ყველანაირი გზა შევთავაზეთ, რომ ნიკა მელიამ დატოვოს სასჯელაღსრულების დაწესებულება. ჯერ არ უნდოდა იქ შესვლა, ახლა არ გამოდის, - ამის შესახებ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამნისტიის მიზანი არ არის ნიკა მელიას გამოყვანა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.
„დღეს უკვე დადასტურებულად ვიცით, რომ „ევროპული საქართველო" და „ნაციონალური მოძრაობა" ამ თვეების განმავლობაში ხელს უშლიდნენ ნებისმიერ შეთანხმებას. დღეს უკვე პირდაპირ ვხედავთ, რომ მიუხედავად შეთანხმების მიღწევისა, როგორ ცდილობენ ჩაშალონ შეთანხმების აღსრულება. ყველანაირი გზა შევთავაზეთ, რომ ნიკა მელიამ დატოვოს სასჯელაღსრულების დაწესებულება და ის არ ტოვებს. ჯერ არ უნდოდა იქ შესვლა, ახლა არ გამოდის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. ერთადერთი ახსნა აქვს, რომ ყველანაირი მიზეზის გამოყენება უნდათ დესტრუქციისა და არეულობისთვის.
ამნისტიის მიზანი არ არის ნიკა მელიას გამოყვანა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. ეს არ არის მიზანი. ეს არის ნაწილი იმ შეთანხმებისა, რომელსაც ჰქვია წინსვლის გზა საქართველოსთვის. მთავარი აზრი არის ის, რომ პარტიები ქიშპობიდან თანამშრომლობაზე გადავიდნენ. ნიკა მელიას გარშემო დედამიწა არ ტრიალებს, მათ შორის არც ამ შეთანხმებაში", - განაცხადა პაპუაშვილმა.
ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის ამნისტიის საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა. ნაწილი ფიქრობს, რომ კანონპროექტის მიღება ოპტიმალური გამოსავალია, სხვების აზრით კი, ის არ უნდა შეეხოს ყველას, ვინც 2019 წლის 19-20 ივნისის მოვლენების გამო სასჯელს იხდის.