ევროკავშირს არ ერიდება თქვას, რომ ვიღაც პოლიტპატიმარია, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა „ქრონიკაში“ ნიკა მელიაზე საუბრისას თქვა.
„ეს იყო მართლა პოლიტიკური თვითპატიმრობა, ადამიანი რომელმაც თქვა, რომ კანონს არ დავემორჩილებიო, რომელმაც თქვა, რომ არ გავიკეთებ სამაჯურსო, არ გადავიხდი გირაოს და კანონი არ მაინტერესებსო, ნურც ნურავინ გაბედავს, რომ გირაო გადამიხადოსო, საბოლოოდ კი მიხვდა, რომ ეს ყველაფერი იყო ძალიან ცუდი თამაში, დათანხმდა შეთანხმებას, რომელსაც მისი და მისი პარტიის მონაწილეობის გარეშე მივაღწიეთ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისი თქმით, ევროკავშირს ერთადერთი რაც უნდა, ეს არის, სტაბილურობა ქვეყანაში.
„მათ აინტერესებდათ და უნდოდათ ქვეყანაში სტაბილურობა ყოფილიყო, ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირის პარტნიორია“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
სასამართლომ ნიკა მელია პატიმრობიდან გაათავისუფლა.
პროკურატურამ ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით, სასამართლოს 9 მაისს მიმართა. იქამდე, 8 მაისს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნიკა მელიას გირაოს თანხა, 40 ათასი ლარი გადახდილია.
7 მაისს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, რომ მელია თანახმაა ევროკავშირის გირაოზე.
თავდაპირველად, ნიკა მელია ამბობდა, რომ იმ შემთხვევაში დათანხმდებოდა გირაოს, თუ პარლამენტიდან ამნისტიის შესახებ კანონპროექტს გამოიწვევდნენ.
სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა, თუმცა მან გირაო არ გადაიხადა, რის შემდეგაც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 23 თებერვალს დააკავეს.