელიდან გაგვიცურდა, რომელიც ამაყად შეგვატაკებდა ხოლმე ათჯერ თუ ასჯერ უფრო მომეტებულ მტერს, მას აქეთ ჩვენ მოვტყდით და წავხდით. მტერმა კი არ დაგვცა, ჩვენმა საკუთარმა “რწმუნების დაკარგვამ” წაგვახდინა. აღარ გვწამდა ჩვენი თავი (ასეა დღესაც –ვ.შ.), უცხოეთი კი ჩვენს თვალში რაღაც უზენაეს ქმნილებად იხატებოდა. აი, მარტო მაშინ გაგვიჯდა ტვინში ის პანიკა, ის ახალი, უცნობი ძალის შიში, რომელიც ხშირად მილიონებისგან შემდგარ ხალხს ათას კაცს უმორჩილებს... ამის მაგალითს ჩვენ დღესაც ვხედავთ ინდოეთში. ორასი მილიონი ინდოეთლები მორჩილებაში ყავს ოცი ათას ინგლისელებს” .
ნიკოლაძე ხედავს იმასაც, რომ მას მერე ჩვენი ხალხი ბევრად წინ წავიდა, განვითარდა, მაგრამ “დღეს ყველა ჩვენი მეზობლები, და მთელი უცხოეთი, ათი-ათასჯერ, ან ასი ათასჯერ დაწინაურდნენ უწინდელზე, ჩვენ კი მარტო ათასჯერ გავმაგრდით... აი, ეს გარემოება შეადგენს ჩვენს უბედურებას, თორემ ჩვენი მეზობლები რომ ჩვენზე უფრო არ დაწინაურებულიყვნენ, დღესაც ისე ადვილად შეგვეძლებოდა მათი მორევა და მათ შუა მარჯვედ გამოჭიმვა, როგორც უწინ გვჩვეოდა” .
ნიკოლაძე გამოსავალს იმაში ხედავს, რომ ქართველობა უცხოურ მიღწევებს, მეცნიერებასა და ტექნიკას დაეუფლოს, ისწავლოს დაწინაურებული ქვეყნებისაგან:
“ნუთუ შესაძლებელია სხვის ჯობნა, თუკი ჩვენ ამ სხვას არ გავიცნობთ? ნუთუ მარტო ის დაგვაწინაურებს, თუ ჩინეთის კედლით შემოვსაზღვრეთ ჩვენი ქვეყანა? თუ კი სხვის მწერლობას არ შევისწავლით, სხვის მეცნიერებას არ შევიძენთ, სხვის გამოდილებას არ დავაკვირდებით, ნუ-თუ მარტო ძველი ჩვენი ენის გაზეპირებით, ძველი ხელნაწერების ტრიალით, ძველი ჩვეულების გახსენებით შეგვეძლება იმ ძალის მოპოვება, რომელიც სხვებთან გაგვასწორებს და სხვის პატივს შეგვძენს? ნუ-თუ მარტო ქართული ენის შემწეობით შეგვეძლება ჩვენ – ან შეეძლება ჩვენს ახალგაზრდობას – ის მეცნიერება შეიძინოს მოკლე დროში, რომელიც სხვებს მთელი საუკუნოების განმავლობაში მოუგროვებიათ? ნუ-თუ პატრიოტულ გრძნობას ახშობს ან სდევნის სხვისი ენის შესწავლა, სხვისი ცხოვრების გაცნობა? ნუ-თუ ვაშინგტონი ნაკლები ან უფრო პატრიოტი იყო იმით, რომ ფრანგული ენა იცოდა, ან ინგლისის კარგი და ავი ჩინებულად შესწავლილი ჰქონდა? ნუ-თუ ბატ. ილ. ჭავჭავაძეს ქართული გული არ უძგერის და ნამდვილი ქართული გრძნობა არ აღელვებს? რაკი მარტო რუსული წიგნებით გამოზრდილია, რაკი რუსეთში შეიძინა მთელი თავისი ცოდნა?... კაცი იყოს, თორემ, სადაც უნდა ისწავლოს, კაცად მაინც დარჩება და გრძნობა მაინც არ დაეკარგება. მარტო უსუსურები ხდებიან და ფუჭდებიან სხვის გავლენის ქვეშ, და უსუსურს გინდ სიკვდილამდე ძიძად გაუხდე, გინდ ნიადაგ ჭკუას ასწავლიდე, ხეირის მოტანა მაინც თავის დღეში არ შეეძლება” .
ნიკო ნიკოლაძე საქართველოს განვითარების ამ შემაფერხებელი მიზეზებიდან გარკვეულ ნაწილს ობიექტურ მიზეზებად მიიჩნევდა, მნიშვნელოვან ნაწილს კი – სუბიექტურად და მიუთითებდა, რომ ბევრი რამ ჩვენს შიგნით უნდა მოვიძიოთ და დავინახოთ, რომ “უცხოეთლების შემოსევის გარდა, ჩვენი ხალხი მისმა შინაგანმა განწყობილებამ და მდგომარეობამ დაასუსტა, დააუძლურა”.
ნიკოლაძე კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ხალხი მაშინ არის ძლიერი და ბედნიერი, როცა მთელი მისი ძალა, თანამედროვე მეცნიერების იარაღით არის აღჭურვილი და როცა მთელი ეს ძალა ხალხის სასარგებლოდაა გამოყენებული: “მაგრამ როცა ხალხის ცხოვრებაში ნელ-ნელა ისეთი წესი შემოდის, რომ ნახევარი ხალხი თავის ძალას უქმად მიწაში მარხავს, როგორც თავის სარჩენლად, ისე იმ პირველი ნახევრის სარჩენად, რომელიც უმოქმედოთ და უქმად ცხოვრობს, მაშინ ხალხის ძალა იღლება, სუსტდება და სრულიადაც ჰქრება... ამ ხალხის ორ ნახევარს შუა ჩუმი დაფარული ბრძოლა ატყდება და ხალხი ორ ერთმანეთზე მტრად გადაკიდებულ ბანაკად იყოფა .ნიკოლაძე გამოსავალს იმაში ხედავს, რომ მამულის პატრიოტებმა ეს უსწორ-მასწორობა, ეს განხეთქილება შეამცირონ, რათა შემდეგში ერთიანად მოისპოს ჩვენში ამგვარი უსამართლო და უგუნური ფლანგვა ხალხის ძალისა და შრომის. მისი სამართლიანი დასკვნით “სანამ უმოქმედო ნაწილი ჩვენი საზოგადოებისა შრომას და თავის რჩენას არ შეეჩვევა, სანამ ჩვენი ხალხი მეწველი ძროხის მდგომარეობიდან არ გამოვა, შეუძლებელია, რომ ჩვენში ნამდვილი ერთობა დაარსდეს, ან გულწრფელი ძმობა, ან ხეირიანი განწყობილება” .ნიკოლაძე გადაჭრით მომხრეა ეკონომიკური სამართლიანობის, რაც ხალხის უმრავლესობას გაუადვილებს თავის გათავისუფლებას დამოკიდებული მდგომარეობისაგან. მისი აზრით ხალხი მაშინ გაძლიერდება და შეადგენს ერთ ძმურ ოჯახს, როცა სხვადასხვა წოდებას სადაო არაფერი არ ექნება და შრომა მათ შორის განაწილებული იქნება.
როგორც ზემოთ აღინიშნა, ნიკო ნიკოლაძე წინააღმდეგი იყო კლასობრივი ბრძოლის, დამშეულებს შორის ბრძოლის – ლუკმა პურისათვის, რომელიც ხშირად მსხვერპლით თავდება; მაგრამ აქვე იგი გამოყოფს მეორე სახის ბრძოლასაც – თავმოყვარეობის ბრძოლას, ქიშპობას იმაზე, თუ ვინ როგორ ისახელებს თავს, ვინ აჯობებს თავის ტოლს, ვინ უკეთესად წაიყვანს თავის საქმეს და ასეთი ბრძოლა მას ძალზე სასარგებლოდ მიაჩნია. ნიკოლაძე აკრიტიკებს ჩვენს პატიროტებს, რომელთაც არ ესმით განსხვავება ამ ორ ბრძოლას შორის. მას მოჰყავს მაგალითები ინგლისის და საფრანგეთის პოლიტიკური ცხოვრებიდან, თუ როგორ შეეტაკებოდნენ ხოლმე ერთმანეთს გამბეტა და ლუი ბლანი, ხან ერთს გაუმარჯვია, ხან მეორეს, თუმცა მათი ბრძოლით ხალხს უსარგებლია, უფრო ნათლად გამოჩენილა ის გზა, რომელსაც ხალხი უნდა დასდგომოდა, ასეთ ბრძოლებს ხალხის გონება განუვითარებია და გამოცდილება გაუდიდებია, ხალხისთვის საკუთარი ჭკუით სიარული უსწავლებია: “ოსმალეთში კი, ან სპარსეთში ამგვარი ბრძოლის ხსნებეაც არ არის, იქ რასაც ერთი ბრძანებს, ან რასაც ერთი წამოროტავს, ყველა ისე იქცევა” .
ნიკოლაძე გადაჭრით მომხრეა პოლიტიკური პლურალიზმის და აზრთა შეტაკების, რომელიც სრულიადაც არ სპობს ნამდვილ დისციპლინას: “ვიბრძოლოთ ერთმანეთს შუა, ერთის აზრს მეორის შეხედულება შევატაკოთ, ვეცადოთ ხალხი მონაწილე გავხადოთ ამ ბრძოლისა და ჭკუის მოძრაობისა, და მერე თუ ნამდვილად მამული გვიყვარს, თუ მისი სიკეთე კერძო თავმოყვარეობაზედ უფრო დიდათ მიგვაჩნია, ყველა იმ გადაწყვეტილებას დავადგეთ, რაც უმრავლესობამ მიიღოს. ამ უმრავლესობისაგან მიღებულის გადაწყვეტილების ერთგულება შეადგენს ნამდვილსა და გამოსადეგ დისციპლინას და არა ფულდფებლური მონობა ერთის რომელისამე კერპისა, - და არა თვალდახუჭული დაჯერება იმისა, რასაც ეს კერპი წამოროტავს ან ბრძანებს”.
ნიკოლაძე გულისტკივილით აღნიშნავდა, რომ რაც ჩვენი მომავლისათვის საჭიროა, იმას ჩვენ როდი ვიკარებთ, მაგიერად მავნებელს კი გულში ვიხუტებთ. იგი ერთ-ერთ ასეთ შემაფერხებელ მიზეზად თვლიდა ქართულ უდისციპლინობას ან ყალბად გაგებულ დისციპლინას: “დისციპლინა, - წერდა იგი, - დიდი რამ არის ხალხის ცხოვრებაში. დიდი უბედურებაა ხალხისთვის, როცა მისი გონებითი და ფიზიკური ძალა დაფანტულად, უთავბოლოდ, უგზო-უკვლოდ იხარჯება. შრომისა და ძალის შეერთებით და ერთი მიზნისკენ მიმართვით ხალხი იმისთანა საქმეებს ახერხებს, რომელსაც ვერც ერთი კერძო პირი, რაგინდ გონიერი იყოს, მარტოხელა ვერ მოერეოდა, და ვერც ათასი ან ათი ათასი გენიოსი, ცალ-ცალკე მშრომელი, ვერ გაარიგებდა” .ნიკოლაძე აქვე განმარტავს, რომ შრომის შეერთება იმას კი არ ნიშნავს, რომ ყველა მშრომელი მარტო ერთ მოთავეს უნდა შეაჩერდეს თვალში ან ბრმად ასრულებდეს მის ბრძანებას. ათასიც რომ იყოს ამისთანა მშრომელი, მათი შრომა, მარტო ერთი კაცის გონება იმუშავებს: “გონიერი შრომის შეერთება, რიგიანი დისციპლინა იმაში მდგომარეობს, რომ ამ ათასი კაცის ტვინი და გონება საქმეს ეხმარებოდეს, რომ რაც მათ ძალა ან მოხერხება აქვთ, სულ ერთიანად შრომაზე იყოს მიქცეული, რომ ამ ძალისაგან ან ამ მოხერხებისაგან არაფერი იკარგებოდეს... მაშინ საქმე კარგად წავა და ერთი მოთავის ბედზე როდიღა იქნება დამოკიდებული საქმის, ქვეყნის იღბალი. თუნდ მოკვდეს ეს მოთავე, თუნდ წახდეს, თუნდ შეცდეს, თუნდ ათას სხვა მოთავეს დაემართოს ამგვარივე უბედურება, მშრომელების საქმე მაინც ხეირიანად წარმართული იქნება.
მაშინ, როცა საჭიროება მოითხოვს, თითქმის თითოეულს ამ მშრომელთაგანს მოთავედ გახდომა შეეძლება, და საქმე უპატრონიდ თავის დღეში აღარ დარჩება...
სულ სხვანაირად მიდის საქმე, როცა გროვას დისციპლინად ბრმა მორჩილება მიაჩნია, მაშინ მოთავეს, მედროშეს დაცემა, ან უბრალო შეცდომა ოცი ან ოცდაათი წლით ახდენს საქმეს. მისი რაზმი მაშინ ან ცხვრებსავით გაიფანტება, ან ბრმად მიჰყვება ხრამისკენ, სადაც ტალახში ჩაფლვა ან დაღუპვა ელის. ამას მაინც ის ემჯობინება საქმისთვის, რომ გონიერ რაზმს თუნდ უხეირო მოთავე ჰყვანდეს:
საქართველოს ეკონომიკური და სახელმწიფოებრივი აღორძინების პროცესის ერთ-ერთ შემაფერხებელ მიზეზად ნიკო ნიკოლაძე სამართლიანად თვლიდა სხვისი მოიმედეობის და აზიური ინერტულობის, იოლი გამდიდრების განწყობილებას, რომელიც გამეფებული იყო მაშინდელ ქართულ საზოგადოებაში და გამეფებულია ახლაც – იმ ფორმით, იმედით, რომ აშშ-ი და ევროკავშირის ქვეყნები გვიშველიან და გააკეთებენ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს, დაგვიცავენ სხვებისაგან, გაგვიხსნიან კრედიტებს და ბაზრებს, იოლად მიგვიღებენ ნატოსა და ევროკავშირში და ა.შ. სტატიაში “ჩვენი ნაკლოვანებანი”(1876 წ.) ნიკო ნიკოლაძე წერდა: “ჩვენს საზოგადოებაში ყველა დარწმუნებულია, რომ შველა ჩვენ ერთს მშვენიერ დილას ზეციდან ჩამოგვიფრინდება, ისე რომ თვითონ ხელის განძრევაც არ დაგვჭირდება ჩვენი ბედის გაუმჯობესებისათვის” ნიკოლაძეს ასეთი მიდგომა დამღუპველაად მიაჩნია. საქართველოს და მსოფლიოს წარსული გამოცდილებაზე დაყრდნობით იგი დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ “ჯერ არსად, არც ერთ ქვეყანაში მაგალითი არ უნახავს კაცს, რომ რომელიმე ხალხი, ან საზოგადოება ამაღლებულიყოს სხვისი დახმარებით, თუ არა თავისი საკუთარი შრომით და ჯანით. ადვილად შენაძენი, ნაპოვნი, ნაჩუქარი (კაცმა არ იცის მართლაც, თუ სად გაქრა ბოლო 18-20 წელიწადში საქართველოს გრანტის სახით ნაფეშქაშები დასავლური მილიარდები – ვ.შ.) არც კერძო კაცს დააყრის ხეირს, არც მთელს საზოგადოებას; კაცისთვის და ქვეყნისთვის მარტო ის არის გამოსადეგი და ძვირფასი, რაც იმას თავისი საკუთარი შრომით, ოფლის ღვრით და ბრძოლით შეუძენია... ნაპოვნი და ნაწყალობები კი, თითქმის ყოველთვის, ისევე ისე ადვილად იკარგება, როგორც ადვილად ნაშოვნი იყო”
ნიკოლაძის ამ არაჩვეულებრივ სიბრძნის დასადასტურებლად ბრძენთა ხმობა არაა საჭირო – დღევანდელი ქართველობა თავად დარწმუნდა ყოველივე ამაში.
ამ მკაცრი სიმართლის შემდეგ ნიკო ნიკოლაძე ქართველობას მიანიშნებს საკუთარი შრომით და რესურსებით ქვეყნის განვითარების აუცილებლობაზე და არა მხოლოდ უცხოელთა ფინანსურ და ეკონომიკურ დახმარებაზე, რაც არასოდეს უანგაროდ არა ხდება დღესაც: “დროა, თვალი გამოვახილოთ და დავრწმუნდეთ, რომ დამხმარებელი და გამკეთებელი ჩვენ ჩვენს თავზე უკეთესი არასოდეს გვეღირსება” [შესაბამისად ამისა, “ჩვენ ჩვენი ვიმეცადინოთ, ჩვენი ქვეყნისათვის ვიზრუნოთ, მისი მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, და, მაშინ, თუ ვინმე მოინდომებს ჩვენ დახმარებას და ხელის მომართვას, ხომ უკეთესი, თუ არ მოინდომებს, ის ჩვენი ნაშრომი და შენაძენი ხომ ხელიდან მაინც არ წაგვივა, და ისევ ჩვენ დაგვრჩება” თუ ჩვენ ასე არ მოვიქცევით, “თუ ჩვენ დოყლაპიასავით პირდაღებული სხვის შემწეობას შევაჩერდებით, მაშინ, ბევრი რამეც რომ მოგვანიჭონ, ჩვენ იმით ვერ ვისარგებლებთ. მაშინ ამ მონიჭებულსაც ჩვენ სხვა ვინმე მეზობელი, ჩვენზე უფრო ჭკვიანი და მოხერხებული ხელიდან გამოგვტაცებს და თავისთვის მოიხმარს, იმიტომ, რომ ის ჩვენზე უფრო გამოცდილი და დახელოვნებული იქნება ყოველი სიკეთის და საუნჯის შეძენაში და განსაკუთრებით გამოყენებაში”.
ნიკო ნიკოლაძე ძალზე კრიტიკულია ქართული საზოგადოების გულგრილობის და ეგოიზმის, უილაჯობის მიმართ, რაც ასევე აფერხებს ქვეყნის წინსვლა-განვითარებას: “გვეყოს ვაჟკაცობა და გამოვუტყდეთ ჩვენს თავსაც და სხვებსაც, რომ ჩვენ თანამედროვე საზოგადოებას თავის თავში აქვს სრული უილაჯობა და არარაობის ელემენტები. უდავოა, რომ მას როდი აკლია საზრიანი და, თუ გნებავთ, ჭკვიანი ადამიანები. თუ ცალ-ცალკე განვიხილავთ, არ შეიძლება არ ვთქვათ, რომ ისინი მშვენიერი ადამიანებია (ასეა დღესაც, ცალ-ცალკე აღებული ყველა ქართველი, ყველა სფეროში – ეკონომიკიდან დაწყებული და სპორტით დამთავრებული – ვ.შ.). მაგრამ მათი ხასიათის მთავარი თვისება მყისვე გაგრძნობინებთ, რომ ეს ისეთი სხვადასხვანაირი ერთეულებია, რომელთა შერიგებაც არ შეიძლება, რომლებიც სულ სხვადასხვა მხარეს იცქირებიან და არასოდეს არ შეადგენენ ერთ შემჭიდროვებულ და ძლიერ მთელს, რომ მათი შეერთებით წარმოიქმნება ქაოსი და მეტი არაფერი”
ასეთი “საზოგადოება” მთლიანი და სოლიდურია ერთ რამეში – ნიჭიერი ადამიანების დაბლოკვასა და იგნორირებაში. ნიკო ნიკოლაძე ამაზეც მწვავედ ამახვილებს ქართველობის ყურადღებას და მწარედ ამუნათებს მას: “მას აქეთ, რაც ჩვენი ქვეყანა დაარსებულია, ჯერ არავის იმის მაგალითი არ უნახავს, რომ ნიჭს ჩვენში ვინმე დახმარებოდეს. დღემდე ჩვენში ნიჭი იბრძოდა, იტანჯებოდა, ვერავისგან მხარის გამართვას ვერ ეღირსებოდა. საზოგადოება იმას ჯერ აგდებით დასცინოდა, მერე ცილისწამებით დევნიდა და ბოლოს ოდესმე, ცოტაოდენ ყურს დაუგდებდა” (ასე გავაქციეთ სამშობლოდან რუსთაველი, საგიჟეთში გამოვკეტეთ ყაზბეგი, შიმშილით მოვკალით ვაჟა და ფიროსმანი, ბარათაშვილი, ტყვია ვესრილეთ ილიას, ლამის ციხეში ჩავსვით ნიკოლაძე, თვითმკვლელობამდე მივიყვანეთ გალაკტიონი და ა.შ. – ვ.შ.).
ასეთი “საზოგადოება” ადვილად ივიწყებს ეროვნულ და საზოგადო ინტერესებს, მოკლებულია სახელმწიფოებივ აზროვნებას. მას არაფერი აინტერესებს პირადი სურვილებისა და მისწრაფებების გარდა, არის ახლომხედველი და ხორციელ და მიწიერ ცდუნებებზე მიჯაჭვული, კუჭის და ნივთების მონა: “საზოგადოების ყოველი წევრი იცნობს მხოლოდ თავის პირად, ვიწრო ინტერესებს. ყველა თაყვანს სცემს მხოლოდ თავის კომფორტს და თავის კარიერას. მიაღწიოს თბილ ადგილს, მიიღოს კარგი ჯამაგირი, უზრუნველყოს თავისი თავი და ოჯახი, ხელი მოითბოს – თუ შესაძლებელია პატიოსნად, თუ არა და როგორც მოახერხებს – აი, თანამედროვე ადამიანთა ალფა და ომეგა (30 წლის მერე დაახლოებით იგივე გაიმეორა არჩილ ჯორჯაძემ, მას შემდეგ სასიკეთოდ არაფერი შეცვლილა. დღეს კიდევ უფრო უარესი მდგომარეობაა – ვ.შ.). პირად კომფორტს, პირად ინტერესებს მსხვერპლად ეწირება კეთილდღეობა ყველა ირგვლივ მყოფთა, ნათესავთა გამოუკლებლივ. ვერსად შეამჩნევთ, რომ ეს ვიწრო ინტერესები, იშვიათად მაინც ექვემდებარებოდეს და ეწირებოდეს ქვეყნის, ერის, სახელმწიფო ინტერესებს. ჩვენი თანამედროვე საზოგადოების წევრებში წარმოდგენა სახელმწიფოზე შერწმულია სახელმწიფოებრივი დიდების წარმოდგენასთან, ჩვენი საზოგადოება ფიქრსაც კი ვერ მიეჩვია სახელმწიფოს სარგებლობასა და ღირსებაზე, სამშობლოს კეთილდღეობაზე, ხალხის ინტერესებზე”.
ნიკოლაძის დაკვირვებულმა თვალმა ისიც შეამჩნია, რომ თანამედროვე ქართველებში ინდეფერენტიზმმა პოლიტიკური ცხოვრებისა და ჩვენი ეროვნული არსებობის მიმართ აპოგეას მიაღწია. მისი აზრით პოლიტიკური ინდეფერენტიზმი ცარიელ ადგილას ან ვისიმე კაპრიზით არ წარმოიშობა. მას გააჩნია საკმაოდ ბუნებრივი მიზეზები. როგორც საზოგადოებრივი, ისე ცხოველური ორგანიზმის არც ერთი ფუნქცია არ შეიძლება გადარჩეს, თუ ხანგრძლივად დახშულია მისთვის ცხოვრებაში გამოჩენის გზები. იმისთვის, რომ რომელიმე ძალა მთლიანად იქნას შენარჩუნებული და მთელი სისავსით განვითარდეს, აუცილებელია, რომ ის რეგულარულად ვარჯიშობდეს და მუდმივად იქნას გამოყენებული ცხოვრებაში. როდესაც კი ორგანიზმის ერთი რომელიმე ძალა და უნარი ვარჯიშობს და გამოიყენება უფრო ხშირად სხვებზე, ანდა მათ საზიანოდ, მაშინ ეს უკანასკნენლნი იხშობიან უმოქმედობისაგან, ხოლო პირველნი ვითარდებიან დამახინჯებულად, ისე როგორც ხეზე დატოვებული ორი-სამი ტოტი არაბუნებრივად იზრდება დანარჩენ ტოტთა და ნაყართა შეჭრის შემდეგ. სწორედ ეს “პოლიტიკური ინდეფერენტიზმი გვახრჩობს ჩვენ – წერს ნიკოლაძე: - მისგან ზიანი არა ჩანს, ვიდრე ცხოვრება მიზოზინობს ერთფეროვნად, ერთხელ და სამუდამოდ დაგებულ ნიადაგზე. მგზავრთა საერთო ძილი და ხვრინვა ხელს არ უშლის მატარებელს მიდიოდეს წინ. სამარისებური დუმილი ხელსაყრელიც კია მატარებლის მოსამსახურეთათვის, მაგრამ საზოგადოებრივ ცხოვრებაში არის გამოცდის მომენტები. მანქანა ხვდება მოულოდნელ დაბრკოლებებს და ზვავებს. ლიანდაგი მაშინ უვარგისი აღმოჩნდება, მიწაყრილი – ჩაქცეული და ხიდები – ჩანგრეული. იმისათვის, რომ ამგვარი დაბრკოლებათაგან თავი გადავირჩინოთ, საჭიროა მგზავრების შეერთებული და ენერგიული
ღონისძიება. აი, სწორედ ამნაირ წუთებში გამოირკვევა, რომ ნამძინარევსა და გაოგნებულ ადამიანებს, არამცთუ არ შეუძლიათ უბედურების თავიდან აცილება, არამედ ისინი კიდევ უფრო აუარესებენ მდგომარეობას თავისი აპატიურ უმოქმედებითა და უმწეობით”. ასეთი ადამიანების შეკვრა ერთ ეროვნულ ორგანიზმად და ერთი მიზნისკენ წარმართვა ძალზე ძნელი საქმეა. ეს ეროვნული ცნობიერების და თვითშეგნების დეფიციტზე მიუთითებს ერში, მომატებულ ამბიციურობაზე. ნიკოლაძის აზრით, ამის გამოა, რომ “ყველა განზე მიიწევს, ყველა ალმაცერად უცქერის ერთი მეორეს, ყველას სურს პირველი როლის შესრულება, ყველას უნდა მბრძანებლობა. ჩვენ საერთოდ არ ვართ შეხმატკბილების, შრომის განაწილების და ერთი და იმავე მიზნისაკენ მწყობრად მოსიარულე ოსტატები. რა საქმეც არ უნდა გვქონდეს, თუნდაც მეტად მნიშვნელოვანი, ქინძისთავის მცირეოდენ ჩხვლეტას, უმნიშვნელო ხუმრობას, მცირე გაუგებრობას შეუძლია წააჩხუბოს ამხანაგები, დაშალოს მათი საქმე და დაავიწყოს მათი მიზანი.
ჩვენ ჯერ კიდევ ვერ გავიზარდეთ იმდენად, ჯერ კიდევ არ ვართ ისე განვითარებულნი, რომ ჩვენი პირადი კანონიერი თავმოყვარეობის დაკმაყოფილება დავინახოთ იმ საქმის გამარჯვებაში, რომლისთვისაც ვშრომობდით, ანდა რომლისთვისაც სამსახურს მოვკიდეთ ხელი. ჯერჯერობით ჩვენთვის მიუღწეველია კანონიერი სიამაყის გრძნობა იმის გამო, რომ გაიმარჯვა იმ საქმემ, რომელშიც “ერთი წვეთი ჩემი თაფლიც არის”. ჩვენ დავკანკალებთ ამ ერთ წვეთს და გვინდა მივაღწიოთ ცალკე მის გამარჯვებას, რასაც, რასაკვირველია, ჩვენ ვერ ვიხილავთ, როგორც საკუთარ ყურებს”.
ჩვენი ქართული საზოგადოების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაკლოვანებად ნიკოლაძე თვლიდა კარიერიზმსა და უპრინციპობას, აქეთ-იქით სირბილს სხვადასხვა პარტიებში, უიდეობას, სულგაყიდულობას და სულიერ სიღატაკეს. ასეთი ადამიანებისთვის სულერთია, თუ რომელ დროშას ააფრიალებენ, ისინი ყველგან არიან და ასპარეზიდან არასდროს გადიან: “დროშას – მწერლობის იყოს, გინდა სხვაგვარი მოქმედებისა – მარტო ის პირები ასწევენ მაღლა და მაგრად გააჩერებენ მაღლა, ვინც შეჩვეულნი არიან ერთსა და იმავე დროშის ქვეშ დგომას. დროშას ხელში ვერ შეიკავებს, ვერც მაღლა და ვერც დაბლა, ის პირი, ვინც დღეს ლიბერალობს და ხვალ ლიბერალობას ჯამაგირში ცვლის, ზეგ ჯამაგირის რაოდენობისთვის ბატონს ცვლის და მაზეგ ისევ ლიბერალობას უბრუნდება, როცა ჰხედავს, რომ ლიბერალობა ჯამაგირს ერთი-ორად უმატებს”.
ამის მიზეზიცაა, რომ საქართველოში ყოველთვის იგრძნობოდა და ახლაც იგრძნობა ნამდვილი პატრიოტებისა და პატრიოტიზმის დეფიციტი. ნიკოლაძე დაუნდობლად ამხელს ჩვენი საზოგადოების ამ უდიდეს ნაკლოვან მხარეს. იგი ადარებს ტურგენევის ერთ-ერთი მოთხრობის გმირის, ინსაროვის ტიპს ქართულ რეალობასთან და ქართულ მწერლობაში გამოყვანილ ტიპებთან. ინსაროვი მამულის ნანგრევებზე ვერ დაამყარებს თავის კერძო ბედნიერებას. ის ვერ გასუქდება, როცა მისი მამული ასე მჭლედ არის, ვერ გამდიდრდება, როცა მისი თანამემამულენი გაღატაკებულნი არიან, ნეტარებას ვერ მიეცემა, ვერ დაისვენებს, ვერ დაცხრება, სანამ მამული კეთილდღეობაში არ შევა. გულმოკლული ნიკოლაძე ასეთი კაცის ლანდსაც ვერ პოულობს ჩვენს ქვეყანაში: “ჩვენი მოქმედი პირნი გულმოდგინედ ყველაზე უფრო თავის კერძო ბედნიერებას ემსახურებიან, მამულზე კი მარტო მაშინ მოიფიქრებენ, როცა საკუთარ საქმეებს მოილევენ, ყველა თავის კერძო მადას დააკმაყოფილებს და ჩინებულ სადილის შემდეგ, მშვენივრად მორთულ დარბაზში განცხრომას მიეცემა. მაშინ, სამასლაათოდ, ხან ქალების შნოზე ჩამოაგდებენ მუსაიფს, ხან მამულის უბედურებაზე... რასაკვირველია, ამგვარ კაცებს ნამდვილი მეცადინეობა მარტო იმაზე აქვთ მოქცეული, რომ მამულის აჩქარებულმა მოძრაობამ მათი კერძო კეთილდღეობა არ შეარყიოს... ვერ ემსახურება კაცი ერთსა და იმავე დროს თავის კერძო ინტერესებს და მამულის სარგებლობას, ვერ გაიჩენს ორ ღმერთს, ვერ გაუძლებს ორ ბატონს. ან ერთი უნდა დაივიწყოს, ან მეორე, ან ერთისგან უნდა აიღოს ხელი, ან მეორისგან... და სანამ იგი ამ გადაწყვეტილებას არ დაადგება, ორივეს სამსახური უხეირო, ულაზათო და უსარგებლო გამოუდის”.
ქართველთა ერთ-ერთი მნიშვნელოვან ნაკლოვანებად ნიკოლაძეს მიაჩნდა ის, რომ ჩვენში “ხელსაყრელი შემთხვევით არავინ ისარგებლებს, ხოლო ზრუნვას შეუდგებიან მხოლოდ მაშინ, როდესაც შემთხვევა სამუდამოდ გაფრინდება”.
ნიკოლაძეს მიაჩნდა, რომ კარიერის გაკეთების სურვილმა და გამდიდრებისაკენ სწრაფვამ საზოგადოება ისე შეაგუა ცხოვრებისეულ სიმახინჯეებს, რომ თითის განძრევაც კი არავის უნდა ქვეყნის კეთილდღეობისთვის: “ჩვენი დროის საყოველთაო კეთილგონიერებამ”, იოლი და სახარბიელო კარიერის გაკეთებისაკენ ფრთხილმა და წინდახედულმა სწრაფვამ, ნებსით თუ უნებლიეთ ყველას დაუჩლუნდა ძარღვები.
ჩვენ ყველანი მივეჩვიეთ ცხოვრების სიმახინჯეებს და ამიტომ ისინი აღარც მრისხანებას აღვივებენ ჩვენში და აღარც მწუხარებას... თითის განძრევაც კი აღარ გვსურს საერთო კეთილდღეობისათვის, არამცთუ რაიმე სერიოზულის მსხვერპლად გაღება”.
ნიკო ნიკოლაძე საქართველოს ეროვნულ უბედურებად და მისი განვითარების შეფერხების ერთ-ერთ მიზეზად თვლიდა პროფესიონალებისა და პროფესიონალიზმის დეფიციტს საქართველოში, უნიჭო კარიერისტების და ვიგინდარების თარეშს ყველა სფეროში: “განა კარგია, - წერდა ის, რომ ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში, საითაც არ გაიხედავ, სადაც უნდა ეჩქეფა “ნამდვილ საქმეს”, სწორედ ეს “ნამდვილი საქმე” ვიღაც ვიგინდარას უპყრია ხელთ, ხოლო პატიოსანი, ძლიერი, მცოდნე, უანგარო და მართალი ადამიანები იღუპებიან გარკვეული საქმის უქონლობის გამო”...
როგორ უნდა მიაღწიოს განვითარებას და განვითარებასა და წარმატებას ხალხმა, რომლის საუკეთესო შვილებიც უსაქმურობაში არიან ჩაფლულნი და რომელსაც მოღვაწეთა როლი არარაობათა და მდაბალთათვის დაუკისრებია?
ერმა კარი უნდა გაუღოს ტალანტიან ადამიანებს, თუ უნდა რომ წაიწიოს წინ და განვითარდეს: “დიდი ადამიანებიც, მხოლოდ თავისი გენიის გამო კი არ იყვნენ დიდები, არამედ მათი თანამედროვე ყველაზე ნიჭიერი და გამოჩენილი ადამიანების გარშემო შემოკრეფის გამოც... ამასობაში ვიგინდარებმა კი ძალიან იბარყეს, თანაც მეტად გათამამდნენ... და ისინი ამას არ დაუშვებენ, რადგან მათ “ხეთქვა” სურთ, მადა საკმაოდ გაეზარდათ, “ხეთქვა” კი სხვაგვარად არ შეუძლიათ, თუ სხვისი ქონება არ მიითვისეს, ვინაიდან შემოქმედებითი ძალა მათთვის ღმერთს არ მიუცია. აი, რისთვის უნდათ მათ სიბნელე, რომელიც ასე უყვართ ავაზაკებსა და მტაცებლებს. მათ უნდათ უმეცრება, უნდათ გაუქმება და განადგურება სიმართლისა და სამართლიანობის მტკიცე მსახურებისა”.
ნიკო ნიკოლაძე ქართული საზოგადოების განვითარების ერთ-ერთ შემფერხებლად თვლიდა დილეტანტიზმს და დილეტანტთა პარპაშს, მოჩვენებით მრავალმხრივობას, ყველგან ცხვირის ჩაყოფას და სადღაც იოლად გაძვრომას ნებისმიერი ხერხით: “ჩვენ არაერთხელ მიგვითითებია ქართული საზოგადოებრივი ცხოვრების აღმაშფოთებელ ბოროტებაზე – წერდა იგი, - ყოველი ჩვენგანი გამალებული ისწრაფვის მოკალათდეს რაიმე თანამდებობაზე და არავის ადარდებს, მზადაა თუ არა ამ საქმისთვის, შეუძლია თუ არა მისი შესრულება, აქვს თუ არა ნიჭი და ღონე მის გასაძღოლად? “არის ვაკანსია? – რატომ არ უნდა დაიკავოს?” – აი, ჩვენი საყოველთაო დევიზი.
ჩვენ ყოველგან მივძვრებით, საქმე კი ოდნავადაც არ გვანაღვლებს. ყველგან და ყოველთვის მხოლოდ საკუთარი თავი გვახსოვს. ჩვენში ხშირად ერთი და იგივე კაცი, რომელსაც არაფერი შეუსწავლია, ისეთ თანამდებობას იკავებს, რომლის შესრულების ძალაც არ გააჩნია (დღეს კიდევ უფრო “წინ” წავედით და ასეთი ადამიანები უკვე იკავებენ პროფესორების, მინისტრების, რექტორების თანამდებობებს – ვ.შ.). დღეს ის მოსამართლეა, ხვალ პედაგოგი, ზეგ ფინანსისტი, შემდეგ ორატორი, ტექნიკოსი, რედაქტორი და ა.შ. მზადაა მეანობაც კი დაიწყოს, არჩევითი რომ იყოს ეს თანამდებობა”.
ნიკო ნიკოლაძე არჩევნებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა და ამიტომაც აკრიტიკებდა ქართული საზოგადოების არასერიოზულ დამოკიდებულებას მისდამი, რის გამოც ხშირად უღირსებს ვირჩევდით და ვირჩევთ ახლაც სხვადასხვა თანამდებობებზე: “არჩევნები მეტისმეტად სერიოზული საქმეა, - მიუთითებს ის, - ესმის თუ არა ვინმეს, რომ არჩევა ამომრჩევლებს გარკვეულ ვალდებულებას აკისრებს? მიგიქცევიათ ყურადღება საზოგადოებრივ თანამდებობებზე ჩვენი არჩევნების უმეტესობის უცნაურობისა და უმწიფრობისათვის? იკრიბებიან ამომრჩევლები და ყოველგვარი განსჯის, პიროვნების შეფასების გარეშე, მისი მიზნების გაურკვევლად, თითქმის პირველსავე ადამიანს, რომელიც კი თვალში მოხვდებათ, ან რომელიც არჩევანის სურვილს გამოაცხადებს, დაუბრკოლებლად ირჩევენ”.
ნიკოლაძე ქართულ საზოგადოებას აკრიტიკებს იმის გამოც, რომ ჩვენ არ ვიცით წარსულში დაშვებული შეცდომების ანალიზი, შანსის გამოყენება, ხშირად ვიმეორებთ ერთსა და იმავე შეცდომებს, უაზროდ ვფლანგავთ დროსა და ნიჭს და ვემსგავსებით ისეთ საზოგადოებებს “რომელთაც თავიდანვე ბედად დაჰყვათ იყონ მონადირის ისეთ სანანებელ მდგომარეობაში, როდესაც თოფი სწორედ იმ დროს უმტყუნებს, როცა კურდღელი მის ცხვირწინ გამოხტება”.
ნიკოლაძეს მიაჩნია, რომ ჩვენს საზოგადოებას აკლია სოლიდარობის გრძნობა, ტოლერანტიზმი, აქვს ავტოკრატიული მიდრეკილებანი, შეუწყნარებლობა სხვისი აზრის მიმართ. მას მაგალითად მოჰყავს ზოგიერთის დამოკიდებულება თუნდაც ბეჭდვითი სიტყვის თავისუფლების მიმართ: “სიტყვით ყველანი “ბეჭდვითი სიტყვის თავისუფლების” თავდადებული მომხრენი ვართ, მაგრამ ჩვენს საზოგადოებაში იშვიათად თუ აქვს ვინმეს ნამდვილად შეგნებული ამ თავისუფლების აუცილებლობა და სარგებლიანობა. თითქმის ყველა ჩვენგანს ახასიათებს სხვისი აზრის შეუწყნარებლობა, საწინააღმდეგო მოსაზრებების შიში, სურვილი იმისა, რომ მხოლოდ ჩვენი ნათქვამი გაიმეორონ.
ერთსულოვნად მოვითხოვთ :ბეჭდვითი სიტყვის თავისუფლებას”, თავგამოდებით გვსურს მივაღწიოთ ცენზურის გაუქმებას, მაგრამ არც ერთი ჩვენთაგანი არ იქნებოდა წინააღმდეგი, სახელმწიფო ცენზურის მაგიერ საკუთარი, თავისთვის სასარგებლო ცენზურა დაეარსებინა”.
ნიკო ნიკოლაძე მოვალეობის გამო როდი აკრიტიკებდა ჩვენი საზოგადოების ნაკლოვან მხარეებსა და შეცდომებს... მას გულწრფელად სტკიოდა თავისი ქვეყნის სატკივარი, აღაშფოთებდა სიმახინჯეები და ქართული დაუდევრობა-უპასუხისმგებლობა, იყო ძალზე თვითკრიტიკული და საკუთარი თავის მიმართ მომთხოვნი, და თანაც მარტო ცუდს კი არ ჰხედავს საქართველოში. იგი გულწრფელად უხსნიდა ქართველებს, რომ “ის, რაც შეიძლება დღეს გამოსწორდეს განსაკუთრებული ძალდატანების გარეშე, რამდენიმე წლის შემდეგ რუტინის ძალასა და მნიშვნელობას შეიძენს”.
ამიტომ თვლიდა, რომ “დასაწყისშივეა საჭირო მითითება სწორედ პირველ ნაბიჯთა შეცდომებსა და მოუხერხებლობაზე, რადგან თუ საფუძველშივე ხელი არ ახლე, ათი წლის შემდეგ ვეღარანაირი გაუმჯობესებული მანქანით ვერ ამოგლეჯ”.
ეს ყველა ქართველმა – რიგითმა თუ პოლიტიკოსმა, მეცნიერმა თუ მინისტრმა უნდა გააცნობიეროს და ამით იხელმძღვანელოს თავის მოღვაწეობაში.