რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებულ ყოფილ ამერიკელ სპეცრაზმელს, პიტერ რაფაელ ძიბინსკი დებინსს ვირჯინიას შტატის სასამართლომ 15 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი წერს.
ბრალდების მხარე დებინსისთვის 17-წლიან პატიმრობას, დაცვის მხარე კი 5-წლიან პატიმრობას ითხოვდა. ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ქვეყნის ინტერესებისთვის დიდი ზიანი არ მიუყენებია, რუსი აგენტები კი მის აშანტაჟებდნენ და ჯარში მსახურების დროს მისი ჰომოსექსუალური კონტაქტების შესახებ მოყოლით ემუქრებოდნენ.
პიტერ რაფაელ ძიბინსკი დებინსმა ბრალი აღიარა და განაცხადა, რომ რუსეთის სადაზვერვო სამმართველოს (გრუ) მსხვერპლი გახდა.
დებინსი აშშ-ში 2020 წლის აგვისტოში დააკავეს. გამოძიების მტკიცებით, ის რუსულ დაზვერვასთან 1996-2011 წლებში თანამშრომლობდა და გადასცემდა რუსულ მხარეს ინფორმაციას იმ სამხედრო ნაწილების შესახებ, რომლებშიც მსახურობდა.
დაკითხვისას დებინსი აცხადებდა, რომ „თავს რუსეთისთვის მესიად აღიქვამდა“ და სურდა, „ქვეყანა დესპოტური მმართველებისგან გაეთავისუფლებინა“. ჯაშუშობის სანაცვლოდ ის სიმბოლურ ანაზღაურებას იღებდა. მაგალითად, 2003 წელს მას ერთი ბოთლი კონიაკი და რუსული სამხედრო ფორმა აჩუქეს.