საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ბელარუს ხალხთან კავშირების გაძლიერებას გააგრძელებს.
„მიუხედავად ლუკაშენკოს რეჟიმის გადაწყვეტილებისა შეაჩეროს ბელარუსის მონაწილეობა აღმოსავლეთ პარტნიორობაში, ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ მუშაობა ბელარუს ხალხთან კავშირების გაძლიერების, რეგიონული თანამშრომლობის განმტკიცებისა და საერთო გამოწვევების გადაჭრის მიზნით“, - დაწერა ჟოზეფ ბორელმა Twitter-ზე.
ბელარუსმა აღმოსავლეთ პარტნიორობაში მონაწილეობა შეაჩერა. ამის შესახებ ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
ბელარუსის საგარეო უწყებაში აღნიშნეს, რომ ევროკავშირის მიერ ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული უპრეცედენტო სანქციების გამო, ბელარუსში ევროკავშირის ელჩი, დირკ შუბელი საგარეო უწყებაში დაიბარეს.
24 ივნისს ევროკავშირმა ბელარუსს ეკონომიკური სანქციები დაუწესა.