თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ისრაელის ქმედებები ადამიანის ძირითად უფლებებს არღვევს და დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
„ისრაელის ქმედებები, რომლებიც საერთაშორისო სამართალსა და ადამიანურ ღირებულებებს ეწინააღმდეგება, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. თუ გაეროს უშიშროების საბჭო სასწრაფო ზომებს არ მიიღებს და ამ ძალადობას არ შეაჩერებს, ეს ნიშნავს, რომ საერთაშორისო სისტემა მოშლილია. არ უნდა დავივიწყოთ, რომ იერუსალიმი მთელი მსოფლიოა, ხოლო იერუსალიმში მცხოვრები მუსლიმები - მთელი კაცობრიობაა“, - აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
12 მაისს ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ისრაელის მიმართულებით სარაკეტო დარტყმები განაახლა. დაჯგუფებამ სდეროთისა და აშკელონის მიმართულებით 180 რაკეტა გაუშვა. ბოლო დღეების განმავლობაში, ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 1 600-მდე რაკეტა ისროლეს.
ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა ღაზის სექტორში სამიზნეებზე იერიშის გაძლიერება დაამტკიცა.
კონფლიქტის ესკალაციის დაწყებიდან დღემდე, ისრაელმა საპასუხო ზომების ფარგლებში ღაზის სექტორში 600-მდე სამიზნე გაანადგურა.