კომპანია Facebook-ის სამეთვალყურეო საბჭომ მხარი დაუჭირა Facebook-ის გადაწყვეტილებას დონალდ ტრამპის Facebook-ისა და Instagram-ის ანგარიშების დაბლოკვის შესახებ.
ამასთანავე, სამეთვალყურეო საბჭო აღნიშნავს, რომ Facebook-ის მხრიდან მიზანშეწონილი არ იყო განუსაზღვრელი ვადით აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ანგარიშის დაბლოკვა.
„როგორც წესი, Facebook-ის სანქციები მოიცავს კონტენტის ამოღებას, დროებით შეჩერებას ან გვერდისა და ანგარიშის სამუდამოდ გათიშვას“, - ნათქვამია განცხადებაში.
საბჭო ასევე მოითხოვს, რომ Facebook-მა აღნიშნული საკითხი განიხილოს, რათა დადგინდეს და დასაბუთდეს პროპორციული პასუხი, რომელიც წესებს შეესაბამება და პლატფორმის სხვა მომხმარებლების მიმართ გამოიყენება.
Facebook-ის ადმინისტრაციამ დონალდ ტრამპის ანგარიში ვაშინგტონში 6 იანვარს განვითარებული მოვლენების შემდეგ განუსაზღვრელი ვადით დაბლოკა.