ესპანეთის მთავრობამ კატალონიელი სეპარატისტი პოლიტიკოსები შეიწყალა. ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა.
„ეს გადაწყვეტილება თანაცხოვრების აღდგენის საჭიროებიდან გამომდინარეობს“, - აღნიშნა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა.
პედრო სანჩესმა ასევე განმარტა, რომ საუბარია ნაწილობრივ შეწყალებაზე, რაც თავისუფლების აღკვეთის სასჯელის გაუქმებას ითვალისწინებს, თუმცა თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა ძალაში რჩება.
ესპანეთის ხელისუფლებამ 2017 წლის ნოემბერში კატალონიის ადმინისტრაცია დაითხოვა და რეგიონულ პარლამენტს უფლებამოსილება შეუწყვიტა. ამის მიზეზი კატალონიის დამოუკიდებლობისთვის ჩატარებული რეფერენდუმი გახდა. სისხლის სამართლის დევნა 25 პირის მიმართ დაიწყო. კატალონიის ლიდერმა, კარლეს პუჩდემონმა და მისმა ოთხმა მომხრემ ბელგიაში გაქცევა მოახერხეს.
2018 წლის 14 ოქტომბერს ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიელ ლიდერებს ამბოხისთვის 9-დან 13 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა და კატალონიის ყოფილი ლიდერის, კარლეს პუჩდემონის დაკავების საერთაშორისო და ევროპული ორდერები გასცა. ამის შემდეგ კატალონიაში საპროტესტო აქციები დაიწყო. 18 ოქტომბერს პუჩდემონი ბელგიის პოლიციას ჩაბარდა.