ეკატერინე ტიკარაძე: საუბარი იმაზე, რომ გარკვეული შეზღუდვები გაუქმდეს - სიმართლეს არ შეესაბამება

ეკატერინე ტიკარაძე: საუბარი იმაზე, რომ გარკვეული შეზღუდვები გაუქმდეს - სიმართლეს არ შეესაბამება

ახლა მიმდინარეობს მსჯელობა, რა დამატებითი ღონისძიებები შეიძლება გატარდეს, რათა უკეთ მოხდეს ეპიდსიტუაციის მართვა, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე საუბარი იმაზე, რომ გარკვეული შეზღუდვები გაუქმდეს, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

„ჩვენ ვიმყოფებით ახლა ისეთ სტადიაზე, როდესაც ველოდებით პიკურ მაჩვენებელს მესამე ტალღისას. რა თქმა უნდა, ჩვენთან მიმდინარეობს მსჯელობა, რა დამატებითი ღონისძიებები შეიძლება გატარდეს, რათა ჩვენ ეპიდსიტუაცია უკეთესად ვმართოთ ლოკალურ დონეზე და ამასთან დაკავშირებით მსჯელობა იქნება ორშაბათს უწყებათაშორის საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერის დაქვემდებარებაშია“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 301 535 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 284 286, გარდაიცვალა 3 992 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. ევროპის წამლის სააგენტოს ინფორმაციით, AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტური არჩევანია.