ჩემი აზრით, ქვეყნის კანონმდებლობა არ უნდა იწერებოდეს და იცვლებოდეს მიხეილ სააკაშვილის გამო, - ამის შესახებ იაგო ხვიჩიამ „იმედის ფაქტორში“ განაცხადა. „გირჩის“ წევრმა ასევე დააფიქსირა საკუთარი პოზიცია იმ კანონპროექტის მიმართ, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქართულ პოლიტიკაში ჩაბმას უკრძალავს.
„ჩვენ, „გირჩი“ სპეციფიკური პარტია ვართ და მხარდამჭერები გვყავს მსოფლიოს ყველა წერტილში. მაგალითად, ჩვენი მხარდამჭერია ბევრი ადამიანი, რომლებიც დიდი ხანია, წლებია წასულები არიან საქართველოდან. არის ამერიკის მოქალაქეც, მაგრამ ჩვენი სახით თანამოაზრეები აღმოაჩინა საქართველოში და პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩვენი მეშვეობით მონაწილეობს. მაგალითად, ჩვენი მმართველი ორგანოს, სათათბიროს წევრია. როდესაც ამ კანონს იღებენ, „ქართული ოცნება“ შეიძლება მიხეილ სააკაშვილს ხედავდეს ამ კანონპროექტში, მაგრამ მე ჩემს მეგობრებსა და თანამებრძოლებს ვხედავ“, - განაცხადა ხვიჩიამ.