"ინტელექტუალური მოდელი“ იცვლება
წლების განმავლობაში ევროკავშირის ინსტიტუციონალური განვითარების სწრაფი ტემპების ფონზე, მულტიკულტურიზმის არაერთი აპოლოგეტის გონებაში შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ევროპელ ერებს საკუთარი სახელმწიფოებრიობა დიდად არ ადარდებდათ და ეროვნული თვითიდენტიფიკაციის საერთო ნიშანს წარმოადგენდა საერთო ვალუტა „ევრო“.
მსგავსი ილუზია გაუჩნდათ ასევე, ევროკავშირში მცხოვრებ მიგრანტებს. განსაკუთრებით ისეთ დიდ ჯგუფებს, როგორებიცაა, თურქული, არაბული და სხვადასხვა აფრიკული ქვეყნებიდან მიგრირებულები. მათ მასპინძელ ქვეყნებში მოისურვეს „პატარა სამშობლოების“ მოწყობა საკუთარი ტელევიზიებით, გაზეთებით, მაღაზიების ქსელით, მიზგითებითა და მინარეთებით. აღნიშნული ილუზიიდან „პატარა სამშობლოების“ მოსურნენი, ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებმა, სწრაფად გამოაფხიზლეს, საკანონმდებლოცვლილებებით.
კულტურათა შერევისა და გაერთიანებულ სამართლებრივ სივრცეში ერთად მოქცევის კონცეფცია, ევროკავშირის საერთო კონსტიტუციის უარყოფის შემდეგ ეჭვქვეშ დადგა, მაგრამ უკანასკნელ პერიოდამდის აღნიშნული პრობლემა ასე ცხადად არ ჩანდა ზედაპირზე.
კულტურათა თვითმყოფადობისა და საკუთარი სახის შენარჩუნების ინსტიქტმა აჯობა, ევროკავშირის საერთო სახელმწიფოდ გადაქცევის ტენდეციას. ევროკავშირი შეჩერდა, ინტეგრაციის იმ ფაზაზე, რომელიც ეკონომიკურ მეცნიერებაში ცნობილია, როგორც ინტეგრაციის უმაღლესი სტადია - ერთიანი სავალუტო გაერთიანება.
შემდეგი ინტეგრაცია, უკვე არაბუნებრივი, ეროვნულ სახელმწიფოთა კომპეტენციების არასასურველ დელეგირებას მოასწავებდა, ამიტომ რეფერენდუმებზე უარი ეთქვა ერთიან კონსტიტუციას და ეროვნულმა სახელმწიფოებმა შეინარჩუნეს საკუთარი საზოგადოების სოციალური მანქანის ფუნქციები. ეროვნული სახელმწიფოების მიერ საკუთარი ფუნქციების შენარჩუნება პოლიტიკური ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ფაქტორად იქცა.
ფაქტია, "ინტელექტუალური მოდელი“ იცვლება. ბებერი ევროპა უკან ბრუნდება. მულტიკულტურიზმი, ანუ ანტიისტორიზმი ჩვენს თვალწინ ისევ უბრუნდება ნაციონალურ ჰეროიკას. თვით ფაქტი, რომ ჩვენს ეპოქას ჰეროიკული ტონი დასჭირდა მისი სისუსტის გამო, უკვე თავისთავად კრიზისული მოვლენაა.
დიახ, ერთია, რა იყო გუშინ და ვნახოთ რა ხდება ახლა? მოვისმინოთ გერმანიის ამჟამინდელი კანცლერის მერკელის ამასწინდელი განცხადება: "მულტიკულტურების დრო დამთავრდა, ჩვენ ყველამ გერმანიაში მცხოვრებმა უპირველესად პატივი უნდა ვცეთ გერმანიის ნაციონალურ კულტურას.”
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, დევიდ კემერონმაც აღიარა, რომ დასავლეთ ევროპაში გატარებული მულტიკულტურების პოლიტიკა ჩავარდა. ეს კი, დამეთანხმებით, უკვე აღარაა შემთხვევითი ამბავი.
შესაბამისი განცხადება კემერონმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზეც გააკეთა. მისი თქმით, ევროპის ქვეყნები იძულებულნი არიან "მოითმინონ სეგრეგირებული საზოგადოება, რომელიც არ იზიარებს ჩვენს ფასეულობებს".
"როდესაც თეთრი ფერის ადამიანი უშვებს გარკვეულ გამონათქვამებს სხვა ფერის ადამიანთან მიმართებაში, ჩვენ მას "რასისტს" ვუწოდებთ", - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერმა და აღნიშნა, რომ როცა არაბები, შავკანიანები, ან ზოგადად, აზიელები შეუარაცხყოფას აყენებენ თეთრკანიანებს, მისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და მისი გაკიცხვის ყველას ეშინია“.
"უამრავი მუსულმანი რჩება ფესვების გარეშე. ისინი ერთ დღეში არ ყალიბდენიან, როგორც ტერორისტები, მაგრამ ჩვენ თვალნათლივ ვხედავთ რადიკალიზაციის პროცესს", - განმარტა მან. ამასთან, კემერონის თქმით, ზოგიერთ მეჩეთში ექსტრემიზმის ღია პროპაგანდა მიმდინარეობს. "ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველაზე მკაცრი ღონისძიებები ასეთი მქადაგებლების წინააღმდეგ და ავკრძალოთ მათი საქმიანობა ჩვენს ქვეყნებში," - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
მერე რა, რომ ჩვენ ყველანი ვაცნობიერებთ, რომ მუსულმანი და ექსტრემიზმი სხვადასხვა რამეა და არასწორია იმის თქმა, რომ მუსულმანური სამყარო და დასავლეთი შეუთავსებადია. მთავარი მაინც ისაა, რომ ყველაფერი ასეთი ტექსტებით იწყება.
და ეს ყოველივე შარშან, ნორვეგიაში, ახალგაზრდულ ბანაკში, თამთა ლიპარტელიანისა და კიდევ მრავალი ახალგაზრდის დაღუპვამ გამახსენა.
როგორც უკვე ითქვა და სწორადაც, ვიღაც ცხოველმა, რომელიც, როგორც „მხეცი საქართველოშიც მხეცია, სამხრეთ პოლუსზეც და ნორვეგიაშიც,“ დაწერა „დეკლარაცია“. მას არავინ მიაქცია ყურადღება. მერე სამიზნის არჩევაც არ იყო ძნელი: დავესესხები ბ-ნ გ. გვახარიას და ვიტყვი: მუშათა პარტიის მიერ ორგანიზებული ზაფხულის ბანაკი ხომ კულტურათა დაახლოების მიზნით გაიხსნა. კუნძული ოტოია გახდა განსახიერება „კულტურული მარქსიზმისა“, რომელიც, ბრეივიკის აზრით, ისლამიზაციის საფრთხეს უქმნის ევროპასა და ევროპულ ფასეულობებს.“
და აი, შედეგიც: პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე მშვიდ, ყველაზე სტაბილურ ადგილას გასული წლის 22 ივლისს, ნორვეგიელმა ტერორისტმა „11 სექტემბერი“ მოაწყო. რამდენიმე საათში დაიღვარა ათეულობით ადამიანის სისხლი. ოსლოს ცენტრში ბომბის აფეთქებამ შეიწირა 8 ადამიანი, რის შემდეგაც, მკვლელმა ქალაქიდან 100 კილომეტრში, კუნძულ ოტოიაზე გადაინაცვლა და ერთი საათის განმავლობაში დახოცა ახალგაზრდები, რომლებიც ახალგაზრდულ ბანაკში იმყოფებოდნენ. შედეგად 69 ადამიანი გარდაიცვალა, დაახლოებით 250-მა კი მძიმე ჭრილობები მიიღო.
ბრეივიკის საქმემ, განსაკუთრებით კი მისმა სასამართლო პროცესმა, დაადასტურა, თანამედროვე სამყაროს სრული უმწეობა და დაბნეულობა. ბრეივიკმა მიზანს მიაღწია - ნორვეგიის ისტორიაში პირველად, სასამართლოს სხდომის პირდაპირ ეთერში ტრანსლირებით ბრეივიკმა შეძლო თავისი 20-გვერდიანი "მანიფესტის“ წაკითხვა. მის მოსაზრებებს ავრცელებენ, მის აზრებს იმეორებენ, ყველა მისი სასამართლო პროცესი სახელმწიფოს მილიონობით დოლარი დაუჯდა. ბრეივიკის მამამ, საკუთარ შვილზე წიგნის წერა გადაწყვიტა. მიუხედავად იმისა, რამ მას, როგორც ყოფილ დიპლომატს წიგნის დაბეჭდვა დღემდე არცერთი გამომცემლობისთვის შეუთავაზებია, გავლენიანმა საგამომცემლო სახლებმა უკვე გამოთქვეს ამ წიგნის დაბეჭდვის სურვილი. ეჭვი არ არის ცოტა ხანში ამას კინოსცენარი და "ჰოლივუდური" ბლოკბასტერიც მოჰყვება თავისი "მსოფლიო პრემიერებით"!
რაც შეეხება ათულობით ადამიანის მკვლელს...
როგორც ნორვეგიული გამომცემლობა „Dasnahs“-ს იუწყება, „ძალიან დემოკრატიულმა“ ნორვეგიის მთავრობამ ბრეივიკს საკანში განსაკუთრებული კომფორტი შეუქმნა. თანხით, რომელსაც ბრეივიკი ყოველთვიურად მიიღებს, შეეძლება ქალბატონის გამოძახება სექსუალური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ამ ყოველივეს კი 5 კამერა დააფიქსირებს და საკანში შეიარაღებული პირიც იქნება. გაქცევის მცდელობის შემთხვევაში ნებადართულია მხოლოდ ხელკეტების გამოყენება.
იმ შემთხვევაში, თუ ბრეივიკისადმი სხვა პატიმრები უხეშობას გამოიჩენენ, მას უფლება აქვს სასამართლოს მიმართოს და მორალური ტრავმის მიყენების კომპენსაცია მოითხოვოს.
ყოველდღიურად უნდა შემოწმდეს დამნაშავის საკნის სისუფთავის დონე. განსაკუთრებით ორგანიზებული, კარგი და მშვიდი პატიმრებისთვის არსებობს ერთი ხელმისაწვდომი ნივთი: 32-დიუმიანი ტელევიზორი და სათამაშო მოწყობილობა. ბრეივიკსაც გააჩნია აღნიშნული უფლება.
ბრეივიკს უფლება აქვს აირჩიოს საკუთარი საკნის კედლებისთვის სასურველი ფერი და ყოველდღიურად მიაკითხოს ციხის სავარჯიშო დარბაზს.
დამნაშავე, რომლის სისასტიკემ მსოფლიო შოკში ჩააგდო, სულ ცოტა ხანში "არაადამიანურ" მოპყრობაზე ალაპარაკდა. 77 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული ანდერს ბრეივიკი ნორვეგიის ციხეში არსებული პირობების გამო ჩივის. მისი თქმით, ყავა, რომელიც მისთვის მიაქვთ - ცივია, საუზმეზე კარაქის ოდენობა არასაკმარისია, ფანჯრიდან ხედი არ არის მიმზიდველი და ხელბორკილები ზედმეტად უჭერს. ბრეივიკი პარსვის შემდგომი დამარბილებელი კრემის არქონის გამოც ჩივის.
ციხეში არსებული პირობების დეტალები ბრეივიკმა 27-გვერდიან წერილში ჩამოაყალიბა. "საწამებელი ინსტრუმენტი" უწოდა საწერ კალამს, რომლითაც მას უწევს წერა, მას მერე რაც კომპიუტერი ჩამოართვეს. ტერორისტი ციხის ადმინისტრაციას სადიზმში ადანაშაულებს.
და ეს ყოველივე მაშინ, როცა სასამართლო სხდომების განმავლობაში ცივილიზებულმა სამყარომ არ იცოდა, რა მოეხერხებინა „სიძულვილის მესიისთვის“ - გიჟად შეერაცხათ თუ, უბრალოდ, დაესაჯათ, როგორც ტერორისტი. მაგრამ, თითოეულ ჩვენთაგანს ხომ მშვენივრად ესმის, რომ გამოსავალი არც ერთია და არც მეორე.
არანაკლები უბედურება აღმოჩნდა ის, რომ ანდერს ბრეივიკს ციხეში წერილები მისდის, სადაც სიყვარულს უხსნიან, ფულს უგზავნიან, გმირად აცხადებენ. აქა იქ, მას უკვე მიმბაძველებიც გამოუჩნდნენ. ევროპელი ობივატელი შეშინებულია „ისლამიზაციით“, საფრთხეს ხედავს მულტიკულტურიზმში, ემიგრანტებს აბრალებს თავისი ცხოვრების პრობლემებს. ჰოდა, გამოჩნდა ვინმე ბრეივიკი, „ევროპისმხსნელი“ რომელიც, როგორც კი სიტყვა მისცეს, პირველსავე დღეს სასამართლოს ნაცისტური ჟესტით მიესალმა და განაცხადა, რომ არ სცნობს ნორვეგიულ სასამართლოს, რამდენადაც ქვეყნის ხელისუფლება მულტიკულტურალიზმის იდეას უჭერს მხარს. მისივე თქმით: ეს ქმედებები მან ხომ "კეთილი ზრახვებით განხორციელა და არა - ბოროტით".
ეს უკვე ის შემთხვევაა, როდესაც, როგორც ჩანს, მსხვერპლიც უკვე ვეღარ შველის საქმეს. საუბედუროდ კი ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ მომხდარზე იტირებენ და დაივიწყებენ. მაგრამ რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ, ძალადობა კვლავაც რომ არ განმეორდეს? ერთი გზა რჩება - თუ მომხდარს სწორად გავაანალიზებთ.
ფაქტია, რომ პლანეტაზე ცხოვრება თანდათან სასტიკი და არაპროგნოზირებადი ხდება. ო. შპენგლერის სიტყვებით თუ ვიტყვით: "თანამედროვე ადამიანი მოლიპულ გზაზე ხანგძლივად მიმავალ იმ მგზავრს დაემსგავსა, რომელიც სახლში დაბრუნებას ვერა და ვერ ახერხებს.“
დაუსრულებელი ეკონომიკური და ფინანსური კრიზისები, რომელიც ხელისუფლებისა და ხალხის სისხლიანი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს, ბევრი განვითარებული თუ სუსტად განვითარებული ქვეყნისთვის გადაულახავ ბარიერად იქცა. მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ წამყვანი ქვეყნების ახლანდელ ლიდერებს არ ძალუძთ მსოფლიოს გამოყვანა ამ სიტუაციიდან. ცნობილი ექსპერტებისა და საქმიანი ადამიანების, ფინანსისტების პროგნოზები არცთუ დამამშვიდებელია და მიანიშნებს, რომ გახშირებული კატაკლიზმები მსოფლიო ცივილიზაციის არსებობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
სურათს არ ვამუქებ, ეს რეალობაა. მსოფლიო საზოგადოებაზე და მათ შორის ევროპულ ერებზეც დეჰუმანიზაციამ თავისი გავლენა უკვე მოახდინა.
არადა, სახლში აუცილებლად უნდა დავბრუნდეთ, რაც საკუთარ წიაღში ყოფნას გულისხმობს. სწორედ ამიტომაც გვაფრთხილებდა ჯერ კიდევ ილია: "ერის პირქვე დამხობა, გათახსირება, გაწყალება იქიდამ დაიწყება, როცა იგი თავის ისტორიას ივიწყებს, როცა მას ხსოვნა ეკარგება თავისის წარსულისა, თავისის ყოფილის ცხოვრებისა, დავიწყება ისტორიისა, თავისის წარსულისა და ყოფილის ცხოვრებისა აღმოფხვრა ხსოვნისაგან - მომასწავლებელია ერის სულით და ხორცით მოშლისა, დარღვევისა და მთლად წარწყმედისაცა. წარსული მკვიდრი საძირკველია აწყმოსი, როგორც აწყმო-მომავლისა“...
ამდენად, ის რისი დავიწყებაც არ შეიძლება და ყბადაღებული "მულტიკულტურიზმის“ თემამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, გახლავთ ის, რომ მთელი კაცობრიობის ისტორია ეს არის ბრძოლა ეროვნებათა ნაციონალური სახელმწიფოს გულისათვის და რომ ბრძოლა დღესაც არ დასრულებულა.
ამის საილუსტრაციოდ, თვალსაჩინოებისთვის ახლო წარსულიდან შეგვიძლია ავიღოთ ჩვენი უახლოესი მეზობლის ირანის მაგალითიც, სადაც შაჰმა და მისმა საგარეო თუ საშინაო მრჩეველებმა, ქვეყნის მოდერნიზაციის იდეით შეპყრობილებმა, ირანის წარსულის ისლამურ ტრადიციებს სათანადო მნიშვნელობა არ მიანიჭეს, მას შეეჯახნენ და შედეგად მიიღეს ის, რომ ამ პოლიტიკით აღშფოთებულმა ხელისუფლებაში მოსულმა ძალებმა, წარსულის გავლენის გაგრძელების დააჩქარებით ირანი შუა საუკუნეებში დააბრუნეს.
შეგვეძლო ცალკე გვესაუბრა ე.წ. "არაბულ გაზაფხულზე,“ ერაყზე, ავღანეთზე....
დღეს, ჩინელებს, რომ ჰკითხო რას მიიჩნევენ მათ მიერვე წარსულში დაშვებულ მთავარ შეცდომად, გიპასუხებენ: "ჩინეთის ისტორიული ფუძის წინააღმდეგ გამოსვლას,“ და რომ მომავალში ისინი ამ ფუძის გამოყენებით იმოქმედებენ.
ეს ყოველივე რა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა?
პირველ ყოვლისა, იმის, რომ ისტორიის მსვლელობას ძალა არ უნდა დავატანოთ და მისგან იმაზე მეტი არ მოვითხოვოთ, რისი მოცემაც შეუძლია.
ამის მკაფიო მაგალითს, ისევ წარსულიდან, ამჯერად ნაპოლეონთან დაკავშირებული ისტორია გვაძლევს. როგორც ცნობილია, 1812 წლის 2 სექტემბერს, ბოროდინოს ბრძოლის შემდეგ, ფრანგებმა რუსეთის დედაქალაქი, მოსკოვი დაიკავეს, სადაც მათი ყოფნა თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა. ამაოდ ელოდა ფრანგთა იმპერატორი კაპიტულაციის პირობებზე მოსალაპარაკებლად მასთან ალექსანდრე პირველის ემისრების მისვლას, მაგრამ ისინი არ ჩანდნენ და არც გამოჩენილან. ნაპოლეონს შეეძლო რუსეთის ურჩი ხელმწიფის დასჯა. რევოლუციის ხიშტით შემოსულ იმპერატორს საკმარისი იყო გამოეცხადებინა ბატონყმობისგან გლეხთა განთავისუფლება, რომ თავად რუსი გლეხობა წალეკავდა რომანოვების ტახტს. ასეთ რჩევას აძლევდნენ ნაპოლეონს მისი გარემოცვის წევრები, მაგრამ, თავად იმპერატორს რუსების თავშეუკავებელი გინების დროსაც კი აზრადაც არ მოსდიოდა მისი განხორციელება. და იცით რატომ? იმიტომ რომ მანამდე მას ჭკუის სასწავლებლი გაკვეთილი ესპანელებისაგან უკვე ჰქონდა მიღებული. იმ ხალხისგან, რომელთა სამშობლოც ოდესღაც უძლიერესი, ნაპოლეონის დროისთვის ევროპის უღატაკეს ქვეყანას რომ წარმოადგენდა.
ზოგიერთი გამოანგარიშებით, თუ კოლუმბის აღმოჩენამდე ევროპაში არსებობდა დაახლოებით 90 ტონა ოქროს მონეტა, 100 წლის შემდეგ მისი რაოდენობა 8-ჯერ გაიზარდა. მარტო მეკობრეების ხელში ამერიკიდან ესპანეთში გამოგზავნილი 100 ტონა ოქრო დარჩა. მიუხედავად ამისა, ოკეანის გაღმიდან ესპანეთი იყო პირველი, რომელსაც ყველაზე მეტი შეხვდა აქედან. ერთი შეხედვით, ამის გამო იგი უნდა გადაქცეულიყო ევროპის ყველაზე უფრო აყვავებულ ქვეყნად, მაგრამ მოხდა პირიქით. იმის გამო, რომ ოქროთი კი არ ამზადებ ნაწარმს, არამედ ყიდულობ. ათწლეულობის განმავლობაში ქვეყანაში შემოზიდული მთელი ოქროს მარაგი იხარჯებოდა საფრანგეთში, ინგლისში, გერმანიაში დამზადებულ ნაწარმთა შესყიდვაზე. თვითონ კი არაფერს აწარმოებდა. და ერთ დღეს, როდესაც ეს მარაგიც გამოილია, აღმოჩნდა, რომ სამრეწველო ქვეყნებისგან განსხვავებით, რომლებმაც მათ საქონელზე დიდი მოთხოვნილების გამო განავითარეს მრეწველობა, ესპანეთი ყველაზე უფრო ჩამორჩენილ ქვეყანას წარმოადგენდა.
და აი, დადგა XIX საუკუნე, გარემოებათა გამო ესპანეთს მიეცა შესაძლებლობა რადიკალური რეფორმებით თავი დაეღწია საუკუნოვანი ჩამორჩენისათვის. მაგრამ, ნაპოლეონს, რომელმაც 1808 წელს დაიპყრო ესპანეთი და ამ ცვლილებების გატარება განიზრახა, მთელი ესპანეთი დაუპირისპირდა. მათ შორის გენიალური მხატვარი გოია, რომელზეც დიდი და მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა ფრანგების წინააღმდეგ დაწყებულმა აჯანყებებმა და მათ მიმართ განხორციელებულმა რეპრესიებმა. მხატვარმა ეს მოვლენები თავის ტილოებით უკვდავყო.
იმდროინდელი ევროპელი ისტორიკოსებისა და ჟამთააღმწერლების არცთუ მცირე ნაწილი ესპანელების ასეთ გააფრთებას, მათ შემართებასა და თავგანწირვას ამ ხალხის ჩამორჩენილობითა და რელიგიური ფანატიზმით ხსნიან. ესპანელი გლეხისათვის თავისი მღვდელი ყველაფერი იყო. დაბადებიდან სიკვდილამდე იგი მის შავ ანაფორას შესცქეროდა და მასზე ამოსდიოდა მზე და მთვარე. ამიტომ მის მოწოდებას ქვეყნის დასაცავად ესპანელები უყოყმანოდ გაჰყვნენ.
ნაპოლეონმა მადრიდში შესვლისთანავე გამოსცა მთელი სერია სოციალური ხასიათის დეკრეტებისა, რომელთაც კონსტიტუციის ამოქმედებისთანავე ერთი ხელის დაკვრით შეეძლოთ შეეცვალათ ესპანეთის პატრიარქალური ყოფა და იგი მე-19 საუკუნის ცივილიზებულ ევროპაში გადმოეყვანა. ესპანეთში უქმდებოდა ფეოდალური უფლებები, ( "დესეტინა“, უთანასწორობა, ფეოდალური ბეგარა და ა.შ.), უქმდებოდა პრივილეგიები და ფეოდალური კანონდებლობით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები. იკრძალებოდა ინკვიზიცია - ესპანელების ეს საუკუნოვანი ჭირი. იხურებოდა მონასტერი, ორი მესამედი და მათი ქონება სახელმწიფო სარგებლობაში გადადიოდა, უქმდებოდა პროვინციათაშორისი საბაჟოები, რომელიც ასე უშლიდნენ ხელს ვაჭრობისა და მრეწველობის განვითარებას. მაგრამ, ყოველივე ამის სანაცვლოდ ესპანელებს მათ ქვეყანაზე ფრანგების ბატონობა უნდა ეღიარებინათ.
და როგორც მოსალოდნელი იყო, ეს ყველაფერი ასე არ მოხდა, იმიტომ, რომ ესპანელებს არ უნდოდათ უცხო ძალის მიერ შემოტანილი ყოფის უცხო წესები და ესპანეთი არ იყო მზად ასეთი ნახტომისებური გარდაქმნისათვის. ამიტომ, ტყუილად მოსდიოდა გული ნაპოლეონს ესპანელებზე. ისინი ისე ცხოვრობდნენ, როგორც იცოდნენ და როგორც შეეძლოთ და ახალი ცხოვრების დაწყებას, ისიც - უცხოელთა კარნახით, არ აპირებდნენ.
თუ ქვეყანაში შემოზიდულმა ოქროს მარაგმა, უმდიდრესი ესპანეთი თანდათან უღარიბეს ქვეყნად აქცია, ჩამორჩენილობამ და რელიგიურმა ფანატიზმმა კი ესპანელები უფრო თავგანწირულნი გახადა, რამაც იხსნა მათი ქვეყანა ფრანგთა ბატონობისაგან.
რადგან პირველ წესზე ვისაუბრეთ, ახლა ვნახოთ რას მოითხოვს ჩვენგან მეორე წესი: ერთმანეთისგან განსხვავებული კულტურების პატივისცემას. რომ ყველა ერი მისთვის დამახასიათებელ გარემოში ბინადრობს, სოციალური იქნება ეს, თუ ინტელექტუალური და იგი მას ისევე საკრალურად აღიქვამს, როგორც ჩვენ ჩვენსას. თანამედროვე მსოფლიოში, მიმდინარე პროცესების შეფასებაში ერთ-ერთ უდიდესი შეცდომა, რაც ხშირად სხვადასხვა ცივილიზაციათა შორის უთანხმოებისა და დაპირისპირების მიზეზი ხდება, გაფიქრებაა იმისა, რომ "ადამიანები ყველგან ერთნაირია.“ აქედან მომდინარეობის მათდამი საზოგადოდ მიღებული საერთო მიდგომები და დამოკიდებულებანი, შეთავაზებული ერთნაირი სქემებითა და "ინტელექტუალური მოდელებით.“ სინამდვილეში სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლები ერთმანეთისგან განსხვავდებიან ფასეულობათა პრიორიტეტებით, რელიგიური მრწამსით, სამართლებრივი ნორმებისადმი დამოკიდებულებით, გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდებით, დროის შეფასებით, სივრცითი აღქმის უნარით, მიმიკით, ჟესტებით, ქცევის მანერებით და ა.შ. და ა.შ.
შპენგლერის სიტყვებით, რომ ვთქვათ ყოველ კულტურას თავისი მათემატიკა და გეომეტრია, თავისი ფიზიკა და ასტრონომია გააჩნია. ის, რაც ერთ კულტურაში დროისა და სივრცის თეორიაა, მეორეში უაზრობაა.
"მსოფლიოს კულტურათა ძირეული ნიშან-თვისებები ხომ მათი წარსულიდან მოდის. ამ მხრივ მნიშვნელოვან როლს ოთხი ფაქტორი ასრულებს: ქვეყნის ბუნებრივ-კლიმატური პირობები, ისტორია, რელიგია და კომუნიკაციური ურთიერთობის ერთ-ერთი აქტიური ფორმა – ენა, მეტყველება. პირველი, ადამიანის გარეგნულ იერსახეს აყალიბებს, მეორე – ეთნიკურ ფსიქოლოგიას, ხოლო მესამე და მეოთხე – გონებრივ წყობას, სამყაროს თავისებურ ხედვას, თვალსაწიერს. მათი გაერთიანებით კონკრეტული კულტურის ცხოვრებისა და ურთიერთობის ნორმები, ადათ-წესები და სტრუქტურა იქმნება.
ვითვალისწინებთ კი ამ ყოველივეს? რა თქმა უნდა არა. იქნებ, მისი იგნორირებით ნებით თუ უნებლიედ თავადაც ხელს ვუწყობთ სხვადასხვა ცივილიზაციათა შორის უთანხმოებისა და დაპირისპირების გაღვივებას?
ამიტომაც არის, რომ ჩვენ კვლავაც დამოკიდებულნი ვრჩებით ისტორიაზე. მხოლოდ წარსულში უკან დაბრუნებით არის შესაძლებელი უკეთ გავიგოთ საკუთარი თავი.
ცხადია, რომ მულტიკულტურულობას გარკვეული გავლენა ჰქონდა ისტორიის პოლიტიზირებაზე. მართალია, მულტიკულტურიზმის იდეოლოგიამ, რომელიც ხელს უშლიდა ტრადიციული ისტორიის აღდგენას, კრახი განიცადა, რის შედეგადაც არა მარტო სახლებში დავბრუნდით, დავიბრუნეთ ნაციონალური ისტორიები, რომლთა გადმოცემაც პატრიოტული ყიჟინის გარეშე წარმოუდგენელია. თუმცა, სწორედ ეს ყიჟინაა, რომელიც შემდგომ არანაკლებ თავსატეხს ბადებს.
გავიხსენოთ, ჯერ კიდევ ომის შემდგომ ფაშიზმისგან "ნაიარევმა“ ევროპამ "თანდაყოლილ გერმანულ ცოდვაზე“ რომ დაიწყო მსჯელობა. ამას მოჰყვა გერმანელი ფილოსოფოსის - იასპერსის, შესაძლოა, პარადოქსული, მაგრამ, მაინც საკმაოდ გესლნარევი "ხუმრობა“, ღმერთმა გერმანელები მაშინ გაგვაჩინა, როცა გაბრაზებული იყოო.“
ჰანს ფრანკიც უმატებდა: "ბარბაროსობა უაღრესად გერმანულ-რასობრივი ხასიათია".
განსხვავებული აზრის იყო კ. გამსახურდია. იგი ამბობდა: "გერმანელობა ცოცხალი, მისტიური მოდგმაა ევროპული ცივილიზაციის შუადღეში, ალიგიერი, დანტე გერმანელ კეისარს უხმობდა მსოფლიოს მოსარჯულებლად. ამიტომაც გერმანული მესიანიზმი არა-გერმანელ დანტესგან იწყება.“
ნიშანდობლივია ნიურნბერგის პროცესზე ფრანგი ბრალმდებლის მენტონის განცხადებაც: "მაშასადამე, თანამედროვე გერმანიის ნაციონალ-სოციალიზმი შემთხვევითი მოვლენა არ არის. იგი არც 1918 წლის დამარცხების შედეგია და არც ძალაუფლების ხელში ჩაგდების მოსურნე ადამიანთა ჯგუფის ჩვეულებრივი გამონაგონი. ნაციონალ-სოციალიზმი ხანგძლივი იდეური ევოლუციის დაგვირგვინებაა და გერმანული სულის ყველაზე ბნელი და ღრმა მხარეების გამოყენება. ჰიტლერისა და მისი თანამებრძოლების დანაშაული ის არის, რომ სწორედ მათ გააღვიძეს და გამოიყენეს ფარული ბარბაროსული ძალები, რაც ნაციონალ-სოციალისტების გამოჩენამდეც არსებობდა გერმანელ ხალხში.“
ზოგს ჰგონია, იდეოლოგია, რასაც ნაციონალ-სოციალიზმი ეწოდა, ჰიტლერთან ერთად დაიბადა და მასთან ერთადვე მოკვდა. არა, დიდი ხანია, რაც ის ლოკოკინა ისტორიის შარაგზაზე მობობღავს. ჰიტლერი მხოლოდ ნიჟარა იყო მისი. მართალია, ის ნიჟარა დამსხვრეულ იქნა, მაგრამ ლოკოკინა მაინც განაგრძობს თავის გზას.
აკი წერდა კიდეც როზენბერგი: "ყოველი ეპოქის მთავარი მიზანი მითის შექმნაა. მითის შესაქმელად კი საჭიროა დიდი ამბები და დიდი ადამიანები, რომელიც ფორმას მისცემს ეპოქის სულისკვეთებას. რენანის წერს, ისეთი დიდი ქმნილება არ არსებობს, რომელსაც მითოსი არ ედოს საფუძვლადო. იგია ისტორიის მამოძრავებელი ძალა. ყოველი ეპოქა ქმნის ან ვერ ქმნის მითს. იქ, სადაც მითი არ იქმნება, არც დიდი ძვრები ხდება.“
მითი კი, როგორც საკაცობრიო გამოცდილება გვიჩვენებს უფრო ძლიერია, ვიდრე ყოველივე ფაქტოლოგია.
ფაქტია, რომ ყოველ ერს, მათ შორის ჩვენც, თავის თავზე განსაკუთრებული წარმოდგენა გვაქვს. მრავალი ამას ალბათ, ბუნებრივად მიიჩნევს, მაგრამ, როცა ეს უბრალო ამბის თხრობად აღარ აღიქმება, უკვე სხვა ხასიათს იძენს. ამ მასალისგან იქმნება მითები. არადა, დღევანდელი მსოფლიო სავსეა ამგვარი შეხედულებებით. აი, რამდენიმე მაგალითიც:
საკუთარ თავს ესპანელები ყველაზე გაბედულებად თვლიან (კორიდას სინდრომი), ფრანგები - ყველაზე ინტელექტუალებად მიიჩნევენ, ხოლო იაპონელები დარწმუნებულები არიან, რომ ყველაზე უკეთესები არიან.
მსოფლიოში თვით ყველაზე ფლეგმატურ შვედებსაც კი დღესაც ნორმალურად მიაჩნიათ ის ამბავი, რომ კარტოგრაფიის ერთ-ერთმა პიონერმა, ფლამანდიელმა გერარდ მერკატორმა (1512-1594) თავის რუკაზე შვედეთი აფრიკის ოდენად გამოსახა. შვედების ნაციონალური თვითშეგნება მაღალია. შვედების ნაციონალური ჰიმნის ერთ სტრიქონში ნათქვამია: "ცოცხლობს ჩვენს მახსოვრობაში წარსულის დიდება.“ "დიდი ერა“, როცა მათ თითქმის მთელი ჩრდილო ევროპა ექვემდებარებოდა მახსოვრობაში მტკიცედ აქვთ. თქვენ უნდა ნახოთ, როგორი სიამაყით ასწავლიან ბავშვებს სკოლაში ყაჩაღ და მოძალადე ვიკინგებს.
თუ ჩვენ გვაქვს ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, შვედ ისტორიკოსებში დღესაც შეხვდებით ისლანდიურ საგებიდან და პლატონიდან ამოკრეფილ ციტატებს, რომ შვეცია ეს "ღმერთების კუნძულია“ ე.ი. ოკეანის ფსკერიდან ამოსული ატლანტიდა.
ფაქტია, რომ ყოველი ხალხი თავისი იდეალებით ქმნის ისტორიულ სურათს და თავის სულიერ საზრდოდ იყენებს. სწორედ ამ ოცნებაშეპყრობილ ხალხთა კოშმარებისგან იწერება და იქმნება "ახალ-ახალი ისტორიები.“
ამიტომაც, ნუ დაგვავიწყდება ეს ყოველივე, რადგანაც დღეს, თავად დროის მოთხოვნა პლანეტაზე მცხოვრები ერებისადმი: დახვეწონ თვითმყოფადობის შენარჩუნების ფორმები, დაიცვან ნაციონალური პრიორიტეტები, წარმოაჩინონ ეროვნული ღირებულებები, რა თქმა უნდა, არანაკლებ რისკებს ბადებს. ყოველივე ეს სამომავლოდ რას გვიქადის, ძნელი სათქმელია. სოლჟენიცინის მიერ დასმული კითხვა: "სად არის პატრიოტიზმის საზღვარი?“ სად შეიძლება გაავლო ზღვარი ოცნებაშეპყრობილ აგრესიულ ნაციონალიზმსა და პატრიოტიზმს შორის, ინტელექტუალების მიერ ჯერაც პასუხგაუცემელია. ისევე, როგორც პასუხგაუცემელია მრავალი სხვა კითხვაც.
როდესაც, ფრანგმა ასტრონომმა ლევერიემ 1846 წელს პარიზში მათემატიკურად გამოიანგარიშა, რომ ჩვენი მზის სისტემაში ურანის შემდეგ უცნობი პლანეტა უნდა ყოფილიყო, ხოლო გერმანელმა ასტრონომმა გალლემ თავისი ტელესკოპით ბერლინში სწორედ ნაჩვენებ ადგილას ნეპტუნი აღმოაჩინა, ამით დამტკიცდა, რომ სამყაროს საფუძვლად, მათემატიკური ანგარიში და, მაშასადამე, გონება უძევს.
ახლა ვნახოთ სურათები, აგებული ისტორიის გაკვეთილებზე, რა დასკვნის გაკეთების საფუძველს გვაძლევს ჩვენი წარსული და აწყმო და აქედან გამომდინარე, რამდენად შეიძლება მომავლის ოპტიმისტური ხედვა გვქონდეს?
ამ კითხვაზე პასუხის გაცემას შვეიცარიელ მეცნიერთა ჯგუფი შეეცადა. მათი გამოთვლით, არსებობის 5200 წლის მანძილზე კაცობრიობამ გადაიტანა 14513 ომი, რომელმაც 3 მილიარდ 640 მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ომების სამზადისთან და წარმოებასთან დაკავშირებულმა ხარჯებმა შეადგინა 2150 ტრილიონ შვეიცარიული ფრანკი. ამ თანხით შესაძლებელი იქნებოდა 161 კილომეტრი სიგანის და 10 მეტრი სისქის ოქროს გზის გაყვანა დედამიწის გარშემო ეკვატორზე. თუკი ადამიანის წარსული ამდენ უაზრობას შეიცავს, როგორ შეიძლება მომავალი მთლიანად უკონფლიქტო დავსახოთ? გამოანგარიშებით, იმავე 5200 წლიდან მხოლოდ 292 წელი ყოფილა მშვიდობიანი.
ფაქტია, რომ მომავალი წარსულისა და აწყმოს გაგრძელებაა და რამდენადაც არ უნდა სჯობდეს იგი მას, მთლიანად ვერ განთავისუფლდება მემკვიდრეობისაგან.
ჩვენ ვხედავთ, რომ ისტორიის უფსკრული საკმაოდ ტევადია ყველაფრისთვის, რაც კიდევ უფრო გვაბნევს.
რატომ არ უძევს ასეთივე გონება საუძვლად კაცობრიობის ისტორიას და რატომაა ის ასეთი სასტიკი?
თუ ყველაფერს შორიდან შევხედავთ, ბოლოს და ბოლოს ყოველი ცალკეული სიგიჟე შესაძლოა გონებას ემსახურებოდეს, რომელიც დროს აწესრიგებს და წინ მიჰყავს იგი.
ჯერ კიდევ ჰერაკლიტემ თქვა: "ომია ყველა დიდი საქმის შემოქმედი. ყველაფერი მნიშვნელოვანი ცხოვრებაში მიღწეულია გამარჯვებით ან დამარცხებით.“
შემდეგშიც იმეორებდნენ ამ სიტყვებს. ამბობდნენ, რომ "ომი ჩაქსოვილია თვით საგანთა ბუნებაში.“
"ახალგაზრდობა ისე იწრთობა ომში, როგორც რკინა ცეცხლში“. - არწმუნებდა ჰიტლერი თავის ერს. მისივე სიტყვებია: "კაცობრიობის ისტორია მხოლოდ ომების ისტორიაა, გმირული სული ომში იწრთობა... ისტორია მახვილით იწერება და არა საწერ-კალმით.“
პირველად შუა საუკუნეების მქადაგებლებმა სცადეს დაემორჩილებინათ ომი სამართლებრივი პრინციპებისათვის, მანამ კი იგი ისეთივე ბუნებრივ მოვლენად მიაჩნდათ, როგორც ავადმყოფობა, ავდარი, ან, თუნდაც, ღვთის ნების გამჟღავნება. თომა აქვინელმა პირველმა გაილაშქრა ამის წინააღმდეგ იმით, რომ ქრისტიანული თვალსაზრისით განასხვავა ერთმანეთისაგან სამართლიანი და უსამართლო ომები. შემდეგ ეს პრინციპი დაირღვა. გავიდა დრო და ჰუგო გროციმ სცადა ამ პრინციპის აღდგენა, მაგრამ ამაოდ. იგი სულ ჩაკვდა XVIII საუკუნეში. იქიდან მოყოლებული დღემდე, ომები და მათი შეფასება განხილვისა და განსჯის საგანი პერიოდულად არაერთხელ გამხდარა, თუმცა მტყუან-მართლის გარჩევა, ვერც საერთაშორისო სამართლებრივი კანონებითა და ვერც მორალურ-ზნეობრივი კოდექსით მაინც ვერ დადგინდა.
ცხოვრება მუდმივი ბრძოლაა, იქნებ სწორედ მის სისასტიკის გამოვლინებაშია გონების არსი?
მანამდე კი, სანამ პასუხს ველოდებით, ჩვენი გადასაწყვეტია, თუ რას ვირჩევთ.
თუ "ჩვენ გვჭირდება ისტორია,“ ეს ნიშნავს მომავალშიც "ნაციონალური ინტერესების“ კარნახით კარგად ნაცნობ ომებისა და ურთიერთმტრობის განგრძობასაც, რაც, როგორც ჩანს კაცობრიობის ხვედრია, ან ისტორიის უარყოფით საქმე გვექნება ქაოსთან, რომელსაც ნიჰილიზმის მორევამდე მივყავართ.
ერთი რამ კი, ცხადია, სანამ არ ვისწავლით იმ თავისებურის, ორიგინალურის და განუმეორებლის დაფასებას, რომელიც პიროვნებას პიროვნებად, ხოლო ეროვნებას ეროვნებად ხდის, ვერასოდეს გავცილდებით ერთფეროვანი მსოფლიოს მოქალაქეობის იდეალს. და მისკენ მისწრაფებას. დიდია და პროგრესის მამოძრავებელი, უწინარეს ყოვლისა, ის რასაც ინდივიდუალობა და ეროვნება ჰქმნის და თავისუფალ კონკურენციაში სხვებთან ერთად კაცობრიობის ცხოვრებას მრავალფეროვანს და საინტერესოს ხდის. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ოქრო ძვირფასი ლითონია იმიტომ, რომ ჟანგბადთან ურთიერთ ქმედებაში არ შედის. ის ინარჩუნებს თვისებებს და ამიტომ მას კეთილშობილ ლითონს უწოდებენ. რკინა კი ადვილად შედის ურთიერთქმედებაში, ის იჟანგება და თავდაპირველ თვისებებს კარგავს, განსხვავებით ოქროსგან.
ხოლო იმისათვის, რომ ოქრო რკინისგან განვასხვავოთ, მათი თვისებები კარგად უნდა ვიცოდეთ. ამ მხრივ, მრავალი ქვეყნის მაგალითი არაერთ თვალსაჩინო ნიმუშს გვთავაზობს.
ავიღოთ თუნდაც სხვადასხვა ქვეყნებში საკანონმდებლო ორგანოს აღმნიშვნელი სახელწოდებებისადმი მათივე დამოკიდებულება.
დავიწყოთ ისლანდიით და ისლანდიელებით. როგორც ცნობილია, თვით ისლანდიელების უმრავლესობას, რომელთაც გვარი არა აქვთ, მათ მხოლოდ სახელებით განასხვავებენ, გვარის ფუნქციას კი მამის სახელი ასრულებს. მათ არ ავიწყდებათ საკუთარ საკანონმდებლო ორგანოს ალტინგი უწოდონ, ნაცვლად ფრანგული სიტყვა პარლამენტისა, ამით ისინი შეახსენებენ სხვებს, რომ მათი პარლამენტი ერთ-ერთი უძველესია, რომელიც ჯერ კიდევ 930 წლიდან იღებს სათავეს.
ნუთუ შემთხვევითია, რომ გერმანიაში ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს სახელწოდებაა "ბუნდესტაგი,“ ესპანეთში - "გენერალური კორტესები,“ რუსეთში - "დუმა,“ უკრაინაში - "რადა,“ ნორვეგიაში - "ალტინგი,“ პოლონეთში - "სეიმი,“ აზერბაიჯანში - "მილი მეჯლისი,“ თურქეთში - "მეჯლისი,“ ნიდერლანდებში - "გენერალური შტატები,“ შვეციაში - "რიქსდაგი,“ ისრაელში - "ქნესეთი“ და ა.შ. რა თქმა უნდა, არა. ეს ეროვნულობის იდენტიფიკაციის ერთგვარი ფორმაა.
თუ ეს ასეა, მაშინ რა დააშავა მსოფლიოში ყველაზე უძველესმა ქართულმა საკანონმდებლო ორგანომ, რომელსაც ვერ შევუნარჩუნეთ მისი თავდაპირველი ის სახელწოდება, რომელშიც ჯერ კიდევ 1184-86 წლებში ყუთლუ-არსლანის მხარდამჭერი კონსტიტუციონალისტები მოღვაწეობდნენ, ეს გახლავთ "დარბაზი.“
საქართველოს ისტორია რომ მარტო მეფეთა ცხოვრება არაა და არც მხოლოდ იმ გმირების, რომელთა სახელებსაც იცნობს ერი, ეს ისტორიული ფაქტიც უთუოდ ამის შეხსენებაა.
ვფიქრობ, უადგილო, არც ეს შეხსენება იქნებოდა. ლაპარაკია მშობლიური ენის დასაცავად თუ როგორ ზრუნავენ და კონკრეტულად რას აკეთებენ საამისოდ ჩვენი უცხოელი მეგობრები.
მაგალითისთვის, გავეცნოთ კანონებს, რომელიც მოქმედებს კანადაში, კერძოდ კვებეკში. საინტერესოა, რომ იქ მაღაზიის აბრაზე წარწერა აუცილებლად ფრანგულ ენაზე უნდა იყოს, ხოლო თუ ინგლისურადაც გინდა დააწერო, ასოები ორჯერ უფრო პატარა ზომისა უნდა გამოიყვანო. რადიოში გაჟღერებული სიმღერებიდან კი სავალდებულოა, ყოველი მე-5 შემსრულებელი კანადის მოქალაქე იყოს.
ასეთ დროს, ბუნებრივია, რომ გიჩნდება კითხვა: ჩვენ რა გვჭირს, რატომ გვაქვს მუდმივად ასეთი დაუოკებელი სურვილი - ვიყოთ რომის პაპზე, უფრო მეტი კათოლიკე.
ეს მაშინ, როცა ქვეყანაში მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეს შეგნებული უნდა გვქონდეს, რომ საქართველო რაღაც უფრო სხვაა, უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ქვეყანა...
და რომ, სახელმწიფოს ბრძოლის უნარი, გაუტეხელი ნებისყოფა და გამძლეობა თავდაცვისათვის მხოლოდ იარაღით არ იჭედება, არამედ ზნეობრივ-მორალური და კულტურულ-ისტორიული შინაარსითა და ხარისხით.
ამდენად, თუ გვსურს საქართველო "თავისუფალ სამყაროში" ვიხილოთ, მაშინ, როგორც პიროვნულ ისე ეროვნულ თავისუფლების ხარისხზეც უნდა ვიფიქროთ.
საქართველომ გზაჯვარედინზე ცხოვრების მიუხედავად შექმნა ათას ქარტეხილ გამოვლილი, მრავალსაუკუნოვანი და დამოუკიდებელი ქართული ცივილიზაცია, რომელიც როგორც არ უნდა დაუჯერებლად ჩანდეს, უკანასკნელმა ორმა ათეულმა წელმა, მისი შენარჩუნება ყოფნა არყოფნის ზღვარზე მიიყვანა. შესაბამისად დრომ და ისტორიამ ქართული საზოგადოებაც დიდი არჩევანის წინაშე დააყენა. ამ მხრივ, სწორედ ჩვენი დამოკიდებულება პრობლემისადმი გახდა არანაკლებ დასაფიქრებელიც.
ამიტომ, რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ნებით თუ უნებლიედ, თავადვე არ ვიქცეთ ჩვენივე ცივილიზაციის მესაფლავეებად, რათა ქართული ცივილიზაციის, ქართული თვითმყოფადობის შენარჩუნება არა ცალკეულ ადამიანთა, არამედ ქართველი ერის უმეტეს შვილთა უმთავრეს საზრუნავად იქცეს?
ფაქტია, რომ ეროვნული ორიენტირების ჩამოყალიბება ურთულესი საკითხია. მას ვერც მარტო მწერლები და ხელოვნების წარმომადგენლები გადაწყვეტენ, ვერც მეცნიერები და პოლიტიკოსები, ვერც ცალკე აღებული პოლიტიკური პარტიები. საჭიროა საამისოდ სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, საჭიროა გაირკვეს თუ ტრადიციულად რა ფასეულობებზე დგას ჩვენი ქვეყანა და რისი დაცვა გვევალება.
იქნებ დადგა დრო, და დავსვათ კითხვა, რათა გამოვთქვათ აზრი - რა ხდის ქართველს ქართველად? ეს საკითხი, რა თქმა უნდა, მყისიერად ვერ გადაიჭრება, ისიც ცხადია, რომ ამ კითხვაზე ცალ-ცალკე პასუხს ვერ გაგვცემს ვერც ლიტერატურა, თეატრი, ბალეტი, კონოხელოვნება, ქართული სიმღერა თუ მუსიკა, მხატვრობა თუ ფერწერა და ა.შ. აქ უნდა წარმოჩინდეს ქართული კულტურა კომპლექსურად, სხვა კულტურებთან მიმართებაში, როგორც საზოგადოებრივი მექანიზმის სისტემა, კულტურა, რომელიც ქმნის ღირებულებებს და აყალიბებს ერის სახეს.
ეს კი საზოგადოების წინაშე სამსჯავროდ გამოსატანი თემებია.
ვისურვებდი, ჩვენმა საზოგადოებამ, ისევე როგორც ეს თავის დროზე გააკეთა ებრაელმა ხალხმა, ამ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხებზე დროულად დაიწყოს მსჯელობა და გამოთქვას აზრი!