ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ რაკეტა „ჩანჩჟენ-5B“-ის ნამსხვრევების უმეტესობა დედამიწის ატმოსფეროში შემოსვლისას დაიწვება და, სავარაუდოდ, ზიანს არ გამოიწვევს.
„დიდ ყურადღებას ვაქცევთ რაკეტის ატმოსფეროში შემოსვლას. როგორც ვიცით, რაკეტა ისე იყო დაპროექტებული, რომ მისი ნაწილების უმეტესობა დედამიწის ატმოსფეროში შემოსვლისას განადგურდება და დაიწვება. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან საფრთხე ან ზიანი გამოიწვიოს“, - აღნიშნა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვან ვენბინმა.
4 მაისს ცნობილი გახდა, რომ დედამიწას უზარმაზარი რაკეტა უახლოვდება, რომელმაც კონტროლი დაკარგა. საუბარია რაკეტის ნაწილზე, რომლითაც ჩინეთმა საკუთარ კოსმოსურ სადგურზე მოდული გაგზავნა. მისი მოძრაობის ტრაექტორია დედამიწის ატმოსფეროსკენაა მიმართული და როგორც სპეციალისტები აცხადებენ, სავარაუდოდ, 8-10 მაისს შემოვა ატმოსფეროში.
სპეციალისტების თქმით, 22-ტონიანი რაკეტის დიდი ნაწილი ატმოსფეროში შემოსვლისას დაიწვება, თუმცა ნაწილი ჩამოვარდება. ჩამოვარდნის სავარაუდო ტერიტორია წყნარი ოკეანე იქნება.