ერაყის ქალაქ ნასირიაში, საავადმყოფოს კოვიდგანყოფილებაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 50-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი, - ამის შესახებ BBC წერს.
ხანძრის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის ჟანგბადის ბალონის აფეთქებას მოჰყვა.
ერაყში, მრავალწლიანი კონფლიქტის გამო, ჯანდაცვის სექტორი, ისევე, როგორც არაერთი სფერო, მძიმე მდგომარეობაშია. საავადმყოფოების ინფრასტრუქტურა სტანდარტებს ვერ პასუხობს. დაღუპულთა ნათესავები სამედიცინო დაწესებულებასთან არიან შეკრებილები და აქციას მართავენ. მათ პოლიციის ორი ავტომობილი დაწვეს.
ერაყის პრემიერ-მინისტრმა საავადმყოფოს ხელმძღვანელის დაკავების ბრძანება გასცა.
მსგავსი შემთხვევა ერაყში აპრილშიც მოხდა. მაშინ, საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 80-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 110 კი დაშავდა.