შალვა პაპუაშვილი: სამართალდამცველების მიმართ ჩადენილი დანაშაულების ფაქტები წელიწადში, დაახლოებით 5 000-ზე მეტია და 90%-ზე მეტი ყოფით თემებს ეხება

შალვა პაპუაშვილი: სამართალდამცველების მიმართ ჩადენილი დანაშაულების ფაქტები წელიწადში, დაახლოებით 5 000-ზე მეტია და 90%-ზე მეტი ყოფით თემებს ეხება

თუ გადავხედავთ წელიწადის განმავლობაში სტატისტიკას, ასეთი დარღვევის ფაქტები, დაახლოებით 5 000-ზე მეტია და მათი ძირითადი ნაწილი, 90%-ზე მეტი, ყოფით თემებს ეხება. ამ შემთხვევებს პოლიტიკასთან კავშირში არ აქვს, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე საუბრისას.

იგი სამართალდამცველების მიმართ ჩადენილ დანაშაულების ფაქტებს შეეხო.

„ყველამ უნდა იფიქროს ამ პერსპექტივიდან და საკუთარ თავს დაუსვას კითხვა - თუკი ასეთი ქმედების ობიექტი იქნება, ფიქრობს თუ არა, რომ ასეთი საქციელი უნდა იყოს დასჯილი და თუ ადამიანი ასეთ ქმედებას რამდენჯერმე ჩადის, უნდა იყოს თუ არა ის მკაცრად დასჯილი? თუ ასეთ კითვებს დავუსვამთ საკუთარ თავს, მაშინ ამ საკითხზე პასუხი მარტივი იქნება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ცვლილებების მისაღებად პარლამენტს დრო 1-ლ ივნისამდე ჰქონდა, ამიტომ საჭირო იყო ამ პროექტის დაჩქარებული წესით მიღება.

სამართალდამცველების მიმართ ჩადენილი დაუმორჩილებლობისა ან წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევების პრევენციისთვის, მმართველმა გუნდმა სამართალდარღვევისთვის სანქციების გამკაცრება გადაწყვიტა. კონკრეტულად, ცვლილებებამდე ხულიგნობა ისჯებოდა ჯარიმით 500-დან 1 000 ლარამდე ან ადმინისტრაციული პატიმრობით 15 დღემდე. ახლა იგივე რეგულაციაა, მხოლოდ პირველ შემთხვევაში. თუ მოქალაქემ აღნიშნული მეორედ გაიმეორა, მისი ჯარიმა შეიძლება იყოს 1 500-დან 2 000 ლარამდე, ან პატიმრობა 5-დან 15 დღემდე.

თუ პოლიციელს გაუწია წინააღმდეგობა ან მის წინააღმდეგ ჩაიდინა კანონსაწინააღმდეგო ქმედება ჯარიმა 1 000-დან 4 000 ლარამდე იყო, ან პატიმრობა - 15 დღემდე. ახლა, ცვლილებების შემდეგ, პირველ შემთხვევაზე ჯარიმა 2 000-დან 3 000 ლარამდე იქნება, განმეორების შემთხვევაში კი 3 500-დან 4 500 ლარამდე, ან პატიმრობა 7-დან 15 დღემდე.

„იმედის კვირის“ სიუჟეტში მოყვანილია, თუ რა სანქციებს ითვალისწინებს უცხოეთის ქვეყნებში სამართალდამცველების მიმართ ჩადენილი დაუმორჩილებლობისა ან წინააღმდეგობის გაწევის ფაქტები. დეტალები ნახეთ სიუჟეტში.