2003 წლის 9 მარტს, შენდობის კვირას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ ბრძანა: „ლოცვაში წერია: „არ არს კაცი, რომელიც ცხონდეს და არა სცოდოს“. პავლე მოციქული ამბობს: „ცოდვილთაგან პირველი მე ვარ“. და მე რა მეთქმის? სრულიად საქართველოში, ყოველთა ქართველთაგან ყველაზე ცოდვილი მე ვარ. ამიტომ გთხოვთ, შენდობასა და პატიებას ცოდვათა ჩემთა გამო. შემინდეთ და მაპატიეთ ჩემი ცოდვები“.
თუ პატრიარქი ამბობს, რომ ყველაზე ცოდვილია, ჩვენ რაღა გვეთქმის? საკუთარი უცოდველობის გრძნობით შეპყრობილმა ქართულმა ელიტამ მაშინ ამ სიტყვებიდან აზრი ვერ გამოიტანა. მას შემდეგ 10 წელი გავიდა, მაგრამ პოლიტიკური ელიტა დღესაც უცოდველად მიიჩნევს თავს.
თითქოს გავიმარჯვეთ. თითქოს ყველაფერი უნდა შეცვლილიყო, მაგრამ მხოლოდ მთავრობა შეიცვალა. ქვემოთ ყველაფერი თითქმის ისეთივეა. ერთი, რაც ნამდვილად თვალშისაცემია – ადამიანებს შიში აღარა აქვთ თვალებში. შიში, რომელსაც თვალის დახუჭვითაც ვერ მალავდნენ; ჰაერი გაჟღენთილი იყო ამით. იმ წლების შემოქმედთ თავშიც არ მოსდით, თუნდაც მხოლოდ ამისთვის ითხოვონ შენდობა. ისინი ამტკიცებენ, რომ არაფერი აქვთ საპატიებელი, დახურულ კარს მიღმა კი ამნისტიაზე ვაჭრობენ. სააკაშვილი ხმამაღლა აცხადებს, რომ სიტყვა „ამნისტია“ მისთვის მიუღებელია, თუმცა საკონსტიტუციო ცვლილებებზე გაჯიუტება სწორედ ამით აიხსნება. „ჩვენ პატიება არ გვჭირდება“ – აცხადებენ ისინი. პატრიარქს სჭირდება, მათ –არა!
პირადად მე იმავე 2003 წელს ვაპატიე მათ, ვინც ტყუილითა და მანიპულირებით ჩაიგდეს ხელისუფლება. ვაპატიე ყველაფერი, რაც დამაბრალეს, მაგრამ მთელი საქართველოს სახელით პატიების უფლება არც მაშინ მქონდა და არც ახლა მაქვს. არც ვინმესთვის მიუცია ამის უფლება ღმერთს.
საზოგადოება ღელავს. „სამართლიანობის აღდგენა“ ყველაზე ხშირად ხსენებული სიტყვათა შეთანხმებაა. ისინი, ვინც სამართალს 9 წელიწადს აუპატიურებდნენ, შეტევაზე გადმოდიან და ექსკლუზიურ სამართალს ითხოვენ მხოლოდ საკუთარი კასტისთვის.
არადა, ოდნავი სინანულიც რომ შეატყოს მათ საზოგადოებამ, ბევრს აპატიებდა. მაგრამ სინანული არ არის, შენდობა კი, სინანულის გარეშე არ არსებობს. თუმცა ისინი შენდობას არ ითხოვენ. ისინი ხელშეუხებლობას მოითხოვენ. როგორც იტყვიან – იგრძენი განსხვავება!
ადამიანების მორალური ტერორი „რევოლუციონერებმა“ რევოლუციამდე გაცილებით ადრე დაიწყეს. ამის ბევრი მაგალითი იყო. დღეს ის ადამიანები, რომლებმაც 1998 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს წინ კუბოების აქცია გამართეს, სააკაშვილისთვის ზუგდიდში კუბოს დახვედრებას წარმართულ რიტუალს უწოდებენ. არადა, რიტუალურ „მკვლელობათა“ სიყვარულში სწორედ ისინი არიან შემჩნეული. როდესაც დღევანდელმა ბიზნესის ქომაგმა, აკაკი გოგიჩაიშვილმა 2001 წელს ვალერი ასათიანს რიტუალური მკვლელობა დააბრალა, სულაც არ უდარდია იმაზე, რომ ამით მის შვილს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.
მაშინ სახალხო დამცველი ვიყავი. ხმა არ ავიმაღლე ამ უზნეობის წინააღმდეგ. ვიფიქრე, რომ ამას დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმად შეაფასებდნენ. ჩავთვალე, რომ სახალხო დამცველი ამაში არ უნდა ჩარეულიყო. სამწუხაროდ, გვინ მივხვდი, რომ ეს ფსევდოლიბერალური დამოკიდებულება ჩემი მხრიდან უზნეობის მდუმარე წახალისება იყო. მაშინ თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ ბრალდება იმდენად აბსურდული იყო, არავინ დაიჯერებდა. შესაძლოა, ასეც იყო, მაგრამ საკუთარი თავისთვის ამის პატიება არ შემიძლია.
ამ ამბის შემდეგ, როცა ვალერი შემხვდა, ჩუმად მხოლოდ ის მითხრა, რომ დუმილი ყოველთვის ოქრო არ არის. ეს იყო და ეს. ჩემს ცხოვრებაში ეს ყველაზე მძიმე შეფასება დღემდე მომყვება და, ალბათ, არც არასოდეს დამტოვებს. ვალერიმ სასამართლოც მოიგო და „რუსთავი 2–ის“ გადაცემა „60 წუთიც“ სწორედ იმიტომ დაიხურა, რომ მისთვის ბოდიში არ მოეხადათ. მის ავტორს კი „რევოლუციის“ შემდეგ აღარც უკანონობა დაუნახავს და არც სანდრო გირგვლიანის რიტუალური მკვლელობა.
ფრთხილად ვიყოთ, როცა ეს არსებები დამოუკიდებელ მედიასა და ადამიანის უფლებებზე ლაპარაკობენ. სინამდვილეში ეს ცნებები მათთვის მხოლოდ თავდასხმის იარაღი და ხელშეუხებლობის გარანტიაა. როგორ ეპყრობოდნენ ისინი ხელისუფლებაში ყოფნისას ადამიანებს და მედიას, ჯერაც კარგად გვახსოვს.
აპატიებს თუ არა მათ საქართველო? არ ვიცი. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ამდენი წლის შემდეგ შენდობა უნდა ვთხოვო ვალერი ასათიანს.
შენდობის კვირაა, ვალერი, მაპატიე!