აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი სომეხ ხალხსა და ნიკოლ ფაშინიანს წარმატებული საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ულოცავს.
„ვულოცავთ სომეხ ხალხსა და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს წარმატებული საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. სომხეთთან ჩვენი პარტნიორობა საერთო ღირებულებებსა და დემოკრატიული რეფორმებისა და კონფლიქტის მოგვარების საკითხებში თანამშრომლობას ეფუძნება. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ პარტნიორობის განმტკიცებას“, - დაწერა ჯო ბაიდენმა Twitter-ზე.
28 ივნისს სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 20 ივნისს ქვეყანაში გამართული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები გამოაქვეყნა.
ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ, „სამოქალაქო შეთანხმებამ“ ამომრჩეველთა ხმების 53.91% მიიღო და პარლამენტში 71 მანდატი ექნება. ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის საარჩევნო ბლოკმა „სომხეთმა“ ამომრჩეველთა ხმების 21.09% (29 მანდატი), ხოლო საარჩევნო ბლოკმა „მაქვს პატივი“ - 5.22% (7 მანდატი) მიიღო.
სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ასევე არ დააკმაყოფილა სამი პარტიის სარჩელი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის თაობაზე.