„პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით, ხვალიდან გაიმართება კონსულტაციები. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, იგეგმება ბლოკ „ნაციონალური მოძრაობის“ ფარგლებში, პარტიაში, მეგობრებთან შეხვედრები, ასევე - არასამთავრობო პარტიებთან, მათ წარმომადგენლებთან, იმ პარტიებთან, რომლებიც პარლამენტში შევიდნენ“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ რუსთავის მე-12 დაწესებულების დატოვების შემდეგ.
„არაერთი დღე დასჭირდება, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღოთ. დანამდვილებით ვიცი, რომ პარტიაში, ამ საკითხთან დაკავშირებით, განსხვავებული პოზიციებია. გარდა იმისა, რომ პარტიის წევრებთან, რომელთაც ჩემი ოჯახის წევრებად მივიჩნევ, ვაპირებ ამ საკითხების დეტალურად გავლას, ყველა ჩემს კოლეგას უნდა დაველაპარაკო და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღო გადაწყვეტილება, ბლოკ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად. ახლა ცალსახა პასუხს ვერ გეტყვით. ბუნებრივია, მეც მაქვს ამბივალენტური დამოკიდებულება სხვადასხვა საკითხზე. მგონია, რომ გადაწყვეტილება პრაგმატული და რაციონალური უნდა იყოს“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.
გირაოს თანხის ჩარიცხვის შემდეგ, პროკურატურის შუამდგომლობით მიმართვისა და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია პატიმრობიდან გათავისუფლდა. მოსამართლის გადაწყვეტილებას ნიკა მელია რუსთავის მეთორმეტე დაწესებულებაში ელოდა.
პროკურატურის მიერ წარდგენილი შუამდგომლობა, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე, მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დააკმაყოფილა.
პროკურატურამ ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით, სასამართლოს 9 მაისს მიმართა. იქამდე, 8 მაისს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნიკა მელიას გირაოს თანხა, 40 ათასი ლარი გადახდილია.
7 მაისს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, რომ მელია თანახმაა ევროკავშირის გირაოზე.
თავდაპირველად, ნიკა მელია ამბობდა, რომ იმ შემთხვევაში დათანხმდებოდა გირაოს, თუ პარლამენტიდან ამნისტიის შესახებ კანონპროექტს გამოიწვევდნენ.
სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა, თუმცა მან გირაო არ გადაიხადა, რის შემდეგაც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 23 თებერვალს დააკავეს.