ნიკა მელიამ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა

ნიკა მელიამ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა

სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. საპატიმროსთან მას თანაპარტიელები და ოჯახის წევრები დახვდნენ.

ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ მოსამართლის გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. ნიკა მელია რუსთავის მეთორმეტე დაწესებულებაში ელოდა. სასამართლო პროცესს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი უძღვებოდა.

პროკურატურამ ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით, სასამართლოს 9 მაისს მიმართა. იქამდე, 8 მაისს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნიკა მელიას გირაოს თანხა, 40 ათასი ლარი გადახდილია.

7 მაისს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, რომ მელია თანახმაა ევროკავშირის გირაოზე.

თავდაპირველად, ნიკა მელია ამბობდა, რომ იმ შემთხვევაში დათანხმდებოდა გირაოს, თუ პარლამენტიდან ამნისტიის შესახებ კანონპროექტს გამოიწვევდნენ.

სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა, თუმცა მან გირაო არ გადაიხადა, რის შემდეგაც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 23 თებერვალს დააკავეს.