უნგრეთმა ანტი-ლგბტ კანონის გაუქმებაზე უარი თქვა

უნგრეთმა ანტი-ლგბტ კანონის გაუქმებაზე უარი თქვა

უნგრეთის ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ევროკომისიის მოწოდება ქვეყანაში მიღებული ახალი ანტი-ლგბტ კანონის გაუქმების შესახებ. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.

„ბრიუსელს სურს, რომ ჩვენ ლგბტ-აქტივისტები სკოლებსა და საბავშვო ბაღებში შევუშვათ, ჩვენ კი ამის გაკეთება არ გვსურს“, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გერგეი გუიაშმა.

ევროკავშირმა უკვე დაიწყო გამოძიება უნგრეთის წინააღმდეგ დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის ბრალდებით. სავარაუდოდ, უნგრეთის კონსერვატიული მოკავშირე - პოლონეთი ვეტოს დაადებს ევროკავშირის მხრიდან მაქსიმალურ სასჯელს, რომელიც ბუდაპეშტისთვის ხმის უფლების დროებით ჩამორთმევას ითვალისწინებს.

15 ივნისს უნგრეთის პარლამენტმა კანონი მიიღო, რომელიც სკოლებსა და საბავშვო ტელეარხებში LGBT მასალებს კრძალავს. ახალი კანონის მიხედვით, სასკოლო სახელმძღვანელოებსა და საბავშვო ტელეარხებში აიკრძალება ისეთი სიტყვების გამოყენება, როგორიცაა LGBT თემი, სექსუალური უმცირესობა და ა.შ.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ახალი კანონი ბავშვების დაცვაზეა ორიენტირებული და არ არღვევს სექსუალური უმცირესობების უფლებებს.

7 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უნგრეთის ხელისუფლებას ანტი-ლგბტ კანონის გაუქმებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ უნგრეთი ევროკავშირის კანონმდებლობის სრული ძალის წინაშე აღმოჩნდება, თუ უკან არ დაიხევს