ბატონებო, ხომ არ დაგვეწყო ქართული სახელმწიფოებრიობის სამოქალაქო აღმშენებლობის პროცესი?
მივმართავ, უპირველეს ყოვლისა, ბატონებს: ვაჟა შუბითიძეს, გია თვალავაძეს, დავით ზარდიაშვილს, გიორგი მჭედლიშვილს, ხარიხიტოს, პაპას, ტაროს, მავერიკს... ანუ ყველა იმ ადამიანს, რომელთა წრეც უპირატესად განაპირობებს ამ საიტის ინტელექტუალურ და ზნეობრივ სახეს, რომლებიც, ამავე დროს, წარმოადგენენ იმ ადამიანთა წრეს, რომელთა მიმართებაშიც ჩემს მიერ ქართული კულტურისა და სახელმწიფოებრიობის განვითარების შესახებ ამ საიტზე გამოქვეყნებულმა იდეებმა გარკვეული ადაპტირების პერიოდი გაიარა და ღვთის მადლით ნელა-ნელა იღებს მათთან ურთიერთობაში თანამამულეთა აზრობრივი თანამშრომლობის სახეს.
წინადადება, რომელსაც ამ წერილში შემოგთავაზებთ, როგორც სათაურიდანვე ჩანს, დიდი პასუხისმგებლობის უაღრესად კომპლექსურ და საოცრად რთულ მოვლენას ეხება, ამიტომ ნება მომეცით სათქმელი ცოტა შორიდან მოვლით ვთქვა.
მოგეხსენებათ, საიტზე ფორ.გე ამ რამოდენიმე ხნის წინ სამ ნაწილად გამოქვეყნდა ბატონი გიორგი მჭედლიშვილის ნამდვილად დროული, თავისი მნიშვნელობით სუპერაქტუალური სტატია "მულტიკულტურიზმის ტრაგიკული დასასრული", რომელშიც ავტორი განიხილავს გლობალიზაციის ეპოქაში ქართველი ერის მიერ თავისი ეთნოკულტურული თვთმყოფადობის შენარჩუნების სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემას მულტიკულტურიზმის, როგორც გარკვეული დასავლური წრეების მიერ თანამედროვე კაცობრიობისათვის თავს მოხვეული ლიბერასტული იდეოლოგიის საყოველთაო გაკოტრების მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ფონზე და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე აკეთებს დასკვნებს ჩვენი ერის მიერ ეროვნული სახის შენარჩუნებისა და ქართული სახელმწიფოებრიობის აღმშენებლობის თვალსაზრისით.
"რით უნდა დავიცვათ თავი ამგვარი ნიაღვრისაგან, რა ორიენტირი უნდა ვიპოვოთ ქართული კულტურის გადასარჩენად და ასაღორძინებლად, როგორ შევძლოთ ამ მორევში საკუთარი თვითმყოფადობის შენარჩუნება?" - სვამს კითხვას ავტორი და წერილის ბოლოს თავადვე გამოაქვს დასკვნა:
"ამ გადასახედიდან საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს: შექმნას თანამედროვე ტექნოლოგიები და ტრადიციებზე დაფუძნებული ქართული, ეროვნული სახელმწიფო".
ხსენებულ წერილს მოჰყვა ძალიან აქტუალური, თავისი შინაარსის მიხედვით ფუნდამენტალური მნიშვნელობის გამოხმაურებათა რიგი, რომელთაგან გამოირჩეოდა ბატონი ზარდიაშვილის განცხადებათა რიგი, რომლებსაც, ქართველი ერის კულტურულ-სახელმწიფოებრივი განვითარების თვალსაზრისით, ჩემის აზრით, თავისუფლად შეგვიძლია მივანიჭოთ საპროგრამო მნიშვნელობა.
"თუ ჩვენ გვსურს ამ გლობალიზაციის ეპოქაში წარმატებულობა, ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი სტანდარტი თანამედროვე ქრისტიანული სახელმწიფოსი".
დამეთანხებით, ნამდვილად, ეპოქის მოთხოვნათა თანაფარდი მასშტაბის აზროვნებაა, რომელიც აღძრავს ჩვენს საზოგადოებაში მიძინებულ ეროვნულ ენერგიას!
"ჩვენ, ქართველებმა ვინმეს კი არ უნდა მივბაძოთ, არამედ, ჩვენი ქრისტიანული ცხოვრებით თავად უნდა ვიქცეთ მისაბაძ მაგალითად და სწორედ ეს არის ნამდვილი ევროპელობა! სწორედ ეს არის იდეალური – ე.ი. ისტორიული გამოცდილებით: დავითისა და თამარის საქართველო! სხვა არც არაფერია ევროპული ორიენტაცია!"
ჩვენთვის, ქართველებისთვის ტერმინი "დასავლური ორიენტაციის", "დასავლური ღირებულებების" განმარტების კლასიკური ნიმუში, რომელიც, უამრავ გარედან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციათა ქმედების საწინააღმდეგოდ ეროვნული ფესვებიდან მოწყვეტას კი არა, არამედ თავისი თვითმყოფადობის უფრო მეტად განმტკიცებას და თავისთავად ყოფნობას გულისხმობს.
"დღეს ჩვენ ახალი სტანდარტი გვინდა. და ეს უნდა შევძლოთ" - აგრძელებს ბატონი დავითი.
მოგეხსენებათ, ბატონებო, ახალი სტანდარტების შექმნა ასე იოლი არ არის.
ახალი სტანდარტის შექმნა ქართველი ერის მიერ მსოფლიო მნიშვნელობის სიტყვის თქმას გულისხმობს, და განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსად მიმაჩნია სწორედ ის ფაქტი, რომ ეროვნული სახელმწიფოებრიობის განვითარების თვალსაზრისით თამასის ზოგადსაკაცობრიო სიმაღლეებამდე აწევა სრულებითაც არ წარმოადგენს ქართველი კაცისათვის მიზნების დასახვაში შეზღუდვის მიზეზს.
ჩემის ღრმა რწმენით სწორედ ამგვარი მოქალაქეობრივი სიმამაცისა და გაბედული შემოქმედებითი მიდგომის პირმშო შეიძლება იყოს ჭეშმარიტი ქართული სახელმწიფოებრიობა!
"რა გვჭირს სხვისი მისაბაძი?! – აგრძელებს ბატონი დავითი - ქრისტიანის ცხოვრება მხოლოდ ქრისტეს მიბაძვაა და ამით ის თავად იქცევა სხვისათვის მისაბაძ მაგალითად! და ესაა აქსიოლოგიური გაგებით ევროპა. ესაა საქართველოც!"
ქართველობის, მაშასადამე ევროპელობისა და პირიქით, ევროპელობის, მაშასადამე ქართველობის, როგორც გამონათქვამის საოცარი სიღრმის კლასიკური განმარტება, ღირსი სასწავლო სახელმძღვანელოებში შეტანისა, რომლის საშუალებითაც, კიდევ ვიმეორებ, ავტორი აღწევს ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარების დასავლური ორიენტირის შინაგანად საოცრად სწორ, საზოგადოებისათვის ადვილად გასაგებსა და ეროვნული სულიერებისათვის მისაღებ განმარტებას.
"დღეს ეს თითქოს უტოპიაა, მაგრამ სწორედ ესაა ნამდვილი ქართული ოცნება!"
სიტყვა "თითქოს" ხაზგასმით მიანიშნებს, რომ მას მოვლენათა ამგვარი სცენარით განვითარება მართლა უტოპიად კი არ მიაჩნია, არამედ ჩვენი ერის კულტურულ-სახელმწიფოებრივი განვითარების კრიზისული ვითარებიდან ერთადერთ ჭეშმარიტ გამოსავლად.
თუ ბატონი დავითის მიერ გამოთქმულ კერძო აზრებზე ასე დაწვრილებითი კონსტატაციით ან თავად ბატონი დავითს, ან დანდარჩენ საზოგადოებას გარკვეული უხერხულობის გრძნობა გავუჩინე, გულწრფელად ვთხოვ შენდობას და, დამიჯერეთ, მე ამას არ დავუშვებდი, რომ არ დამენახა მათში საოცრი ლაკონურობით ფორმირებული ის პროგრესული პოზიცია, რომელიც ამდენი ვაიუბედურებისა და ეკლიან გზაზე ამდენი ხნის სვლის შემდეგ ბოლოს და ბოლოს მაინც მომწიფდა ჩვენს ერში.
ამ ღირებულების წარმოსაჩენად ნამდვილად ღირდა სუბორდინაციის მიღებული ნორმების მცირედი უგულებელყოფა!
"რა სტანდარტები უნდა შევქმნათ, ან როგორ უნდა შევძლოთ ეს ჩვენ და, დიაღაც, რა პრიორიტეტებს გულისხმობს ეს სტანდარტი?" - მართლაც, გენიალური უბრალოებით არის დასმული ავტორის მიერ ერის წინაშე დასახული ეპოქალური ამოცანა, რომელიც გადაუდებლად ითხოვს ჩვენი საზოგადოების მიერ მის გადაჭრას.
ბატონი მჭედლიშვილის წერილთან დაკავშირებით გამართული დისკუსია სახელმწიფოებრივი განვითარების თვალსაზრისით ნამდვილად იყო საზოგადოებისათვის ყურადსაღები შინაარსის მქონე.
პირადად მე ძალიან გავიხარე სიბრძნით, რომელსაც გულისხმობს კომენტარი ბატონისა, რომელიც GSH1- ის ნიკით დისკუსირებდა.
რაფინირებული, ცოცხალი და აზრით დატვირთული ყოველი ფრაზა, და, რაც მთავარია, დასკვნა, გამომდინარე მისი განვრცობიდან:
"ევროპულ ოჯახთან და მთელ მსოფლიოსთან საურთირთოდ საჭიროა არა ანტიკურ-ბიბლიურ ფესვებზე აპელირება, არამედ გარე სამყაროსთვის რაიმე პრაქტიკულად საინტერესოს შეთავაზება".
"ამავე დროს, გარდა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პოლიტიკურ-ეკონომიკური მიმართულების მოძებნისა, აუცილებელია საზოგადოებრივ ღირებულებებში ეროვნული შემადგენელის გაძლიერება".
ის, თითქოს, შედის პოლემიკაში ბატონ ზარდიაშვილთან ანტიკურ-ბიბლიურ ფესვებთან დაკავშირებით, მაგრამ ისიც მასთან ერთად ერთ მნიშვნელოვან დასკვნამდე მიდის:
ღირებულებითი თვალსაზრისით ჩვენ ისეთი სტანდარტი უნდა შევქმნათ, რომელიც საჭირო და, ამდენად, მისბაძი გახდება ისევ და ისევ გლობალოზაციის ეპოქასთან დაკავშირებით იდეოლოგიურ-მსოფლმხედველობრივ კრიზისში შესული მსოფლიოსათვის!!!
ჩემის აზრით, ეს არის ქართველი ერისათვის ის ფუნდამენტალური მნიშვნელობის დასკვნა, რომლის გამოტანის პროვოცირებაც ამ შესანიშნავმა სტატიამ მოახდინა.
ბატონებო, მე იმიტომ გავამახვილე თქვენი ყურადღება ზემოთ მოყვანილ, პრინციპში, თქვენს მიერვე გამართულ დისკუსიაზე, რომ ის, ჩემის აზრით, ნიშნეულად გამოხატავს ჩვენი საზოგადოების სულიერ მდგომარეობას და აჩვენებს, რომ ქართველ ერში მომწიფდა ქმნის ნებელობით-ინტელექტუალური პოტენციალი, რომელიც დაუფარავად იწევს დღის სინათლეზე გამოსასვლელად. ჩემის აზრით, ეს არის ტიპიური მაგალითი იმისა, რომ ქართველი ერის სულიერება, დაღლილი და გაბეზრებული გაუთავებელი ნგრევისა და გაპარტახების ორ ათეულზე მეტწლიანი პერიოდისაგან, სხვათა მოიმედეობით ათასგზის მოტყუებული და შეურაცხყოფილი, აშკარად მომწიფდა საიმისოდ, რომ აღარავის ანდოს თავისი დედა-სამშობლოს ბედი და თავის თავზე აიღოს ქართული სახელმწიფოებრიობის აღმშენების მთელი სიმძიმე.
დიაღ, მეგობრებო, ქართული სულიერება ნელა-ნელა, თანდათანობით, მაგრამ მაინც გამოდის სხვათა მოიმედეობის მონური ტყვეობის მდგომარეობიდან, რითაც ერთნაირად ხასიათდებოდა საზოგადოებრივი განვითარების გამსახურდიას, შევარდნაძისა თუ სააკაშვილისეული პერიოდები. ქართველი ერი შინაგანად, უჯრედების დონეზე მიმხვდარი ბანალურ ჭეშმარიტებას იმის თაობაზე, რომ მის საქმეს არასოდეს სხვა არ გააკეთებს, დღეს, იქნებ ბოლომდე გაუცნობიერებლადაც კი, მაგრამ მაინც შინაგანად მზად არის წარმატებით აღასრულოს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის კრიზისის მდგომარეობაში შესული პროცესი.
აქ მე მინდა შეგნებულად სქელი წითელი ფერით გავაფერადო საზღვარი, რომელიც არსებობს ქართველი ერის ამ ორ - სხვათა მოიმედეობის მონურსა და ქართული სახელმწიფოებრიობრიობის სამოქალაქო აღმშენებლობის პერიოდებს შორის და ორიოდე სიტყვით დავახასიათო ის ძირითადი ნიშნები, რომლებიც თვისობრივად განასხვავებენ ამ ორ პერიოდს ერთმანეთისაგან.
უმთავრესი ნიშანი, რომლის მიხედვითაც ეს ორი პერიოდი განსხვავდება ერთმანეთისაგან, მდგომარეობს თავად ღირებულებით შკალაში, რომელთან მიმართებაშიც განისაზღვრება ჩვენი საზოგადოების როგორც ერთი, ისე მეორე მდგომარეობა.
სხვათა მოიმედეობის მონური მდგომარეობის ღირებულებით შკალაზე სამოქალაქო საზოგადოება, როგორც სიდიდე და როგორ ერთეული, საერთოდ არ არის აღნიშნული. Eეს, ბუნებრივია, გულისხმობს, ერის მიერ თავისი თავის პატრონობაზე ხელის აღებას, რაც არის წყარო ნებისმიერი ხელისუფლების გადაგვარებისა, როგორი კეთილშობილური მოტივაციებითაც არ უნდა იყოს ის თავიდან ხელისუფლებაში მოსული.
სხვათა მოიმედეობის მონურ შკალაზე არ არის აღნიშნული იდეა ეროვნული საზოგადოების შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზებისა, რომლის საშუალებითაც სამოქალაქო საზოგადოება ყოველ ახალ ეპოქაში კვლავ და კვლავ შემოიმოქმედებს თავის თავს და, შესაბამისად, ახდენს თავისი სახელმწიფოებრიობის შინაგან გადახალისებას, Dდა რომლის საშუალებითაც იგი, როგორც მუდმივი ერთეული, ყოველთვის ახალია, ყოველთვის ძლიერია და ყოველთვის თანამედროვეა.
სხვათა მოიმედეობის მონურ მდგომარეობაში მყოფი საზოგადოება ყოველთვის ჩიხშია მოქცეული, რამეთუ თავისი თავის მართვის თვალსაზრისით იგი არის ბერწი, რითაც იმთავითვე უკარგავს ხელისუფლებას პირველსაწყისობრივ დანიშნულებას - მისი საშუალებით მოუაროს ერმა თავის თავს.
ამ თვალსაზრისით სხვათა მოიმედეობის მონურ მდგომარეობაში მყოფი საზოგადოება თავადვეა მიზეზი ხელისუფლების ნებისმიერი უმსგავსობისა.
იგი, გულწრფელად მსურველი "ღირსეული" საზოგადოებრივი ცხოვრებისა, (სიტყვას "ღირსეული" ბრჭყალებში იმიტომ ვხმარობ, რომ ამგვარ მდგომარეობაში ჩავარდნილ საზოგადოებას თავისი მდგომარეობის სპეციფიკის გამო წარმოდგენაც არა აქვს ცნება "ღირსების" შესახებ) ამ მიმართულებით ყოველი მორიგი განცდილი კრახის შემდეგ უკიდურესი აღფრთოვანებით ხვდება არენაზე გამოჩენილ "ახალ ლიდერს", ახლა მას უკავშირებს ქვეყნის აღმშენებლობის ყველა იმ ფუნქციას, რომელიც უშუალოდ თავად მისი, სამოქალაქო საზოგადოების, მოღვაწეობის საგანს უნდა წარმოადგენდეს, და რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, "ახალი ლიდერით" გამოწვეულ აღტაცებაშივე არის ჩადებული მისით იმედის გაცრუება და, შესაბამისად, განხიბვლა, რომელიც გარკვეული ხნის შემდეგ აუცილებლად დადგება, რამეთუ არც ერთ ხორციელ, დედისაგან ნაშობ კაცს, რა დადებითი თვისებებითაც არ უნდა იყოს იგი უფლისაგან დაჯილდოებული, (აქ იგულისხმება გამსახურდიაც, შევარდნაძეც, სააკაშვილიც, ივანიშვილიც) არ ძალუძს აღასრულოს ის, რისი აღსრულების ერთადერთი შემოქმედიც უფლით უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ხალხი.
წარმოუდგენელია, მაგრამ ფაქტია, რომ სხვათა მოიმედეობის მონურ მდგომარეობაში მყოფი საზოგადოება, დაბეჭდილი სრული უპასუხისმგებლობისა და, აქედან გამომდინარე, გულგრილობის ბეჭდით, თავადვეა ხელისუფლების გამრყვნელი – ყველა შესაძლო გზებით ცდილობს მოთაფლოს ხელისუფლება, მოისყიდოს, შეაცდინოს და შეეკრას, რათა სხვებისაგან განსხვავებით მიიღოს ის, რაც მას კანონით არ ეკუთვნის და რაც მას სხვა მოქალაქეებთან მიმართებაში უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენებდა. მონური ფსიქოლოგიით შეპყრობილი საზოგადოება არასოდეს არ არის არც ომში ბრძოლისა და არც ცხოვრებაში მოღვაწეობის ერთობლივად, კოლექტიურად განმახორციელებელი ერთ მუშტად შეკრული საზოგადოება, რამეთუ მისი წევრები ერთმანეთის მიმართ განმსჭვალულები არიან შინაგანი შურით, ჯიბრითა და, მეტიც, ზიზღამდე მისული მეტოქეობით.
ამგვარ მდგომარეობაში მყოფი საზოგადოება თავადვეა ძირის გამომთხრელი იმ ნათელი ოცნებებისა, რომელთა აღსრულებასაც ის გულწრფელად ითხოვს ხელისუფლებისაგან, (თუ არ გამოვიდა ჩვენი საზოგადოება სხვათა, ამ შემთხვევაში ივანიშვილის მოიმედეობის მონური მდგომარეობიდან და არ შექმნა ბატონი ივანიშვილის მიერ დეკლარირებული სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკული მასა, მის "ქართულ ოცნებასაც" იგივე შედეგი ელის) რაც, ერთის მხრივ, მის მიერ თავის დროზე ხელისუფლებაში ზარ-ზეიმით მოყვანილი "ძველი ლიდერის" ზიზღით მთავრდება, ხოლო, მეორეს მხრივ, წარმოადგენს რიგით შემდგომი "ახალი ლიდერის" ხელისუფლებაში ზარზეიმითვე "მოყვანის" საფუძველს.
ბუნებრივია, რომ ამგვარივე სულისკვეთებით არის განმსჭვალული საზოგადოების ის ნაწილი, რომელმაც ჩვეულებრივი მოსახლეობის რიგებიდან გარემოებათა გამო ხელისუფლებაში გადაინაცვლა.
ლოგიკურია, რომ ის წესებიც, რომელთა მიხედვითაც ერთმანეთში ურთიერთობებს განსაზღვრავენ ამგვარივე სენით დაავადებული პოლიტიკური პარტიები, ასევე გამომდინარეობენ არა ერისა და ქვეყნის, არამედ მათი პირადი გამორჩენის ინტერესებიდან.
იმის მაგივრად, რომ პოლიტიკოსებისთვის ცნება "პოლიტიკა" წარმოადგენდეს ერის მიერ თავისი თავის მოვლა-პატრონობის კონკრეტული ხორცშესხმის პროცესს, რაც თავისი დანიშნულების მიხედვით უფლის მსახურების პროცესის ტოლფასი მოვლენაა, მათ ხელში იგი იქცევა პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებთან ვაჭრობისა და მორიგების საგნად. ამგვარი "მოღვაწეობა" ბოლოს და ბოლოს, ერის თვალში მათ ავტორიტეტს მთლად მიწაზე სცემს და გამოუსწორებლად აცამტვერებს, რაც ზნეობრივად მათ მეძავზე უარეს მდგომარეობაში აგდებს, რამეთუ მეძავი საკუთარი სიწმინდეებით ვაჭრობს, ხოლო ეს საწყალი – ეროვნული სიწმინდეებით.
ეროვნული საზოგადოების თვალში პოლიტიკური ელიტის ზნეობრივი გაკოტრება საბოლოოდ აგდებს ეროვნულ საზოგადოებას უსასოო მდგომარეობაში, რამეთუ რჩება იგი თავისი ნების ცხოვრებაში გატარების საზოგადოებრივი ინსტიტუტის გარეშე.
იწყება ეროვნული საზოგადოების სრული დეგრადირების პროცესი.
ძნელია აღწერო ზნეობრივად, სამართლებრივად და სოციალურად მორღვეული საზოგადოების ნიჰილიზმი – სენი, რომელიც გულისხმობს მის ხელჩამოშვებულობას, განწირულობასთან შეგუობულობას, დინებას მიყოლილობას, უფსკრულში გადაჩეხვის მდუმარე თანხმობას...
მაგრამ ამ უბედურებას, რომელიც მომდინარეობს ზნეობრივად დავარდნილი ეროვნული საზოგადოების შინაგანი მდგომარეობიდან, როგორც წესი, ყოველთვის ემატება გარედან მომდინარე უბედურებაც. ამგვარ გასაჭირში ჩავარდნილი ეროვნული საზოგადოების მდგომარეობა დიდად ემსგავსება სისხლისაგან დაცლილი ლომის მდგომარეობას, რომლის სისხლის სუნზე საიდანღაც მოღეტებული და მისი ღონემიხდილობით უკიდურესად გათამამებული და რიხმოცემული ათასი ჯურის ტურა-აფთრი და ყვავ-ყორანი ჯერ კიდევ ცოცხალს ყოველი მხრიდან – მარჯვნიდან, მარცხნიდან, წინიდან, უკნიდან, მაღლიდან – ხარბად აცხრებიან და ზღვარსგადასული შეუბრალებლობით ჰკორტნიან და სჯიჯგნიან მას, რათა საბოლოოდ ამოხადონ სული და მისი ლეშით როგორმე გაიძღონ თავიანთი ბინძური სტომაქები.
ზნეობრივად დაცემული ერი როგორი საკორტნ-საჯიჯგნიც ხდება როგორც შიდა, ისე გარე მტრისათვის, ამის დასტურად ბოლო ცხრა წლის გამოცდილებაც კმარა.
წარმოსახვას აოგნებს იმისი წარმოდგენა, თუ სადღაც კულისებში როგორც იკრიბებოდნენ სცენარისტები, რეჟისორები და პროდიუსერები და ადგენდნენ ჩვენი ქვეყნის დაქცევისა და გაპარტახების ამ გასაოცრად შორს გათვლილსა და გასაოცრად მრავალმხრივ, მრავალკომბინაციურსა და მრავალსახა სცენარს, როგორ ამზადებდნენ ჩვენს სამშობლოშივე ჩვენივე ხალხის ამოსაძირკვ სპექტაკლს, როგორ ადგენდნენ და ამტკიცებდნენ ოცდამეერთე საუკუნის ამ უდიდესი შოუს გამსახორციელებლად, ჯერ კიდევ როდის შეარჩიეს გასათამაშებელი სპექტაკლისათვის მსახიობები, ჯერ კიდევ როდის დაუწყეს მათ როლებისთვის მომზადება, როგორ ასულელეს ჩვენი ხალხი, როგორ ამოხადეს სული ისედაც თავგზააბნეულებს და როგორ შეეცადნენ საბოლოო წერტილი დაესვათ მის მიერ აქამდე გამოვლილი უდიდესი ისტორიული გზისათვის, რომ არა...
(ეს "რომ არა" აოგნებს ადამიანის წარმოსახვას და წინა პლანზე მოდის ჩვენი ერისათვის თვით ყველაზე მძიმე წუთებშიც კი ჩვენი პატრიარქის თითქოს და მდგომარეობისათვის შეუსაბამო სიტყვები - "ყველაფერი კარგად იქნება".
მე შემდგომ წერილში მაქვს გატარებული დღევანდელი დღის "დიდი თურქობის" პერიოდთან პარალელი – აღარც მაშინ იყო გზა, აღარც მაშინ იყო საშველი, მაგრამ... (არ ვიცი, როგორა ვთქვა ისე, რომ ჩვენი ათეისტური აღზრდით დაღდასმული სულებისთვის ზედმეტი პათეტიკისა და სიყალბის გარეშე იქნეს მიღებული ის რასაც ახლა ვიტყვი) უფალმა მოუვლინა ჩვენს ერს დავით აღმაშენებლის სახით გამომყვანი სიკვდილის გზიდან და "ყველაფერი კარგად იქმნა".
კარგად ვხედავთ ეს "რომ არა..." დღესაც, როგორც მაჩვენებელი ქართველი ერის თავზე უფლის სასწაულისა, აღესრულება და რეალური ხდება გამოსვლა გუშინდელი გადასახედიდან თითქოსდა უსაშველო ვითარებიდან, რომლის შექმნისათვისაც ჩვენმა მტრებმა არანაირი ღონე არ დაიშურა.
ჩვენ კარგად უნდა გავიაზროთ, თუ რამხელა მანქანას დაუპირისპირდა ბატონი ივანიშვილი, რათა ერი სრულ გაცამტვერებას გადაერჩინა.
ჩვენ უნდა კარგად გავიაზროთ, რომ ივანიშვილის ფაქტორი არის ჩვენი ერის ბოლო შესაძლებლობა, მეტი შანსი ჩვენ აღარ მოგვეცემა.
ამიტომ, ისევე, როგორც მეთერთმეტე-მეთორმეტე საუკუნის ჩვენმა წინაპრებმა, ჩვენც ყოველი ღონე უნდა ვიხმაროთ, რათა მომავალშიც "ყველაფერი კარგად იქმნეს".
თუმცა ამის შესახებ შემდგომ წერილებში...)
ჩვენ ეს ყოველივე ვნახეთ, ჩვენ ეს ყოველივე გავიარეთ, ჩვენ ამ ყოველივეს ჯერ კიდევ გავდივართ.
სრული პასუხისმგებლობა ყოველივე იმისათვის, რაც კი ჩვენს თავს ხდება, გვეკისრება ჩვენ, ქართულ საზოგადოებას, რამეთუ დღესაც ვიმყოფებით ჩვენ სხვათა მოიმედეობის მონურ მდგომარეობაში (ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის) და კოლექტიური აზროვნების, გადაწყვეტილების კოლექტიურად მიღებისა და ამ გადაწყვეტილების კოლექტიურად აღსრულების თვალსაზრისით დღესაც დადამბლავებულები ვართ.
როგორ მკვეთრ ფერებშიც არ უნდა იყოს ჩემს მიერ დახატული სურათი, მავანთა სულებში აღშფოთების როგორი ტალღის აგორებაც არ უნდა გამოიწვიოს ჩემმა ამგვარმა პირდაპირობამ, ობიექტურ რეალობას, როგორც ფაქტს მაინც ვერავინ შეცვლის, ხოლო ფაქტი ერთ რამეს ღაღადებს:
ამგვარია სულიერ ღირებულებათა შკალა სხვათა მოიმედეობის მონურ მდგომარეობაში მყოფი საზოგადოებისა და ამგვარია სურათი, რომლის მოცემაც ამ შკალას შეუძლია.
++++++
ორიოდ სიტყვა იმ ღირებულებითი შკალის შესახებ, რომელიც გულისხმობს სახელმწიფოებრიობის შემოქმედი ერის მდგომარეობას
თუ რამდენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დღეს ჩვენი ერის მიერ იმ ღირებულებითი შკალის ჩამოყალიბება, რომელიც გულისხმობს ქართველი ერის მიერ ქართული სახელმწიფოებრიობის სამოქალაქო შემოქმედების პროცესის არსებობას, ამის შესახებ უკვე ვისაუბრეთ – ან შევძლებთ და ჩვენ, ქართველი ერი აღვიდგენთ მას, როგორც ჩვენი სულიერი სამყაროს მოწყობის მეტრს, საზომს და საფძველს, აღვაშენებთ ქართულ სახელმწიფოებრიობას, როგორც ჩვენს მიერ ჩვენივე თავის სრულფასოვანი მოვლა-პატრონობის ფორმატს და შინაგანი ძალით განსხივოსნებულნი ძლევამოსილად გავაგრძელებთ ჩვენს ისტორიას, ან მისულები გადაშენების ზღვარზე "წარმატებით" გადავლახავთ მას და სულ რამოდენიმე ხნის შემდეგ, კაცობრიობას დავუტოვებთ ჩვენს შესახებ უგუნური ერის ხსოვნას, რომელსაც უფალმა უდიდესი შესაძლებლობები მისცა სულიერი და მატერიალური კეთილდღეობის შესაქმნელად, ხოლო მან ზედმეტი ამპარტავნებით, სიზარმაცითა და ერთმანეთთან საურთიერთობო ენის უქონლობით გამოწვეული სიცოტავის გამო ეს შესაძლებლობა ვერ გამოიყენა და ასე ტრაგიკულად დაამთავრა ჩვენი წინაპრების მიერ დღემდე დიდებით მოყვანილი ისტორია.
ამიტომ, შეგვიძლია დარწმუნების უკიდურესი ხარისხით ვთქვათ:
ქართული სახელმწიფოებრიობის სამოქალაქო შემოქმედების მდგომარეობის განმსაზღვრელი ღირებულებითი შკალის, როგორც ქართველი ერის სულიერი სამყაროს სრულფასოვანი არსებობისა და ფუნქციონირების მეტრის, საზომისა და საფუძველის აღდგენა-ფორმირება არის დღეს ჩვენი საზოგადოების უპირველესი ამოცანა.
თუ როგორ გამოიყურება ღირებულებითი შკალა, რომელიც გულისხმობს ქართველი ერის სახელმწიფოებრიობის სამოქალაქო შემოქმედებას, ამის შესახებ ჩვენ ჩვენი საზოგადოების ისტორიის განვითარების ამ ეტაპზე მხოლოდ ვარაუდით შეგვიძლია ვილაპარაკოთ.
მოსაზრებები ქართული სახელმწიფოებრიობის აღმშენებლობის შესახებ, რომელთა შესახებაც ამ წერილის დასაწყისში გავამახვილე თქვენი ყურადღება, ამ მიმართულებით ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებისათვის ნამდვილად მნიშვნელოვან აუცილებელ, მაგრამ არასაკმარის პირობას წარმოადგენს.
რომ "აუცილებელია ახალი სტანდარტი თანამედროვე ქრისტიანული სახელმწიფოსი", და რომ "ეს ახალი სტანდარტი ჩვენ აუცილებლად უნდა შევქმნათ", ჩვენი საზოგადოებისათვის ეპოქალური ამოცანის განსაზღვრების თვალსაზრისით წარმოადგენენ უთუოდ უმნიშვნელოვანეს, მაგრამ მხოლოდ აუცილებელ პირობას, წარმომშობს მოთხოვნილებისა, რომლის დაკმაყოფილებისკენ ლტოლვაც აღაგზნებს ეროვნულ ენერგიას.
მაგრამ, ამავე დროს, ერის წინაშე დასმული ამოცანის კონკრეტული გადაჭრის მეთოდოლოგიების შემუშავების თვალსაზრისით იგი არის აბსოლუტურად არასაკმარისი.
აკი თავად ავტორიც სვამს კითხვას:
"რა სტანდარტები უნდა შევქმნათ, ან როგორ უნდა შევძლოთ ეს ჩვენ და, დიაღაც, რა პრიორიტეტებს გულისხმობს ეს სტანდარტი?"
ამის განსასაზღვრად ჩვენ გარდა ზოგადად დასმული ამოცანისა და მზაობისა ამ ამოცანის ჩვენს მიერ აუცილებლად გადაჭრის შესახებ არაფერი კონკრეტული არ გაგვაჩნია.
გაგვაჩნია კიდევ სახელმწიფოებრიობის აღშენების ოცდასამწლიანი წარუმატებელი გამოცდილება, რაც ჭკვიანი ხალხის ხელში დიდ იარაღად შეიძლება იქცეს.
წარსულის გაკვეთილები გვასწავლიან, რომ სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის გზა დანაღმული ველის გადავლის მსგავსი მოვლენაა, რომელმაც შესაბამისი პერიოდის განმავლობაში ათეულ ათასობით ჩვენი თანამემამულე შეიწირა და, საერთო ჯამში, ლამის არის მთელი ერიც მათ გზას გაუყენოს.
არადა, არსებობოს რუკა ამ დანაღმული ველის საიდუმლო ბილიკით გავლისა, რომლის წაკითხვაც მხოლოდ და მხოლოდ სიბრძნის მდგომარეობაში მყოფ ერს შეუძლია.
რა სიბრძნეა ამისთანა, სად შეიძლება მისი ნახვა და როგორ შეიძლება მისი მოპოვება, კაცმა არ იცის,
ამ ეტაპზე ამის შესახებ მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლება დანამდვილებით:
ეს სიბრძნე, როგორც საგანი, როგორც ცალკე აღებული რაიმე ობიექტურად არსებული სისტემა, არ არსებობს ბუნებაში.
სიბრძნე, როგორც მდგომარეობა, არის ნაყოფი ერის სულიერი სიმწიფისა, რომელიც მის არსში ყალიბდება კოლექტიური მსჯელობის, გადაწყვეტილების კოლექტიური მიღებისა და მიღებული გადაწყვეტილების კოლექტიური აღსრულების უნარის აღდგენასთან ერთად.
ამავე დროს, სიბრძნის მდგომარეობის, როგორც ასეთის ჩამოყალიბება ერში სათავეს იღებს გარდაუვალობის შეგნებიდან, რომელიც, როგორც უკვე ვთქვი, ყალიბდება უარყოფითი გამოცდილების შედეგად.
რამდენადაც ცინიკურად არ უნდა ჟღერდეს, ამ თვალსაზრისით ჯოჯოხეთი, რომელიც ჩვენ ცხრაწლიანი რეჟიმის პირობებში გამოვიარეთ, უთუოდ პოზიტიური მუხტის მატარებელი მოვლენაა.
ჩვენ, აგრეთვე, მოვმწიფდით ზოგადად მიზნის განსაზღვრებასთან და ჩვენი ერის მიერ ამ მიზნის ერთობლივი აღსრულების გარდაუვალობასთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც ამ წერილის დასაწყისში მქონდა საუბარი.
დანარჩენი ინფორმაცია, რომელიც გვჭირდება ჩვენ თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობის აღსაშენებლად, კონკრეტული განუსაზღვრელობის გამო საკმაო სიბნელით არის მოცული.
გამოსავალი?
გამოსავალი, ჩემის აზრით, შემდეგ ოთხ კითხვაზე ღრმად მეცნიერული და, ამავე დროს, ჩვენი საზოგადოების ნებისმიერი წევრისათვის ბუნებრივად მისაღები პასუხის გაცემაში მდგომარეობს:
რა უნდა განახორციელოს?
ვინ უნდა განახორციელოს?
რატომ უნდა განახორციელოს?
როგორ უნდა განახორციელოს?
(თითოეული ამ კითხვათაგანი ნამდვილად იმსახურებს თემატური ჯგუფის მუშაობას, (როგორც ეს ბატონმა ზარდიაშვილმა შესთავაზა თავის ერთ-ერთ პოსტში საზოგადოებას) რამეთუ ეროვნული ცნობიერების მიერ ამ ოთხი საკითხის განსაზღვრება პირდაპირი თუ ირიბი გაგებით ავტომატურად წარმოადგენს მის მიერ ქართული სახელმწიფოებრივი სივრცის განსაზღვრებას).
ამიტომ, ბატონო დავით, სრულიად გეთანხმებით, როდესაც ამბობთ რომ აუცილებელია საზოგადოებრივი სააზროვნო მექანიზმის შექმნა, რათა ერს მისცემოდა შესაძლებლობა კოლექტიურად ემსჯელა, კოლექტიურად განესაზღვრა და კოლექტიურად დაედგინა ის, თუ ვინ, რა, რატომ და როგორ უნდა განახორციელოს, ხოლო შემდეგ, შეიარაღებული საზოგადოებრივი თანხმობით, ასევე კოლექტური რუდუნებითა და კოლექტიური მიზანდასახულობით შესდგომოდა იმ პროგრამის განხორციელებას, რასაც თავად დაიდგენდა ამ ოთხ კითხვაზე კოლექტიური პასუხის გაცემის შედეგად.
პრინციპში, ალბათ, ეს არის კიდეც სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ერთადერთი გზა.
პრინციპში, ალბათ, ამ მიმართულებით არის გასავითარებელი ქართული სახელმწიფოებრიობის სამოქალაქო აღმშენებლობის პროცესი.
მოგეხსენებათ, მე ამ ბოლო თვეების განმავლობაში ვაქვეყნებდი თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის პროექტს, რომელმაც, როგორც ადგილობრივ ინტელექტუალებს გახსოვთ, (როგორც მე ვფიქრობ, ალბათ, ერისათვის უმნიშვნელოვანეს თემებთან საკმაოდ გაბედული დამოკიდებულების გამო) თავიდან ცალსახად ნეგატიური დამოკიდებულება გამოიწვია, რომელიც, ჩემი ნაშრომების შესწავლის შემდეგ, ღვთის მადლით, გადაიზარდა ასევე ცალსახად პოზიტიურ დამოკიდებულებაში.
არც ახლა ვფიქრობ სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის შესახებ ჩემს მიერ სისტემატიზებული წარმოდგენების ამ საიტზე სტატიების სახით გამოქვეყნების დაწყებული პროცესის შეჩერებას, უბრალოდ, ბატონი მჭედლიშვილის წერილთა სერიამ, მასში გამოხატული აზრის მიმართ თქვენს მიერ გამართულმა დისკუსიამ და აღმშენებლობის პროცესის რეალურად დაწყებისათვის ქართული საზოგადოების სიმწიფის შესახებ გამოტანილმა დასკვნებმა ერთი იქნებ ძალიან საპასუხისმგებლო, იქნებ ძალიან გაბედული და იქნებ ძალიან სარისკო ნაბიჯის გადადგმისაკენ მიბიძგა, რომლის შესახებაც ახლავე მოგახსენებთ.
თუ არსებობს ჩვენს საზოგადოებაში ასეთი მზაობა, მაშინ ხომ არ ემჯობინებოდა სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის შესახებ პროექტად ხსენებული გარკვეული, იქნებ საინტერესოც, მაგრამ მაინც რეალური ხორცშესხმისაგან დაშორებული და, ამდენად, მკვდარი აზრობრივი სქემების გამოქვეყნებას, ბარეღამ ყველა ზემოთ ხსენებულ და, ალბათ, ბევრ არ ხსენებულ გარემოებათა გათვალისწინებით გაგვებედა და გვეცადა დაგვეწყო თავად პროცესი თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობის სამოქალაქო აღმშენებლობისა?
იქნებ ძალიან გაბედული მოგეჩვენოთ ჩემი წინადადება და თავიდანვე სკეპტიკურად განეწყოთ, მაგრამ ეროვნულ თემატიკასთან უაღრესად მოკრძალებული დამოკიდებულების პირობებში ამგვარად გაბედულმა მცდელობამ არა მგონია რაიმე ზიანი მიაყენოს აღმშენებლობის ამ ფრიად და ფრიად მნიშვნელოვან იდეას.
ხოლო გაბედვა და ცდა, ჩემის აზრით, ნამდვილად გვმართებს, რამეთუ, თავიდან რამდენად გაბედულადაც არ უნდა მოგვეჩვენოს, მაინც ჩვენი, ქართული სამოქალაქო საზოგადოების საფიქრალი და ხორცშესასხმელია გლობალიზაციის ეპოქაში `ახალი სტანდარტების მიხედვით თანამედროვე ქართული ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის~ მოწყობა და ჩამოყალიბება.
ქართველი ერის საზოგადოებრივი სააზროვნო მექანიზმის შექმნის აუცილებლობის შესახებ
კი, ბატონო, მშვენიერი აზრია – იტყვით თქვენ – ყველაფერი მისაღებია, რამეთუ რასაც შენ ამბობ, ნამდვილად წარმოადგენს ყველა ქართველის ოცნებას.
კი, ბატონო, ჩამოვაყალიბოთ საზოგადოებრივი სააზროვნო მექანიზმის შექმნის კონცეპტუალური საფუძვლები, რომლებმაც ბატონ გია თვალავაძესთან კონსულტაციების შედეგად ასეთი სახე მიიღო:
ჩვენმა საზოგადოებამ, უპირველეს ყოვლისა, თავისი ისტორია უნდა დაიყენოს მასწავლებლად და თავად ბეჯით მოწაფედ ექცეს.
ჩვენი საზოგადოების პროფესიონალური მსჯელობის თემად უნდა იქცეს ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიის განმავლობაში წარმოშობილი ნებისმიერი კონცეფცია, რომელმაც მეტად თუ ნაკლებად იქონია გავლენა ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარებაზე.
აქედან გამომდინარე, საქართველოს ისტორია უნდა დაიყოს პერიოდებად, რათა თითოეული მათგანის მარგი ქმედების კოეფიციენტი თანამედროვე სახელმწიფოებრიობის ფორმირების პროცესზე სასიკეთო ზემოქმედების თვალსაზრისით იყოს მაქსიმალური.
სტრუქტურული თვალსაზრისით, როგორც ეს ბატონმა ზარდიაშვილმა შესთავაზა საზოგადოებას თავის ერთ-ერთ პოსტში, საზოგადოებრივი აზროვნების ეს მექანიზმი თავის ფორმით მსგავსი უნდა იყოს "ოცნებისეული" თემატური ჯგუფებისა, თუმცა უფრო გახსნილი და საჯარო, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეეძლება ნებისმიერ მსურველს.
მსჯელობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი უნდა იყვნენ აკადემიური სექტორის რაც შეიძლება მეტი წარმომადგენელი, უნივერსიტეტებში მოღვაწე მეცნიერები, ნიჭიერი ახალგაზრდობა...
კი ბატონო, ნამდვილად მშვენიერი პროექტია, მაგრამ თუ წარმოვიდგენთ, რამხელა ორგანიზაციულ და ფინანსურ რესურსებთან არის დაკავშირებული კოლექტიური აზროვნების ამგვარი საზოგადოებრივი ინსტიტუტის ჩამოყალიბება, მაშინვე გასაგები გახდება დედა-აზრი ბატონი დავითის შეკითხვისა - "რა სახსრებით?", რომლის გადალახვაც აქამდე მხოლოდ ბატონმა ივანიშვილმა შეძლო გასაგები მიზეზების გამო.
მაგრამ ჩვენ არა გვაქვს ანალოგიური შესაძლებლობა და ამ ეტაპზე არც არის იმედი, რომ ქართული ბიზნესი გადალახავს შემოქმედებითი, სამეცნიერო და პოლიტიკური ინტელიგენციის და საერთოდ, ქართული საზოგადოების მიმართ ჩამოყალიბებულ უნდობლობის ზღვარს, რომლის დონეც კარგა ხანია კრიტიკულ ზღვარს არის აცდენილი, და დააფინანსებს ამ მართლაც და ჩვენი ერისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მოვლენას.
მაშ, რა ვქნათ?
მოგახსენებთ ამ "გადაულახავი" ბარიერის მოხერხებულად გარს შემოვლის შესახებ ჩემს პოზიციას:
იდეა ქართველი ერის სააზროვნო მექანიზმის, როგორც გარკვეული ფორმის საზოგადოებრივი ინსტიტუტის შექმნისა ისევე მოსამწიფებელია დროსა და სივრცეში, როგორც თავად იდეა ქართული სახელმწიფოებრიობის ფორმირებისა.
იგი არ შეიძლება იყოს თავიდანვე, არა მხოლოდ ფინანსების უქონლობის გამო. საამისოდ ჩვენს საზოგადოებაში არ არსებობს არც მასთან მიმართება, არ არსებობს არც გამოცდილება ამგვარი მექანიზმის წარმატებული ფუნქციონირებისა და, ბოლოს, არ არსებობს სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკული მასა, რომელიც მას, როგორც სააზროვნო მექანიზმს, როგორც იარაღს მისცემდა ერისათვის ასევითარად საჭირო სათანადო გამოყენებას (რომლის გარეშეც ამ ინსტიტუტის დაარსება იქნებოდა აზრს მოკლებული).
იგი უნდა შეიქმნას ნელა-ნელა და თანდათანობით, აგორას მეთოდით, (ანუ აზრი უნდა აგორავო, სანამ საბოლოო სახეს მიიღებს) როგორც ბატონმა დავითმა შეგვახსენა ცხონებული ბატონი მამარდაშვილის სიტყვები მის ამ საკითხებისადმი მიძღვნილ ერთ-ერთ ბოლო პოსტში.
აზრის აგორების მასალად შემოგთავაზებთ ჩემი რომანი "ჯვარ-პატიოსანის" თანამიმდევრულ განხილვას იმ მოსაზრებიდან გამომდინარე, რომ იგი სპეციალურად მაქვს შექმნილი, როგორც ქართული სახელმწიფოებრიობის აღშენების პროცესის მოდელი, რათა საჯარო მსჯელობის საგანი გამხდარიყო. (ნახეთ ჩემი საიტი gimg.ge, რომელზედაც ჯერ კიდევ 2009 წელს მაქვს დადებული ჩვენი საზოგადოებისათვის ანალოგიური შეთავაზება).
ბატონებო, თუ ვინმეს ზედმეტად გაბედულად მოეჩვენება ჩემი ამგვარი საქციელი, განვუმარტავ:
არავითარი უხერხულობის განცდისა და ყალბი თავმდაბლობის დემონსტრირებას არ ვაპირებ, რამეთუ როდესაც საქმე ჩვენს სამშობლოს შეეხება, მოგიწოდებთ იყოთ უკიდურესად გაბედულები, ამაღლებულები და ნებისმიერი გამოწვევისათვის პასუხის გაცემის სიმაღლის მქონენი.
ჩვენი სამშობლოს მსახურების გზა ნამდვილად გულისხმობს თავგანწირვამდე მისულ უკიდურეს გაბედულებას. აზრი არის ქვეყნის ფეხზე დამყენებელი და აზრმა უნდა დააყენოს ქვეყანა ფეხზე. სახელმწიფოებრიობის სამოქალაქო აღმშენებლობის გზაზე ზოგიერთების წკმუტუნ-წკავწკავი "შენ-ჩემობის" იწილო-ბიწილოს შესახებ მამულიშვილობისა და, საერთოდ, სამშობლოს მსახურების ცნების დამცირებად მიმაჩნია.
ჩვენ მეომრები ვართ და ჩვენი საომარი ველი დღეს ეშმაკისათვის ერის სულიერების გამოგლეჯვა და უფლის მსახურების კალაპოტში ჩაყენებაა, სადაც სამშობლოს მსახურება უფლის მსახურებად არის მიჩნეული და რომლის მიხედვითაც "ნეტარ არიან სამშობლოსათვის თავდადებულნი".
დიაღ, მე გავბედე და დავწერე ისტორიული რომანი დავით აღმაშენებელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ თუნდაც დიდი კონსტანტინეს შემდეგ იმიტომ, რომ დღეს ჩვენი ერის წინაშე მდგარი ამოცანა თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობის აღშენებისა ითხოვს სრულფასოვანი ქართული სახელმწიფოებრიობის შექმნის ანალოგს ჩვენი ისტორიიდან, რათა გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის, როგორც მაგალითის თვალსაზრისით დავითის ეპოქა შეუდარებელია საქართველოს ისტორიის სხვა ეპოქათა შორის.
მაგრამ, მეტყვიან მავანნი, დიდი კონსტანტინეც ხომ სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის შესახებ წერდა.
არა, ბატონებო, კომუნისტური რეჟიმის წითელი ტერორის პირობებში ქართველი ერის წინაშე არ იდგა სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის დიადი ამოცანა, არამედ იდგა დიადი ამოცანა ეროვნული სულიერების გადარჩენისა, რომლის სამსახურსაც მთელი თავისი სიცოცხლე შეალია კონსტანტინე გამსახურდიამ და იმ ავბედით პერიოდში სრულიად ქართველი ერისთვის ეროვნულობის სიმბოლოდ იქცა. სწორედ ამიტომ არის იგი დიდი, როგორც ქართველი ერის ისტორიის მაშინდელ ეპოქაზე ეროვნულობის ბეჭდის დამრტყმელი...
მაგრამ, რა თქმა უნდა, იგი ვერანაირად ვერ გასცემდა პასუხს დღევანდელი დღის გამოწვევებს, პასუხი დღევანდელი დღის ყველა კითხვაზე, რაოდენ მიუღებელიც არ უნდა იყოს ეს აზრი მავანთათვის, ჩვენი გასაცემია და ჩვენ აუცილებლად გავცემთ დრო და ჟამისაგან წამოჭრილ ყველა კითხვას ღირსეულ პასუხს.
ეს – პასუხი მათ, ვისაც ჩემს მიერ დიდი კონსტანტინეს შემდეგ დავით აღმაშენებლის შესახებ რომანის დაწერა ეხამუშება.
ხოლო რაც შეეხება თავად "აგორას პრინციპით" საზოგადოებაში სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის თემის შესახებ მსჯელობის აგორებას, საკითხავია, "აზრის გორაობის" პროცესში ჭეშმარიტ და ერისათვის სასიკეთო დასკვნამდე მისვლისათვის რომელი უფრო მნიშვნელოვანია – აზრი, რომელიც საგორავებლად არის წარმოდგენილი, თუ გორაობის, როგორც პროცესის ხარისხი, რომელსაც აქვს შესაძლებლობები, როგორც მიიღოს ან ნაწილობრივ მიიღოს აზრი, ისევე, უარჰყოს ან ნაწილობრივ უარჰყოს იგი. ოღონდ კი ეროვნულმა საზოგადოებამ ჩამოიყალიბოს თავისი კოლეგიალური ხასიათის განსაზღვრული წარმოდგენები და შეხედულებები საზოგადოებრივი ცხოვრების ზნეობრივი, სამართლებრივი და სოციალური მოწყობის შესახებ.
აგორას პრინციპიდან გამომდინარე, სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის რომან "ჯვარ-პატიოსანში" მხატვრული სიტყვით "გაცოცხლებული" პროცესის მაგალითზე მე შემოგთავაზებდით აზრის გორაობის ნედლ მასალას ჩვენი ერისათვის ფუნდამენტური მნიშვნელობის თემების შესახებ.
თქვენის სახით ჩამოყალიბებულიყო ექსპერტთა ჯგუფი, რომლის დანიშნულებაც იქნებოდა არგუმენტირებული კრიტიკა რომანში წამოჭრილი საკითხებისა და მათი შესაბამისი გადაწყვეტისა, თანაც ისეთი პროცედურული მექანიზმის გავლით, რომელიც, საბოლოო ჯამში, საშუალებას მისცემდა ექსპერტთა ჯგუფს ერისათვის მნიშვნელოვანი ამა თუ იმ საკითხების, პრინციპებისა და კანონზომიერებების შესახებ ჩამოეყალიბებინა თავისი კოლეგიალური აზრი.
ექსპერტთა ჯგუფის წევრთა აზრი აუცილებლად გამოთქმული ყოფილიყო კონკრეტული წერილის ფორმით და გამოქვეყნებულიყო საიტზე, სადაც შემდგომში დაარქივდებოდა კიდეც, რათა მსურველს ყოველთვის ჰქონდოდა მისი გაცნობის შესაძლებლობა.
მე პირადად, როგორც ავტორი, იმისათვის, რათა რომანში წამოჭრილი პრობლემატიკა თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობის სამოქალაქო აღმშენებლობის თვალსაზრისით რაც შეიძლება აქტუალურ ჭრილში წარმოგიდგინოთ, რათა მსჯელობას მიეცეს ცხოველმყოფელი ხასიათი და, ამავე დროს წარმოგიდგინოთ მიზეზ-შედეგობრიობის შინაგანი ლოგიკიდან გამომდინარე, რათა მსჯელობა თემიდან თემამდე დროში ვითარდებოდეს თანამიმდევრულად საბოლოო მიზნის მიღწევის მიმართულებით, ვფიქრობ, მზადა ვარ.
ჩვენი სამშობლოს წინაშე ყოველი ჩვენთაგანის მოკრძალებული დამოკიდებულებაა ერთადერთი გარანტი შემოთავაზებული სადისკუსიო ფორმატის ამაღლებული, დარბაისლური და ბრძნული ფუნქციონირებისა.
გამომდინარე საკითხის საჭირბოროტობიდან, თემის ზოგადეროვნული მასშტაბიდან, ისეთ სიწმინდეებთან შეხების პრეცედენტიდან, როგორებიც არის წმინდანთა დავით აღმაშენებელის, გიორგი ჭყონდიდელის, მეფე დემეტრეს, მამა გაბრიელის სახეები, ვფიქრობ, საჯარო მსჯელობამ უნდა მიიღოს ცხოველი ხასიათი, რაც სურვილს გაუჩენდა ჩვენი საზოგადოების რაც შეიძლება მეტ წევრს, მიეღო მასში მონაწილეობა.
რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი მნიშვნელობა ამ პროექტის განსახორციელებლად ეთმობა საინფორმაციო ველს, რომელსაც დიდის სულითა და გულით გვთავაზობს ფორ.გე-ს მთავარი რედაქტორი ბატონი გია იაკობაშვილი.
საუბარი შეიძლება იყოს საიტის ფორმატის საჯარო მსჯელობასთან მისადაგებაზე, რათა საზოგადოებას მიეცეს შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოხატოს თავისი კომპეტენტური აზრი.
საჯარო მსჯელობის ამგვარი ფორმატი საზოგადოებრივი აზრის და. შესაბამისად, სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკული მასის ფორმირების თვალსაზრისით ნამდვილად შეუცვლელი იქნებოდა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საწყისი ხარჯების გაღება ამ პროცესის აგორების თვალსაზრისით სრულებით არ არის საჭირო, რაც ამ პროექტის წარმატებულ განხორციელებას ჩვენი, კონკრეტული ადამიანების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზეღა აგდებს.
ანუ ამ შემთხვევაში მნიშვნელობას იძენს თავად პროცესის გონივრულად დაწყება იმ საშუალებებით, იმ პერსონების მონაწილეობით და იმ პირობებში, რომლებიც ჩვენ დღეს ისედაც გაგვაჩნია.
თუ ჩვენ არ ვცდებით და საზოგადოება მართლა მომწიფდა აღმშენებლური მოღვაწეობისათვის, თუ ჩვენ არ შევცდებით და მოცემული თემის სულიერ-ინტელექტუალური განვითარების ხაზს ჩვენი საზოგადოების თითოეული წევრის გულებისაკენ მივმართავთ, რათა მან მიიღოს მიმართულება, რომელიც იქნება ქართველი ერის შინაგანი მისწრაფებების ჭეშმარიტი გამოხატულება, მაშინ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ჩვენ შევძლებთ:
დედა-ეკლესიის მხარდაჭერას
სამეცნიერო-შემოქმედებითი ინტელიგენციის მხარდაჭერას
ქართული ბიზნესისაგან ფინანსურ მხარდაჭერას
ზოგადად, ქართული საზოგადოების მხარდაჭერას
(აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ექსპერტთა ჯგუფში და საერთოდ, ამ საზოგადო დიალოგში მონაწილეობის უფლება, ბუნებრივია, ექნება ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის, შემოქმედებითი თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციის, სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულების წევრებს).
ვფიქრობ, მოვლენების სწორედ წარმართვის შემთხვევაში ჩვენი მცდელობა შეიძლება საწყის წერტილად ექცეს ეროვნულ-საგანმანათლებლო მოძრაობის დაწყებას, რომლის მიღმაც იგულისხმება, როგორც სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების, ისე სახელმწიფოებრიობის სამოქალაქო აღმშენებლობის პროცესის ფორმირება.
და ბოლოს
ვცადოთ, ბატონებო,
იქნებ ჩვენს მიერ ამგვარი წესით ჩვენს თავზე აღებულმა ინიციატივამ თავისი შედეგი გამოიღოს, ააგოროს ჩვენს საზოგადოებაში სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის შესახებ ზოგადეროვნული დისკუსია, რომელიც მოგვცემდა ჩვენ, ქართველ ერს, შესაძლებლობას საბოლოო ჯამში, ჩამოგვეყალიბებინა ის დიდი იდეა, რომლის შესახებაც ჩვენი პატრიარქი ჯერ კიდევ 2004 წელს საუბრობდა:
"უცილებლად, რაღაც ისეთი იდეა უნდა გვქონდეს ერს, ხელისუფლებას, ეკლესიას, რომელსაც გაჰყვება ჩვენი ერი, რომელსაც ხელში აიტაცებს, როგორც ძვირფასს საუნჯეს და ამით მომავალში შეაბიჯებს".
უკაცრავად, თუ სიტყვა საჭიროზე მეტად გამიგრძელდა.
მე, რაც შემეძლო, ვთქვი, რაც დავაკელი ან ვერა ვთქვი ისე, როგორც ამას სწორი აზრი გულისხმობს, თქვენ გამისწორეთ.
მაგრამ ცდით კი აუცილებლად ვცადოთ.
უღრმესი პატივისცემით - ვასო კუკუნაშვილი
13.03.2013.