ჩვენ მიერ ინიცირებული ამნისტიის შესახებ კანონპროექტი პირდაპირ ასახავს არა მხოლოდ 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებას, ასევე მის სიტყვა-სიტყვით მნიშვნელობას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, კანონპროექტის განხილვები მომავალი კვირიდან დაიწყება.
„მომავალ კვირას, უქმეების შემდეგ, პარლამენტი უკვე დაიწყებს ამნისტიის კანონპროექტის საკომიტეტო განხილვებს და შემდეგ უკვე, პროცედურების შესაბამისად, ამას მოჰყვება სასესიო კვირაში პლენარულ სხდომაზე განხილვა. პროცედურების შესაბამისად მოხდება ამნისტიის კანონპროექტის მიღება. იმედი გვაქვს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც ახლა შემოუერთდნენ საპარლამენტო საქმიანობას, საბოლოო ჯამში, ჩვენს მიერ ინიცირებულ კანონპროექტის განხილვაში ჩაერთვებიან და შევძლებთ შეთანხმებული ვარიანტის მიღებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, რაც შეეხება ოპოზიციის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, იგი 19 აპრილის შეთანხმებას ორი მიზეზის გამო ეწინააღმდეგება.
„პირველი - ვინაიდან ის ეხება მხოლოდ არსებულ სისხლის სამართლის საქმეებს და მეორე, ვინაიდან ისინი დაზარალებულად აღიარებენ მხოლოდ აქციის მონაწილეებს და არა პოლიციელებს. ამ ბოლო საკითხით ის არა მხოლოდ შეთანხმებას ეწინააღმდეგება, არამედ ეწინააღმდეგება, ზოგადად თანასწორობის პრინციპებსაც.
რაც შეეხება ჩვენ მიერ ინიცირებულ პროექტს, ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ის პირდაპირ ასახავს არა მხოლოდ 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებას, ასევე მის სიტყვა-სიტყვით მნიშვნელობას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.