ყოფილი პოლიციელი დერეკ შოვინი, რომელიც ნაფიცმა მსაჯულებმა ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს, განმეორებითი სასამართლო პროცესის გამართვას ითხოვს. შესაბამისი შუამდგომლობა დერეკ შოვინის ადვოკატმა, ერიკ ნელსონმა წარადგინა.
ადვოკატის განცხადებით, სასამართლო პროცესის დროს მოსამართლემ და ბრალდების მხარემ სერიოზული შეცდომები დაუშვა, რამაც გამამტყუნებელი ვერდიქტის გამოტანა გამოიწვია.
ერიკ ნელსონის თქმით, მოსამართლემ დაუსაბუთებლად თქვა უარი ნაფიცი მსაჯულების გარე ინფორმაციაზე წვდომისგან იზოლირებაზე. გარდა ამისა, მოსამართლემ არამართლზომიერად თქვა უარი სასამართლო პროცესის მინეაპოლისიდან სხვა ქალაქში გადატანაზე, სადაც უფრო მიუკერძოებელი ნაფიც მსაჯულთა შერჩევა გახდებოდა შესაძლებელი.
„ნაფიცი მსაჯულები საფრთხეს გრძობდნენ და ვერდიქტის განხილვისას მოსამართლის ინსტრუქციები არ გაითვალისწინეს“, - აღნიშნა დერეკ შოვინის ადვოკატმა.
აღსანიშნავია, რომ მანამდე მედიაში ერთ-ერთი ნაფიცი მსაჯულის, ბრენდონ მიტჩელის სურათი გავრცელდა, რომელიც ვაშინგტონში Black Lives Matter-ის აქციაზე იყო გადაღებული. აღნიშნულმა სურათმა დისკუსიები გამოიწვია იმის თაობაზე, თუ რამდენად მიუკერძოებელი იყო სასამართლო პროცესი.
21 აპრილს ნაფიცმა მსაჯულებმა ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელის, დერეკ შოვინის მიმართ გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს.
ჯორჯ ფლოიდი 2020 წლის 25 მაისს მოკლეს. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანდა, რომ პოლიციის ოფიცერი, დერეკ შოვინი ჯორჯ ფლოიდს კისერზე მუხლს აჭერდა, ხოლო დაკავებული ჯორჯ ფლოიდი კი სუნთქვის საშუალების მიცემას ითხოვდა.