მომდევნო ეტაპამდე King Crimson-მა ერთგვარად ჰაერში გამოკიდებული საკონცერტო Earthbound გამოსცა, რომელსაც პირველ სამ ალბომზე რომ არაფერი ვთქვათ, Islands-თანაც კი, საერთო არაფერი ჰქონდა. რატომღაც იმპროვიზაცია ფანკი ტენდენციებით გაჯერებული გამოვიდა, რაც არასოდეს ყოფილა რობერტ ფრიპისა და მისი გარემომცველი მუსიკოსებისთვის, რომლებისთვისაც „ინგლისელობა“ ბევრ რამეს ნიშნავდა, პრიორიტეტი.
მით უცნაური იყო რობერტ ფრიპის გატაცება ჯონ მაკლაფლინის Mahavishnu Orchestra-ს საუნდით, რამაც განაპირობა მომდევნო - მესამე ეტაპის კოლექტივის მუსიკოსთა შერჩევა. დრამერ ბილ ბრაფორდს Yes-თან ჩაწერილი უძლიერესი ალბომები უმყარებდა ზურგს, ბასისტი და მომღერალი ჯონ უეტონი როჯერ ჩეპმენის გვერდზე, Family-ში ოდენ ბას გიტარისტის ფუნქციას ასრულებდა, მევიოლინე დევიდ ქროსი უმთავრეს სოლო ინსტრუმენტალისტად წარმოჩინდა, ხოლო სხვადასხვა ჟღერადობის ზარებზე, პერკუსიაზე, სასტვენსა თუ ფლეიტაზე შემსრულებლად კი ჯეიმ მუირი იქცა.
Mahavishnu Orchestra-თან ჟღერადობის მსგავსება, იოტისოდენ მიბაძვადაც კი არ ქცეულა. ეს უკვე ჯგუფის მეხუთე სტუდიურ ალბომ Larks' Tongues In Aspic -მა ცხადყო, რომლიც ღერძად ამავე სახელწოდების გამხსნელი და დამაბოლოვებელი კომპოზიციის პირველი და მეორე ნაწილები იქცა. ჯეიმ მუირის საუნდ ეფექტების ფონზე შემოჭრილი რობერტ ფრიპის ფუზი, მგრძნობიარე მსმენელის ძვალ რბილში აღწევს და ალბომს ისევე ეფექტურად ხსნის, როგორც იქამდე, ოთხი წლით ადრე 21st Century Schizoid Man, სადებიუტო In The Court Of The Crimson King-ს. მეხუთე ალბომით King Crimson-მა პროგრესივ როკის ახალი ერა შექმნა - ერა, რომელიც მოაზროვნე მსმენელს ცოტათი უმარტივებდა რეპერტუართან მიდგომას, დროდადრო ბანალური მოტივების ჩართვის გამო, რაც მეორეს მხრივ არ არღვევდა რობერტ ფრიპისა და მისი პარტნიორების სიღრმისეულ ხედვას. ერთგვარი „ბანალურობა“ უკვე მომავალში, გარკვეულწილად ჯონ უეტონის ნაზმა ლირიკამ განაპირობა. იგი ხომ პრაქტიკულად დღემდე ამ სამი ალბომის ვოკალური რეცპტებით სარგებლობს, იქნება ეს ჯგუფ Asia-ში სიმღერა, თუ რომელიმე სხვა პროექტი. ამ თვალსაზრისით, King Crimson-ის მოღვაწეობის მესამე ეტაპს, „Schizoid Man -ის“ მომხრეები ოდნავ ზემოდანაც კი უცქერენ, მაგრამ ჯგუფის იმპროვიზაციული თვალსაწიერის გაფართოვების არდანახვა, როდი იქნებოდა სწორი.
Larks' Tongues In Aspic - ის კომპოზიციები ინსტრუმენტალისტების ჯაზურ-ფსიქოდელიურ-ჰარდ როკული სვლების ბენეფისად იქცა. ჯონ უეტონი ბას გიტარის თანხლებით, ამ ზოგჯერ პირქუშობისა და სიმკაცრის ზღვარზე მისულ რეპერტუარს, საკუთარი ვოკალის მეშვეობითვე ამსუბუქებს და მელოდიურობას სძენს. მოუმზადებელი ყურითვის კი არ არის ადვილი Larks' Tongues In Aspic - ის მეორე - უმძიმესი ნაწილისა, თუ მომდევნო Starless And Bibble Black-დან ჯერ კიდევ მეორე ალბომში ბოლერო გამოვლილი უკვე ამ შემადგენლობაზე Devil’s Triangle მორგებული ინსტრუმენტული Fractured მოსმენა, სადაც მახვილი ყური აუცილებლად ამოიცნობს Mahavishnu Orchestra-ის მანამდე განუმეორებელ სვლებსაც...
ჯერ კიდევ Larks' Tongues In Aspic - ის ტურნეში ყოფნისას, ჯეიმ მუირს რეპერტუარის სიმძაფრემ ფსიქიკა შეურყია და მან King Crimson, მუსიკოსების გაუფრთხილებლად მიატოვა. ერთხანს საუბრობდნენ, რომ თითქოს მუირმა თავი ბუდისტურ მონასტერს შეაფარა.
Starless And Bibble Black ჯგუფმა კვარტეტის შემადგენლობით ჩაწერა. პირველი ორი სიმღერის The Great Deceiver და Lament გარდა, რეპერტუარი აქ საკონცერტო და ძირითადად ინსტრუმენტულია, თუმცა მსმენელთა აპლოდისმენტები დახშულია და ამის ამოცნობა მთლად მარტივი საქმე არ არის. We'll Let You Know-თი იწყება მუსიკოსების ტკბობა იმ ბგერითი ეფექტებით, რომელთაც რობერტ ფრიპის თქმით
„საუკეთესო ინგლისელი მუსიკოსები“ კონკრეტულ მომენტში გამოსცემდნენ. The Night Watch კარგად ისმინება რემბრანდტის ამავე სახელწოდების ნახატის ცქერისას, რადგან რობერტ ფრიპი ულამაზეს ბგერებს გვიხატავს გიტარის ჰანგებით. დევიდ ქროსის ვიოლინო თითქოს ამ ყოველივეს ამოწმებს კომპოზიციის ბოლოსკენ თავის დაკვრით და თავად შევყავართ Trio-ში, რომლის თანაავტორად ბილ ბრაფორდიცაა მოხსენიებული ერთი მარტივი მიზეზის გამო - მან გადაწყვიტა, რომ ინსტრუმენტული კომპოზიცია დასარტყმელი ინსტრუმენტების გარეშე დაეტოვებინა. რომანტიკული Trio პირქუშ The Mincer-ში (ხორცსაკეპი) გადადის. ბგერათა თამაშის სილამაზის ფონზე, ბოლოსკენ აქ მოულოდნელად ჯონ უეტონი იღებს ხმას (სტუდიური ზედნადები) და რიტმსექცია მიჩუმათებული The Mincer, თვით ინსტრუმენტულ Starless And Bibble Black-ში გადადის. კომპოზიცია პრაქტიკულად იმ შეუზღუდავი იმპროვიზაციული მარათონის საფუძველია, რაც მესამე პერიოდის King Crimson-ს გააჩნდა. მოგვიანებით უკვე ციფრულ ფორმატში გამოსულ საკონცერტო ალბომებში ხომ იმპროვიზაციები ზოგჯერ ორმოც წუთსაც სჭარბობს.
ალბომის გამოსვლის შემდეგ, კოლექტივი დევიდ ქროსმა დატოვა და King Crimson ოფიციალურად ტრიოდ იქცა, თუმც ალბომ Red-ზე სამუშაოდ ზემოთხსენებულ ქროსთან ერთად, რობერტ ფრიპმა ჯგუფის ძველი წევრები იან მაკდონალდსი და მელ კოლინზიც დაიბრუნა.
მუსიკალური კრიტიკა ამ სამი ალბომის შედარების დროს, ძირითადად უმეცრებით გამოირჩევა და Red-ს მესამე პერიოდის King Crimson -ის შედარებით სუსტ ალბომად მიიჩნევს. ამის მიზეზი ბანალურია. ფრიპმა King Crimson 1974 წლის 24 სექტემბერს დაშალა. ალბომი იმ დროისათვის ჯერ არც ყოფილა გამოცემული და იგი საკონცერტო ტურნესაც არ ღირსებია... კრიტიკოსებისთვის კი ადვილი იყო ამ ფაქტორების „კრიზისისთვის“ მიწერა, თუმც დაშლის მიზეზი ყველაზე კარგად თვით რობერტ ფრიპმა ახსნა ერთ-ერთ ინტერვიუში: „ბაბინებიანი მაგნიტოფონები კასეტებმა შეცვალა და უკვე აღარავის ეცალა King Crimson-ის გრძელი სიმღერების მოსასმენად“.
ფილოსოფიური სიტყვებია. ფრიპმა პრაქტიკულად იწინასწარმეტყველა 70-ების მეორე ნახევრის მუსიკალური შოუ-ბიზნესი და 1974 წელს King Crimson მის თანამედროვე კიდევ ორ ბუმბერაზ ჯგუფ Yes და Emerson, Lake & Palmer -თან ერთად, დროებით დაიშალა. მსგავსმა კრიზისმა ორი წლის შემდეგ უკვე ჰარდ-როკი მოიცვა, როდესაც Black Sabbath-მა და Led Zeppelin-მა დროებით მიიძინეს, Grand Funk Railroad და Deep Purple კი კარგა ხნით დაიშალნენ.
Red ამავე სახელწოდების უმძლავრესი ინსტრუმენტული კომპოზიციით იხსნება. ჰარდ როკულ მოტივში ამინდს ტრიო ჰქმნის - რობერტ ფრიპის აკორდების პარალელურად ზოგჯერ აკომპანიატორის, ზოგჯერ კი წარმმართველის როლში უეტონის ბას გიტარა გამოვარდება ხოლმე. კომპოზიციას ალამაზებს ორი უმკაცრესი ჩანართი ფრიპისეულ ორკესტრული ხასიათის გადმომცემი გიტარითა და მისივე საფირმო აკომპანემენტით. კომპოზიცია უეტონისეულ ლირიკა გაჯერებულ Fallen Angel-ში გადადის. დასაწყისში აკუსტიკური გიტარით გალამაზებული თითქოს მშვიდი სიმღერა მალე ფრიპის ბიტლური აკორდებით ივსება და საკმაოდ მძიმდება. ბრაფორდის ვირტუოზული გადასვლების ფონზე, მელ კოლინზის საქსოფონიც შემოდის. საბოლოოდ მცირე ვაკხანალიაში გადასვლამდე კი თემას რობერტ ფრიპის არხების მიხედვით სხვადასხვა ბგერაზე დაყენებული გიტარ უნისონ სოლოები აგრძელებენ.
თემა მსგავსად ვითარდება მომდევნო One More Red Nightmare-ში, თუმც იგი არაფრით ჰგავს წინა სიმღერას. აქ, გადასვლის ეპიზოდიდან ფრიპის გიტარას უკვე ტონი აიომის Killing Yourself To Live-ეული ნოტები ამოჰყავს. ასეთი მომენტები ფრიპს მითუმეტეს დადებითი მხრით ახასიათებს. თუკი თემა ითხოვს, იგი არასოდეს თაკილობს სხვადასხვა ხელწერების „თავს მოხვევას“. ალბომის მეორე გვერდს დევიდ ქროსის საკონცერტო ბენეფისი Providence ხსნის. მას მხარს უბამს ტრიო და საბოლოოდ ინსტრუმენტული კომპოზიცია კლასიკურ-ექსპერიმენტული მუსიკისა და როკის ფიუჟენის საუკეთესო მაგალითად იქცევა. მთავარი კი წინაა.
ალბომ Red-ის დამაბოლოვებელი Starless, ზოგადად პროგრესივ-როკ შედევრად იქცა. იგი პირობითად ოთხ ნაწილად შეგვიძლია დავყოთ. პირველი ვოკალურია და ჯონ უეტონის ლირიკის ერთ–ერთ საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს. შემდეგ თემა ვითარდება „ქრიმზონისეული ბოლეროს“ ფონზე, რომელიც აგებულია ჯონ უეტონისა და ბილ ბრაფორდის „შემყვან“ რიტმ–სექციაზე დამატებულ რობერტ ფრიპის გიტარულ „ჩაწვეთებებზე“. კულმინაციას ინსტრუმენტული თემა რობერტ ფრიპისა და ჯონ უეტონის ბას გიტარის ერთდროული სოლოების ფონზე აღწევს, ხოლო ძირს დაშვება კი საწყისი – ვოკალური ნაწილის ინსტრუმენტულ რეპრიზას წარმოადგენს ჯონ უეტონის მძლავრი ბას გიტარისა და იან მაკდონალდსის მელოტრონის თანხლებით.
King Crimson შემოქმედებით მწვერვალზე, შვიდი წლით დაიშალა. მომდევნო - მეოთხე ეტაპამდე ლოდინისთვის კი, ჩვენ სულ რაღაც ერთი კვირა დაგვჭირდება...
(გაგრძელება იქნება)