სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 20 ივნისს ქვეყანაში გამართული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები გამოაქვეყნა.
ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ, „სამოქალაქო შეთანხმებამ“ ამომრჩეველთა ხმების 53.91% მიიღო და პარლამენტში 71 მანდატი ექნება. ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის საარჩევნო ბლოკმა „სომხეთმა“ ამომრჩეველთა ხმების 21.09% (29 მანდატი), ხოლო საარჩევნო ბლოკმა „მაქვს პატივი“ - 5.22% (7 მანდატი) მიიღო.
სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ასევე არ დააკმაყოფილა სამი პარტიის სარჩელი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის თაობაზე.
22 ივნისს სომხეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და საარჩევნო ბლოკ „სომხეთის“ ლიდერმა, რობერტ ქოჩარიანმა განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.
„არჩევნების შედეგებს უცნაურად მივიჩნევ. ყველა გამოკითხვა, მათ შორის „გელაპის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვა საპირისპირო სიტუაციას ცხადყოფდა. უამრავი დარღვევა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება დაფიქსირდა. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართავთ“, - აღნიშნა რობერტ ქოჩარიანმა.
სომხეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ჯერ არ მიუღიათ გადაწყვეტილება მანდატების აღებასთან დაკავშირებით.