მოსკოვში ვიზიტით მყოფი რადიკალური დაჯგუფება „თალიბანის“ დელეგაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დაჯგუფება ავღანეთის ტერიტორიის 85%-ს აკონტროლებს.
„თალიბანის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სუჰაილ შაჰინმა განაცხადა, რომ „თალიბანი“ არ დაუშვებს ავღანეთის ტერიტორიის გამოყენებას რუსეთისა და მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისთვის.
„მოსკოვში ჩამოვედით, რათა რუსულ მხარესთან ერთად ავღანეთში არსებული ვითარება განვიხილოთ და დავარწმუნოთ რუსული მხარე, რომ არავის მივცემთ საშუალებას, ავღანური მიწა გამოიყენონ იმისთვის, რომ რუსეთს ან მეზობელ ქვეყნებს თავს დაესხნან“, - აღნიშნა რადიკალური დაჯგუფება „თალიბანის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
თავის მხრივ, მოსკოვში ვიზიტით მყოფმა რადიკალური დაჯგუფება „თალიბანის“ დელეგაციის ხელმძღვანელმა, შაჰაბუდინ დელავარმა განაცხადა, რომ „თალიბანი“ ავღანეთის ტერიტორიაზე ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მოქმედებას არ დაუშვებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ავღანეთში აშშ-ის სამხედრო მისია 31 აგვისტოს დასრულდება. 2 ივლისს ამერიკელმა ჯარისკაცებმა და ნატოს ძალების წევრებმა ბაგრამის საჰაერო ბაზა დატოვეს.