შალვა პაპუაშვილი „ლელოზე“: ზრდასრული ადამიანები საკუთარ ხელმოწერას ქარაფშუტულად ეპყრობიან - შეთანხმებას ხელი მოაწერეს და მეორე დღესვე ხან ერთი, ხან მეორე პოზიციის გაჟღერება დაიწყეს

შალვა პაპუაშვილი „ლელოზე“: ზრდასრული ადამიანები საკუთარ ხელმოწერას ქარაფშუტულად ეპყრობიან - შეთანხმებას ხელი მოაწერეს და მეორე დღესვე ხან ერთი, ხან მეორე პოზიციის გაჟღერება დაიწყეს

ზრდასრული ადამიანები საკუთარ ხელმოწერას ქარაფშუტულად ეპყრობიან - შეთანხმებას ხელი მოაწერეს და მეორე დღესვე ხან ერთი, ხან მეორე პოზიციის გაჟღერება დაიწყეს, რაც არასერიოზულია, - აღნიშნული შეფასება "ქართული ოცნების" დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა პარტია "ლელოს" მისამართით გააკეთა.

მისივე თქმით, შარლ მიშელის ეგიდით გაფორმებული ხელშეკრულება იმ სულისკვეთებით უნდა შესრულდეს, როგორც მას მოეწერა ხელი.

"ლელომ" მთელ არ პროცესში დაგვანახა თავი როგორც ყველაზე არასერიოზულმა ძალამ. ეს კვლევებითაც გამოჩნდა, როცა მათი 3% ჩამოვიდა 1%-მდე. განსაკუთრებით ეს გასაკვირია საბანკო ბიზნესიდან წამოსული ხალხისგან. ასეთი უდიერი მოპყრობა საკუთარი სიტყვისა და ხელმოწერის მიმართ არ იყო მოსალოდნელი", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ამნისტიის მიზანი არ არის ნიკა მელიას ციხიდან გამოშვება.

„ამნისტიის მიზანი და სულისკვეთებაა, რომ პოლარიზაციას, რომლის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება 20 ივნისთან დაკავშირებით საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებში არსებული სხვადასხვა წარმოდგენა იყოს, საფუძველი გამოეცალოს და უახლოესი წარსულის ეს გვერდი გადავფურცლოთ. “ნაციონალური მოძრაობის”, “ევროპული საქართველოს” და ნიკა მელიას გადაწყვეტილება რომ გირაო არ მიიღონ, ერთ რამეს ადასტურებს - კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, თუ რა იყო მიზეზი, რომ მან მოიხსნა სამაჯური და არ გადაიხადა გირაო. ეს ყველაფერი მიმართული იყო იმისკენ, რომ ინსტრუმენტი შეექმნათ, რომელსაც საქართველოში მღელვარების ასაგორებლად გამოიყენებდნენ. ნიკა მელიასგან ხატის შექმნის მცდელობა იყო - თითქოს ის იყო წამებული გმირი და მღევარებისთვის საფუძველი უნდა ყოფილიყო. ვნახეთ, რომ მისგან სახატეც კი ვერ შექმნეს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.