სოზარ სუბარი: ნიკა მელიას პატიმრობის მთავარი მიზანი დესტაბილიზაცია იყო

სოზარ სუბარი: ნიკა მელიას პატიმრობის მთავარი მიზანი დესტაბილიზაცია იყო

ნიკა მელიას პატიმრობის მთავარი მიზანი დესტაბილიზაცია იყო, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა განაცხადა.

„ჯერ კიდევ არჩევნებამდე, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ერთადერთი ლიდერი, რომელიც დღეს უკრაინაშია, მიხეილ სააკაშვილი აცხადებდნენ, რომ არჩევნები გაყალბდება და ისინი ამას არავის შეარჩენენ და მოაწყობენ რევოლუციას. ისინი ემზადებოდნენ რევოლუციისთვის და არა არჩევნებში გამარჯვებისთვის, რადგან იცოდნენ, რომ არჩევნებში წააგებდნენ. როცა არეულობასა და დესტაბილიზაციას ვერ მიაღწიეს, შემდეგ ისინი გაჯიქდნენ და არ შემოდიოდნენ პარლამენტში და ჩვენგან მანდატების შეწყვეტას ითხოვდნენ, თუმცა მათ არ მივეცით პარლამენტის საბოტაჟის უფლება და არ შევუწყვიტეთ მანდატები“, - აღნიშნა სუბარმა.

მისი თქმით, ნიკა მელიამ შემდეგი ნაბიჯი გადადგა და სამაჯური მოიხსნა. „აქ უკვე ნიკა მელია შეაგულიანეს თანაპარტიელებმა და მიხეილ სააკაშვილმა. იმედი ჰქონდათ, რომ თუ ნიკა მელია ციხეში შევიდოდა, ამას მოჰყვებდა ძალიან სერიოზული საერთაშორისო რეაგირება და წნეხი, ასევე შიდა გამოსვლებიც დაიწყებოდა. თუმცა ეს არ მოხდა და ამის გამო ქუჩაში ორი კაციც არ გამოსულა. რაც შეეხება საერთაშორისო რეაგირებას, იყო ორი ტიპის განცხადება, ერთი რომ ნიკა მელია დამნაშავეა და მას სამაჯური არ უნდა მოეხსნა. კანონისადმი უპატივცემულობის გამოხატვა, ეს ფრაზა ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციებში დაფიქსირდა და ასევე ითქვა ძალიან მკაფიოდ სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომელ ბატონი ჯორჯ კენტისგან, თუმცა ითქვა ისიც, რომ როცა მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ციხეშია, ეს ძალიან ცუდია. ასევე როცა მისი დაკავება ხდება დიდი ძალის მობილიზებით, ეს არ ჩანს ლამაზად. შესაბამისად, იყო დახმარების მცდელობა ჩვენი მეგობრებისგან, რომ არეულობა არ მომხდარიყო“, - აღნიშნა სუბარმა.

მისი თქმით, პროცესი წარმატებულად დამთავრდა და ნიკა მელიამ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველა თავისი სიტყვა წაიღეს უკან და საბოლოდ მათი რეიტინგი განულდა.

სასამართლომ ნიკა მელია პატიმრობიდან გაათავისუფლა.

პროკურატურამ ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით, სასამართლოს 9 მაისს მიმართა. იქამდე, 8 მაისს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნიკა მელიას გირაოს თანხა, 40 ათასი ლარი გადახდილია.

7 მაისს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, რომ მელია თანახმაა ევროკავშირის გირაოზე.

თავდაპირველად, ნიკა მელია ამბობდა, რომ იმ შემთხვევაში დათანხმდებოდა გირაოს, თუ პარლამენტიდან ამნისტიის შესახებ კანონპროექტს გამოიწვევდნენ.

სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა, თუმცა მან გირაო არ გადაიხადა, რის შემდეგაც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 23 თებერვალს დააკავეს.