საბრძოლო მასალების საწყობში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ჩეხეთი რუსეთისგან კომპენსაციას ითხოვს. ამის შესახებ ჩეხეთში რუსეთის ელჩს, ალექსანდრე ზმეევსკის ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ვრბეტიცეში საბრძოლო მასალების საწყობში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით რუსეთისგან ზიანის სრულ ანაზღაურებას ითხოვს.
ჩეხური მედიის ინფორმაციით, ქვეყნის მთავრობამ საბრძოლო მასალების საწყობში განხორციელებული აფეთქების შედეგად დამდგარი ზარალი 650 მილიონ კრონად (25.5 მილიონი ევრო) შეაფასა.
17 აპრილს ჩეხეთის ხელისუფლებამ ქვეყნიდან 18 რუსი დიპლომატი გააძევა. დიპლომატები რუსეთის დაზვერვაზე ფარულად მუშაობდნენ. ამასთან, ჩეხეთის ხელისუფლებამ გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ ამ პირებს კავშირი ჰქონდათ საბრძოლო მასალების საწყობში მომხდარ აფეთქებასთან, რომლის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა.
18 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში ჩეხეთის საელჩოს 20 დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.
22 აპრილს ნატომ ღრმა შეშფოთება გამოხატა, რომ რუსეთი ალიანსის ტერიტორიაზე დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებს აგრძელებს და ჩეხეთის რესპუბლიკას სრული სოლიდარობა გამოუცხადა.