NYT: ჯარების ნაწილის გაყვანის მიუხედავად, უკრაინის საზღვართან დაახლოებით 80 ათასი რუსი სამხედრო რჩება

NYT: ჯარების ნაწილის გაყვანის მიუხედავად, უკრაინის საზღვართან დაახლოებით 80 ათასი რუსი სამხედრო რჩება

ამერიკული გაზეთი The New York Times-ი თეთრ სახლში მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ჯარების ნაწილის გაყვანის მიუხედავად, უკრაინის საზღვართან დაახლოებით 80 ათასი რუსი სამხედრო რჩება.

წყაროების ინფორმაციით, რუსეთმა შეიარაღებული ძალების ნაწილი მართლაც დააბრუნა მუდმივი განლაგების ადგილზე, თუმცა ბევრმა დანაყოფმა სამხედრო ტექნიკა ადგილზე დატოვა, რაც იმის სიგნალია, რომ მათ დაბრუნება შეუძლიათ, თუ მსგავს ბრძანებას რუსეთის პრეზიდენტისგან მიიღებენ.

ევროპაში აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების ყოფილი სარდალი, გენერალ-მაიორი მაიკლ რეპასი აცხადებს, რომ რუსეთმა სამხედრო ძალების მხოლოდ ნაწილი გაიყვანა და რეგიონში საკმაოდ მომაკვდინებელი ძალები დატოვა.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ სამხედრო ძალების გაძლიერება შეიძლება უკონტროლო გახდეს და უფრო ღრმა კრიზისი გამოიწვიოს.

22 აპრილს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ქვეყნის სამხრეთ და დასავლეთ სამხედრო ოლქებში შემოწმებითი ღონისძიებების დასრულება გამოაცხადა.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა გენერალურ შტაბს, სამხედრო ოლქებსა და საჰაერო-სადესანტო ძალებს 23 აპრილიდან ჯარების მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნება დაავალა.

1-ელ აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი უკრაინასთან საზღვარზე კუნთებით თამაშში დაადანაშაულა. 30 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმა, რუსლან ხომჩაკმა განაცხადა, რომ რუსეთი სამხედრო სწავლებების საბაბით უკრაინის საზღვართან შეიარაღებულ ძალებს კრებს.