...გავიდა შვიდი წელიწადი და როკ მუსიკაში ზოგადად შეიცვალა მიდგომა რეპერტუართან, ჟღერადობასთან, ტექსტებთან თუ კიდევ იმ მუსიკოსებთან, რომელთაც დააარსეს კიდეც როკული მსოფლმხედველობა, აერთიანებდა რა იგი 60-70-ების დასაწყისში დიუან ალმანსა და ანდერსონს, ჯერი გარსიასა და გარი ბრუკერს... იმ დროს სპექტრი უკიდეგანო იყო, მსმენელს კი ყველაფერი მოსწონდა, თუნდაც მკვეთრად განსხვავებული, მაგრამ მაინც ერთნაირად კარგი. Genesis-ის მსმენელი Led Zeppelin-საც უსმენდა, Jefferson Airplane-ისა კი King Crimson-ს... 80-ები კი უკვე ერთგვარი გაუკაცრიელების, მუსიკალურ სუნთქვასთან გაუცხოვებისა და როკ შემეცნების ფლაგმანების დროებით მივიწყების ეპოქად იქცა. სწორედ მაშინ მკვიდრდებოდა ელექტროდრამები და დისკო რიტმები, აგრერიგად მეორეხარისხოვნად რომ აქცევდა ჰენდრიქსისა თუ ჯოპლინის, ბაკლისა თუ მორისონის ხსოვნას. 1980-ში კი ჯონ ლენონის დაღუპვას, შეიძლება 70-ების როკული სულისკვეთების კვდომაც კი დავუკავშიროთ.
როკის საუკეთესო ეპოქა ვეღარასოდეს დაბრუნდება, მაგრამ ყოველთვის იარსებებს ჯგუფები, რომლებიც გარდა იმისა, რომ დროდადრო მაინც ახალ იდეებს მოგვაწვდიან, სამყაროს მომავალს ტექნოლოგიური თვალსაზრისით მაინც იწინასწარმეტყველებენ, რასთანაც სულიერი მხარე აუცილებლად კავშირში იქნება.
სწორედ ასეთ ნოვატორ ჯგუფად იქცა მეოთხე ეტაპის King Crimson. სადღაა ალბომ Discipline-ში ჯონ უეტონისა და გრეგ ლეიკის ხმის თბილი ტემბრი, ფლეიტა და საქსოფონი, მელოტრონი თუ ვიოლინო. სად გაქრა ზარების განუმეორებელი ჟღერადობა, მძიმე და პირქუშ კომპოზიციებს რომ ალამაზებდა ხოლმე. რობერტ ფრიპმა ჟღერადობა მაქსიმალურად გიტარული გახადა და 1981-1984 წლებში გამოქვეყნებულ სამ სტუდიურ ალბომში სტაბილური შემადგენლობა შეინარჩუნა, რაც ჯგუფის წარსულში არასოდეს მომხდარა. ძველი შემადგენლობიდან King Crimson-ში რობერტ ფრიპმა დრამერი ბილ ბრაფორდი მიიწვია. ახალი „სუპერმუსიკოსები“ კი უაღრესად მრავალმხრივი გიტარისტი და მომღერალი ედრიან ბელიუ და ბასისტი ტონი ლევინი იქცნენ. ალბომების კონცეპციად „დისციპლინა“ იქცა - ღერძი, რომელზედაც აწყობილი იყო ფრიპისა და ბელიუს გიტარ ტანდემი ჰენდრიქსის If 6 Was 9-სეულ მკაცრ Indiscipline-სა, თუ უკვე მეორე ალბომ Beat-დან გაფრენილ Neurotica-ში, რომლის ტექნოლოგიური საგიჟეთი ბოლოსკენ ახალ ეფექტ Frippertronics დართულ „დისციპლინირებულ-ვაკხანალიურ“ ვოკალის პარტიაში გადადის. ლამაზია ფრიპ ინსტრუმენტული Requiem. ჯამში კი Three Of A Perfect Pair-ის ჩათვლით, სამივე ალბომი ექსპერიმენტული, მსგავსი და წინა ეპოქებთან შედარებით, ნოვატორული თვალსაზრისით ნაკლებად ღირებული გამოვიდა, რომ არა მისი „დისციპლინირებული“ გიტარ სვლები, მყარ საფუძვლად რომ უნდა ქცეულიყვნენ უკვე 10 წლის შემდგომ - 1995 წლის ალბომ THRAK-თვის.
დავაკვირდეთ და რობერტ ფრიპმა King Crimson პროგრესივ როკ მუსიკისათვის, კვლავაც ფრიად უნიათო პერიოდში დაშალა. მომდევნო წლებში მან უმთავრესი ყურადღება როგორც საკუთარ ინსტრუმენტალისტობაზე, ასევე გიტარისტთა ლიგის დაარსება-განვითარებაზე გაამახვილა, რომლის კურსები ჩვენმა სახელოვანმა თანამემამულე იგორ აბულაძემაც განვლო, ამჟამად ფრიპის მეუღლის - ტოია უილკოქსის ჯგუფის გიტარისტის ფუნქციას რომ ასრულებს.
სიმბოლურია, მაგრამ King Crimson-მა კარი ათი წლით, Larks' Tongues In Aspic Part III-ით გაიჯახუნა. მინი-ალბომ VROOM-ზე სამუშაოდ კი, რომლის სრულყოფილ ვერსიადაც ზემოთხსენებული THRAK მოგვევლინა, რობერტ ფრიპმა ინსტრუმენტებზე დამკვრელთა რიცხვი გააორმაგა და King Crimson დაბლ ტრიოდ აქცია. 1981-1984 წლების ოთხეულს, დრამერი პატ მასტელოტო და ტონი ლევინის მსგავსად ზორბა ჩეპმენ სტიკზე დამკვრელი, ჯგუფში არამარტო ბას გიტარის ჟღერადობის შემომტანი ტრეი განი დაემატნენ.
პირველივე ინსტრუმენტულ კომპოზიცია VROOM-ში, გამოვლინდა King Crimson-ის ახალი - ძველი ტენდენციები. უცნაურია, მაგრამ მისი საწყისი ჰანგები არტურ ბრაუნის Crazy World-სას მოგვაგონებს, თვით თემის ხასიათი და განვითარება კი Red-სას, თანაც გაცილებით მეტი სითბოთი და რომანტიზმით. ამ თვალსაზრისით, უმთავრესი როლი ლევინისა და განის მოსაუბრე-მომღერალ ბასურმა ჰანგებმა შეასრულეს. ხმის ინჟინრებმაც შესანიშნავად დაყვეს პარტიები არხებად, ძირითადი ხაზი ორივეში გაიყვანეს და მსმენელიც თავიდანვე მოაჯადოვეს. საწყისი განწყობის შენარჩუნებას ინსტრუმენტული Coda: Marine 475 ტვირთულობს, რომელიც „ბითლურ-ფრიპული“ საფეხურებრივი გადასვლით, იმავდროულად მომდევნო Dinosaur -ის ინტროცაა. რიტმული ცვლილებებით დახუნძლულ უმძლავრეს კომპოზიციას ედრიან ბელიუს მელოდიური ვოკალური პარტია „აკეთილშობილებს“. საინტერესო კი ისაა, რომ მისი მღერის მანერაში, ტემბრზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ჯონ ლენონი შეიგრძნობა. პირველი მოსმენიდან გამომდინარე ეჭვი, მომდევნო - მშვიდ Walking On Air-ში ცხადდება. ლენონის ტიპის მღერას კი ედრიან ბელიუს ჰენდრიქსისებრი აკორდებიც ემატება, სოლოზე რომ აღარაფერი ვთქვათ და ჯამში იბადება სიმღერა, რომელიც ხასიათით იოტისოდენად მაინც შეიძლებოდა მოგვაგონებდეს I Talk To The Wind-ს, მაგრამ ნურას უკაცრავად... 70-ების რომანტიკა აქ ტექნოლოგიური ეპოქის ზეობის რომანტიკითაა ჩანაცვლებული, რომელიც თურმე არსებობს! ფრიპი აქ მელოტრონზეც უკრავს და მისივე „საუნდსქეიფებით“ გაჯერებული ჟღერადობა, მსმენელს ახალი ეპოქის King Crimson-ს უხსნის. ეფექტური დრამ დუეტი B'Boom ბელიუ-ფრიპ გიტარ პირქუშ ინსტრუმენტალში გადადის, People-სა და ალბომიდან ყველაზე დემოკრატიულ One Time-ს კი მსმენელი ამოჰყავს ამ სიმძიმიდან და განსაკუთრებით მეორე მათგანი, რომანტიკულ განწყობას უბრუნებს მას. Sex, Sleep, Eat, Drink, Dream კვლავ VROOOM ვარიაციების უმძიმეს დასასრულში გადადის და საბოლოოდ 1995 წლის ნამუშევარი, მისი 80-ების წინამორბედებებზე გაცილებით საინტერესო შთაბეჭდილებას ჰქმნის. აღსანიშნავია ისიც, რომ ნამუშევარმა საგრძნობლად განაახლა ჯგუფის საკონცერტო რეპერტუარი, მაგრამ ამ მხრივ მთავარი წინ იყო.
2000 წელს King Crimson სტუდიაში სამუშაოდ კვარტეტის სახით დაბრუნდა. ჯგუფი ბრაფორდმა და ლევინმა დატოვეს, დარჩენილმა ოთხეულმა კი კიდევ უფრო მეტად გაამძაფრა გიტარული ჟღერადობა ულმობელ ბლიუზურ (!)ProzaKc Blues -სა და Into the Frying Pan-ში. სამი ნაწილისგან შემდგარი Larks' Tongues in Aspic (Part IV), 21-ე საუკუნის ციფრულ ტექნოლოგიურ გველეშაპს მოგვაგონებს. ალბომ The ConstruKction of Light-ით კი მუსიკოსები საბოლოოდ ეცადნენ, რომ მაქსიმალური სიზუსტით ეწინასწარმეტყველებინათ ახალი - ურწმუნო და საომარი კონფლიქტებით აღსავსე საუკუნის რიტმი.
ამ პერიოდიდან King Crimson ისე იქცევა, როგორც არცერთი სხვა ჯგუფი მსოფლიოში. თუკი სამი-ოთხი ათწლეულის როკ ჯგუფები საკონცერტო პროგრამას ტრადიციულად ძველ ალბომებზე აგებენ და მათ ბოლო დისკის კომპოზიციებით აზავებენ, King Crimson-ის საკონცერტო რეპერტუარის „უძველესი“ სიმღერა 1984 წლით თარიღდება. VROOM-მა Red-იც კი გამოდევნა, ხოლო 21th Century Schizoid Man კი საბოლოოდ დავიწყებას მიეცა. სამ დისკიან საკონცერტო Heavy ConstruKction-ს ახალ ნაწარმოებებთან ერთად, სტუდიაში ჩაუწერელი ეპოქალური გიტარულ-ინსტრუმენტული იმპროვიზაციები München, Bonn და Offenbach ამშვენებენ. თუმცა, ზოგჯერ ქარხნულ ჟღერადობამდე მისულმა რეპერტუარმა, ჯგუფს მრავალი მსმენელი დააკარგვინა.
ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო გიტარისტ და მომღერალ ჯენკო ჯენჩიჩთან ერთად, King Crimson-ის პირველი ორი პერიოდის მუსიკოსების თავმოყრა 21th Century Schizoid Band -ში. ჯგუფი პირველი ოთხი ალბომის რეპერტუარს ასრულებდა, რომელსაც საერთო არაფერი ჰქონდა ასევე 2003 წელში ჩაწერილ King Crimson-ის უკვე მომდევნო ალბომ The Power to Believe-თან. ალბომმა წინამორბედის დონე შეინარჩუნა, მაგრამ აშკარა იყო, რომ The ConstruKction of Light-ის მიმართულების King Crimson, მომავალში თავს ამოწურავდა და ყველაზე უკეთ ეს რობერტ ფრიპმა იგრძნო. ჯგუფი 8 წლით დაიშალა. მომდევნო სტუდიური ალბომი A Scarcity Of Miracles კი 2011 წელს გამოვიდა ზემოთხსენებული ჯენკო ჯენჩიჩის, ტონი ლევინის, პირველი შემადგენლობიდან მელ კოლინზისა და Porcupine Tree-ს დრამერ გევინ ჰარისონის მონაწილეობით. ფრიპმა A Scarcity Of Miracles-ით, თითქოს Island-ის სულისკვეთების გადმოცემა ისურვა, მაგრამ სამწუხაროდ ნამუშევარი უაღრესად მოსაწყენი და უემოციო გამოდგა. რა იქნება მომავლის King Crimson? რობერტ ფრიპმა ამ კითხვაზე პასუხი, უკვე დიდი ხანია გაგვცა და ეს არამარტო მის ჯგუფს, არამედ ზოგადად პროგრესივ-ექსპერიმენტულ მუსიკას ეხება...